ზურა ჯაფარიძე: საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას, მანამდე ოჯახთან ერთად მინდა ვიყო

2 hours ago 2

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ციხე დღეს დილით მოულოდნელად დაატოვებინეს. მისი აზრით, მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლების სურდა მას ახლობლები არ დახვედროდნენ.

„რამდენიმე დღის წინ ვიკითხე, რომელ საათზე გამიშვებდნენ და მითხრეს, რომ მზად უნდა ვყოფილიყავი 10:30 საათისთვის. ისე მოხდა, რომ დილას, 08:00 საათზე გამომდგეს გარეთ. არაფერი არ აუხსნიათ. მითხრეს, რომ ყველაფერი ჩამელაგებინა, ჩასალაგაებელი არ მქონდა.

ასე ვიყავი [მიუთითებდა მაისურზე], ქურთუკი არ შემოაგზავნინეს, სქელია, სტანდარტში არ ჯდებაო. გარეთ არავინ იყო ერთი საათი. შემდეგ ტაქსი დავინახე გაჩერებული. მისი მძღოლი დამეხმარა, რომ მეგობართან დამერეკა და მოსულიყო“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ის არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ისევ დააპატიმრონ.

„გზავნილი არის, მარტო ჩემზე არა [ელენე ხოშტარიაზეც, გიორგი ვაშაძეზეც და ნიკა გვარამიაზეც], ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ „ცოტა ხანში გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩუმდეთ ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ“. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. არც მე ვაპირებ და არცერთი არ დააპირებს, რადგან მე ვიცნობ ამ ადამიანებს...

მე არ მგონია, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეთ, ჩაგვსვამენ თუ არა შვიდი ან თხუთმეტი წლით. მაგრამ რატომაც [ეს საკითხი არის ჩამოკიდებული], უნდათ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაგსვან ციხეში.

ჩემი ამოცანა რაც არის, შეიძლება ცოტა დრო გქონდეს, მაგრამ სანამ გარეთ ვართ, ეს ცოტა დრო ეფექტურად გამოვიყენოთ“.

ზურა ჯაფარიძის გათავისუფლებას ოჯახის წევრები და მეგობრები დილის 10:00 საათისთვის ელოდნენ და მის დასახვედრად რუსთავის ციხის შესასვლელთან მისვლას გეგმავდნენ, თუმცა მათ მოულოდნელად გაიგეს, რომ პოლიტიკოს საპატიმრობა უფრო ადრე, დაახლოებით 08:00 საათზე დაატოვებინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა ივნისში მიუსაჯა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ეს კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.

ამავე ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს არაერთ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც.

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2025 წლის ნოემბერში შესთავაზეს კანონით გათვალისწინებული პროცედურა - ვადაზე ადრე გათავისუფლება, რაზეც მან უარი თქვა.

ნოემბერში პროკურატურამ ზურაბ ჯაფარიძისა და კიდევ შვიდი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა. ზურაბ ჯაფარიძეს ბრალად დასდეს საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

სრულად წაკითხვა