პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს ტოვებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 29 დეკემბერს “ქართული ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად განაცხადა. მან ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა.
“იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, არც გისოსების”, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს, რომელიც დილიდან შეიკრიბა ორბელიანების პრეზიდენტის სასახლესთან მისი გადაწყვეტილების მოსასმენად.
რუსული ტრაგედია
“მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.
“მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხარეს, რასაც ის “რუსულ ტრაგედიას” ეძახის, არიან “შეშინებულები, დაბოღმილები, სანქცირებულები, არავისგან აღიარებულები”.
“ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი ლაღი, მშვიდნი ჩვენთან არის სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ერთმანეთის სიყვარული და ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის აპირებს იმუშაოს იმ პირობებზე, რომლითაც ახალია არჩევნები ჩატარდება მალე. მისი თქმით, ეს არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.