ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე კიდევ ერთი აქტივისტი, მასწავლებელი მანანა მიქავა დააკავეს

3 hours ago 1

ზუგდიდში, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი აქტივისტი, მასწავლებელი მანანა მიქავა დააკავეს. მან პოლიციის სამმართველოსთან ფოიერვერკი გაისროლა.

მანანა მიქავამ ასე გააპროტესტა პარტია “დროას” წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას და სამოქალაქო აქტივისტ კერენ ესებუას დაკავება. სიჭინავა და ესებუა პოლიციის სამმართველოდან წინასწარი დაკავების იზოლატორებში რამდენიმე წუთის წინ გადაიყვანეს.

მარიამ სიჭინავას ფოთის, კერენ ესებუას კი სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოათავსებენ.

დემონსტრანტები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან

დემონსტრანტები ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან

მანამდე, ისინი საიას იურისტმა კესო ჩახაიამ მოინახულა. მისი ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დააკავეს 173-ე მუხლის პირველ ნაწილით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.

დღეს პროევროპულმა აქციამ ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა სცადეს გზა გადაეკეტათ პოლიციის მანქანისთვის , რომელმაც სამმართველოდან დაკავებულები სიჭინავა და ესებუა გამოიყვანა.

ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, პოლიციამ გზა გაათავისუფლა.

აქცია სამმართველოსთან ამ წუთებშიც გრძელდება.

სრულად წაკითხვა