ზურაბიშვილი: "არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა"

3 weeks ago 14

საქართველოს პრემიერ-მინისტ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.

თბილისში, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, პრეზიდენტმა პრეს-კონფერენცია მოიწვია და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის შეხვდა უცხოელ დიპლომატებს და მათთან ერთად სწორედ ქვეყანაში არსებულi სიტუაცია განიხილა.

"დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები - ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი და ხალხის მოთხოვნაა - ახალი არჩვნების დანიშვნა და ჩატარება", - თქვა ორბელიანების სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა.

"ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც არის მტკიცებულება, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს "არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ" საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.

“მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე თვეა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა.

დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ახლა დროა ოპოზიციურმა პარტიებმა გონივრული და კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„მე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო დღეს აქამდე მოსვლა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ქუჩის აქციებში, ხალხი გამოდის სპონტანურად. მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ „მე ჩემი აზრი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს“ - ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ გვჭირდება დღეს კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა ქალაქის მთავარი მოედანი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

თბილისთან ერთად, გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქშიც.

სრულად წაკითხვა