WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა. ეს პირველი შეხვედრაა იმ პროცესის ფარგლებში, რომელსაც მოსკოვი „რუსეთ-საქართველოს განახლებულ პირდაპირ დიალოგს“ უწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „არსებითად განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე“. ასევე აღინიშნა, რომ მხარეებმა „რიგ პრაქტიკულ შეთანხმებებს“ მიაღწიეს და „რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს“.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, დელეგაციების ხელმძღვანელებმა „მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის ორგანიზებაში ხელშეწყობისთვის“ და „შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელდებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით“.

მსგავსი შინაარსის განცხადებაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ მხარეებმა „გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს“.

სამინისტროს განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს „რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო“ და „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“.

„მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში და მადლობა გადაუხადეს ბელარუსულ მხარეს პირველი შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

This post is also available in: English