ზირკზე: "რთული პერიოდი ადამიანს აძლიერებს"

2 weeks ago 8

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, ჯოშუა ზირკზემ 17-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. "წითელი ეშმაკების" ახალწვეულმა გუშინ "იფსვიჩს" დუბლი შეუსრულა, რუბენ ამორიმის ხელში კი მანჩესტერელებმა პირველად მოიგეს. საბოლოო ანგარიში 4:0 გახლდათ, დანარჩენი ორი გოლი კი მარკუს რაშფორდის აქტივშია.

ცხადია, "ბოლონიადან" 42.5 მილიონ ფუნტად შეძენილი ფორვარდი პრესის დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. მატჩის შემდეგ ჯოშუამ საინტერესო განცხადებები გააკეთა.

"დიდებული დღეა. ჩვენი გულშემატკივრები ზუსტად ამას იმსახურებდნენ.

იყო რამდენიმე მომენტი, როცა საქმე შეიძლებოდა სხვაგვარად წასულიყო, მაგრამ გუნდი ძლიერად დადგა, 4:0 კი დიდებული შედეგია. რთული პერიოდი ადამიანებს აძლიერებს, ძლიერი ადამიანები კი ერთიანები არიან. სწორედ ეს ხდება ახლაც.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხანი რჩები უგოლოდ, მით უფრო გამაღიზიანებელია ეს ყოველივე. მიუხედავად ამისა, მე მყავს ბრწყინვალე თანაგუნდელები, რომლებიც ყოველთვის მამხნევებენ. ეს თვეები მათ გადამატანინეს და დღეს ძალიან ბედნიერები იყვნენ.

თავი კომფორტულად ვიგრძენი იმ როლში, რომელიც დღეს დამეკისრა. რა თქმა უნდა, თავდამსხმელისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. მოედანზე ყველა იმ განწყობით გამოვედით, რომ დღეს მოვიგებდით," - თქვა ზირკზემ.

ჯოშუას პრემიერ ლიგაში გოლი ბოლოს აგვისტოს თვეში ჰქონდა გატანილი. მაშინ მან "ფულემის" კარი აიღო. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 შეხვედრაში ზირკზეს მონაგარი 3 გოლი და 2 ასისტია.

აქვე გეტყვით, რომ "ემიუ" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. 5 დეკემბერს, თბილისის დროით 00:15 საათიდან "ეშმაკები" ლონდონის "არსენალს" ესტუმრებიან.

სრულად წაკითხვა