ზელენსკის თქმით, მას სწამს, რომ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება

2 days ago 5

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება და „პუტინის აგრესიისთვის ბოლოს მოღება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში.

„პირველი შეუძლებელია მეორის გარეშე, რადგან ეს არ არის ქუჩის დაპირისპირება, სადაც თქვენ უნდა დააშოშმინოთ ორი მხარე“, - თქვა ზელენსკიმ. „ეს არის შეშლილი სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი აგრესია ცივილიზებულის წინააღმდეგ. და მე მწამს, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად გვაქვს ეს ძალა, რომ რუსეთს იძულებით დავითანხმოთ სამართლიან მშვიდობაზე“.

ამასთან, ზელენსკის თქმით, „ნამდვილად სამართლიანი სამყარო არ შეიძლება შეიქმნას პრინციპით ‘დავიწყოთ სუფთა ფურცლით’“. „რადგან ანგარიში არ არის 0:0, ანგარიში არის ათასობით, ათასობით უკრაინელი, რომელთა სიცოცხლეც მოიპარა რუსეთმა“, - თქვა პრეზიდენტმა უკრაინელი ხალხისადმი საახალწლო მიმართვაში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით იყო კონფლიქტის პირველივე წუთებიდან და იმედი გამოთქვა, რომ ის მის გვერდით იდგება „მშვიდობის პირველ წუთებშიც“.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა დეკემბერში NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „აქტიურად მუშაობს“ უკრაინაში ომის დასრულებაზე. ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი თანამდებობის დაკავების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს იმ მოცულობით, როგორც ჯო ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში. მანამდე ტრამპმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, დაუყონებლივ დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ ასობით ათასი ადამიანი დაკარგა კონფლიქტში. არჩევნებში გამარჯვების წინ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებს უკრაინაში ომს, როგორც მან თქვა, „24 საათში“ და იანვარში ინაუგურაციამდეც კი, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.

კიევშიც და მოსკოვშიც აღნიშნავენ, რომ ისინი მშვიდობის მომხრე არიან, მაგრამ დიამეტრულად საპირისპირო მოთხოვნებს აყენებენ. კიევი მზად არ არის, დათმოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები სამშვიდობო შეთანხმების გულისთვის, როგორც ამას მოსკოვი ითხოვს.

გუშინ ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა 2025 წლის პროგნოზებში გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს მნიშვნელოვან ზეწოლას შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის სანქციების გამკაცრებას. ავტორები აღიარებენ, რომ კიევი შესაძლოა დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

სრულად წაკითხვა