ზუგდიდის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო „ახალის“ წევრები პარტიას ტოვებენ

16 hours ago 2

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის შემდეგ ფრაქცია „ახალის“ წევრებმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს წევრობის სტატუსის შეწყვეტის თხოვნით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც პარტია ავრცელებს, ფრაქციის 10 წევრი აწერს ხელს.

ფრაქციის წევრების განცხადებით, ზუგდიდის მერიის წარდგენილ ბიუჯეტს პარტიის პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად დაუჭირეს მხარი, რაც “ახალისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ახალის” წევრებმა განხილვაში შესვლის გარეშე მხარი დავუჭირეთ მერიის წარმოდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს.

ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომას, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია „ახალის“ პოლიტიკურ საბჭომ განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია „ახალს“, – ნათქვამია ფრაქცია “ახალის” განცხადებაში.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფრაქციის პოზიცია ბიუჯეტის მხარდაჭერის შესახებ მანამდეც იყო ცნობილი.

განცხადება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტს, მის განხილვაში მონაწილეონის გარეშე დაუჭერდა მხარს, ფრაქცია “ახალმა” ჯერ კიდევ 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდიამ პარტიის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს განუმარტა, ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობას სერვისების მიწოდება არ შეუფერხდეს.

26 დეკემბერს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ზუგდიდის ბიუჯეტს, რომელიც 70,5 მლნ ლარია.

სხდომას ესწრებოდნენ “ქართული ოცნების”, “გახარია საქართველოსთვის” და “ახალის” წევრები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი დეპუტატი საკრებულოში არ გამოცხადებულა. ოპოზიციური პარტია ბოლო რამდენიმე თვეა, ბოიკოტის გამო არ ესწრება სხდომებს. პარტიამ მოგვიანებით გამართა ბრიფინგი, სადაც “ახალის” და “გახარია საქართველოსთვის” წევრები გააკრიტიკეს ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო.

“ბიუჯეტი, რომელიც არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს, ბიუჯეტი რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ხელფასები... უბრალოდ ბიუჯეტი არ გვაქვს მეგობრებო, ეს არის სახელფასო ფონდი, ამ ყველაფრის მიუხედავად დღეს ქოცებს დაუმტკიცეს ბიუჯეტი", - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ფიფიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთხმად მხარდაჭერის მიუხედავად, სხდომას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია ფრაქცია „ახლის“ წევრების პროტესტმა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომაზე პროევროპულ აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს წარწერით: „ვითხოვთ ახალ, სამართლიან არჩევნებს“, „გაათავისუფლეთ რეჟიმის პატიმრები“.

სრულად წაკითხვა