ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

2 days ago 6

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი ძვირფასი კოლეგა, ღვაწლმოსილი პედაგოგი, დიდი ქალბატონი დოდო კეიდია. უმძიმესია სიტყვებით გამოხატვა იმ დანაკლისისა, რომელიც ქალბატონი დოდოს წასვლამ დატოვა ჩვენს გულებში. მის სახელს უკავშირდება არა ერთი თაობის აღზრდა სიკეთის, სამართლიანობისა და ცოდნისკენ სწრაფვის სულისკვეთებით. ის იყო პედაგოგი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, პროფესიონალიზმითა და თავდადებით. მისი გაკვეთილები ყოველთვის გამოირჩეოდა სიღრმით, შინაარსიანობითა და მოსწავლეებზე ორიენტირებული მიდგომებით.

მისი დამსახურებაა არა ერთი მოსწავლის წარმატებული პროფესიული გზა. კოლეგებისთვის ის გახლდათ უანგარო მეგობარი, გულისხმიერი მრჩეველი და საიმედო თანამშრომელი. ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა ახალგაზრდა პედაგოგებს, გაეზიარებინა თავისი მდიდარი გამოცდილება და ცოდნა. მისი ყოველი სიტყვა, რჩევა და საქმე ატარებდა სითბოს, სიბრძნეს და კეთილშობილებას. ქალბატონი დოდო დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც საოცარი ადამიანური ღირსებებით შემკული პიროვნება, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდას.

მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის №2 საჯარო სკოლა უღრმეს მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი დოდოს გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

სრულად წაკითხვა