ზოოპარკს გადაეცა ბოკვერი, რომელთან ერთადაც ლაშა ბექაური სეირნობდა

14 hours ago 2

თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ლომის ბოკვერი, რომელთან ერთადაც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა ბექაური თბილისის ქუჩებში მანქანით სეირნობდა, ზოოპარკს გადაეცა.

ზურაბ გურიელიძის თქმით, ბოკვერი 26 დეკემბერს დილით, ლაშა ბექაურმა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიიყვანა ზოოპარკში:

"ამ წუთასაც ჩემთან არის ბოკვერი. საიდან მოხვდა ის ლაშა ბექაურთან და რა გზით, ამ დეტალების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ამ საკითხზე მოკვლევა გარემოს ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა. მთავარია, რომ ბოკვერი ახლა ჩვენთანაა უსაფრთხოდ და მისთვის ვამზადებთ სპეციალურ ვოლიერს. მზად ნამდვილად არ ვიყავუთ ასეთი სიურპრიზისთვის".

ზურაბ გურიელიძის თქმით, ლომის ბოკვერი დაახლოებით 2-3 თვისაა და ჯერჯერობით რძით იკვებება:

"ჩვენც რძით გავაგრძელებთ კვებას ამ ეტაპზე და მალე გადავალთ ხორცის მიწოდებაზე".

როგორც ზოოპარკის დირექტორი გვეუბნება, რამდენიმე თვეში ის უკვე საფრთხის შემცველი გახდებოდა გარშემომყოფებისთვის:

"დაახლოებით ორ თვეში ამ ბოკვერს შეეძლო სერიოზული ზიანი მიაყენებინა ადამიანისთვის. შეიძლება ვერ მოკლას, მაგრამ დააზიანოს. 4 თვის შემდეგ უკვე მალევე ხდებიან სახიფათო ლომის ბოკვერები".

ზურაბ გურიელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა ბოკვერს ის სპეციალური დოკუმენტაცია, რომლითაც ხდება კატისებრთა ოჯახის ცხოველთა ტრანსპორტირება:

"ამ ცხოველთა ტრანსორტირებისას საჭიროა რომ მათ თან ახლდეს CITES (გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ) სერტიფიკატი. ამასთანავე, არაერთი ვეტერინარული სერტიფიკატი. ჩვენ ახლა ბოკვერი მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით გადმოგვეცა, სხვა საბუთების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს".

რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს და მათი პასუხები მასალაში მას შემდეგ აისახება, რაც მათგან ინფორმაციას მივიღებთ.

ცხოველთა სამყაროს შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ეგზოტიკური ცხოველების ყოლა შეიძლება:

  • თუ ადამიანს ამ ცხოველის შესანახად სათანადო პირობები აქვს
  • ცხოველი საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფთ
  • გარეული ცხოველი ქვეყანაში შემოყვანილია კანონის დაცვით

ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში, ზოოპარკის დირექტორთან და ბოკვერთან ერთად გადაღებული ფოტო 26 დეკემბერს დილით გამოაქვეყნა.

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.

ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს თან მთელი რიგი საბუთები არ ახლავს.

სრულად წაკითხვა