WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2025 წლის 4 ოქტობრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. მათგან ორი პოლიტიკოსია, აქციის ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრი: მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე. ორი კი - აქციის მონაწილე - ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია. ამის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოში, დრეს 13 ოქტომვბერს მიმდინარე სხდომაზე.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები და იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც საპროცესო შეტანმხებას აფორმებენ, ცალკე გამოყო. საპროცესო შეთანხმება ცალკე სხდომაზე გაფორმდება. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს ფორმალური ნაწილია.

ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ჟვანიასა და ჩხვირკიას კი 5-5 წლით.

  • მურთაზ ზოდელავა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი გენერალური პროკურორი;
  • ლაშა ბერიძე კი თადარიგის პოლკოვნიკია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილე.

საპროცესო შეთანხმების პირობაა - ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი პირობითი.

პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, მსჯავრდებულები ციხეს 2026 წლის 5 ნოემბერს დატოვებენ.

“მსჯავრდებულებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს, მოგვმართეს განცხადებით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და ბრალდების მხარემ დააკმაყოფილა მათი მომართვა”, - განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ვინ არ აპირებს საპროცესოს შეთანხმების მოთხოვნას

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე არ აპირებენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.

საოპერო მომღერალი, რომელიც, სხვებთან ერთად, უკვე ერთი წელია საპატიმროშია, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ ითხოვს და გისოსებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს.

მას არასდროს უარუყვია რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო.

საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ნადირაძესთან.

ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში პაატა მანჯგალაძე წერს, რომ “სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს”.

“რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ”, - ასეთია ირაკლი ნადირაძის პოზიცია.

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე მსჯავრდებულები არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში - 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა ან ბლოკირებაში, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; და ასევე, ბრალდებებს შორის არის “მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ” - 317-ე მუხლი. მისჯილი აქვთ 7-7 წელი.

  • პაატა მანჯგალაძე მსჯავრდებულია სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მანჯგალაძის ორგანიზატორობას საორგანიზაციო ჯგუფი უარყოფდა. მისჯილი აქვს 7 წელი.
  • ლაშა ბერიძე მსჯავრდებულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 7 წელი.
  • ირაკლი ჩხვირკია მსჯავრდებულია სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას - სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.
  • გური ჟვანიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.

პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.

საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დაკავებული.

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს.

ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.