ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით მანიპულირებაში ადანაშაულებს

2 weeks ago 2

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას საქართველოს სუვერენიტეტს უპირისპირებენ და მათ განცხადებებს საზოგადოების დემორალიზებისკენ მიმართული „კამპანია“ უწოდა. „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები პრევენციულად ავრცელებენ „შანტაჟის“ ნარატივს ბრიუსელის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქართველები უვიზო რეჟიმსა და ქვეყნის სუვერენიტეტს შორის ცრუ დილემის წინაშე დგანან.

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნარატივი 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელებაა. მას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. ზურაბიშვილის თქმით, ამ რიტორიკის მიზანია „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის წინ წამოწევა, რომელიც უვიზო რეჟიმის გარშემო შიშების გაღვივებით, ევროპისგან საქართველოს იზოლირებას ისახავს მიზნად.

„ეს კამპანია არ მოდის ბრიუსელიდან ან სხვა ევროპული დედაქალაქიდან – ის მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, რომ შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია“, – განაცხადა მან 23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე და მოუწოდა ქართველებს არ მოხვდნენ ასეთი პროპაგანდის ხაფანგში და რეალურად შეაფასონ, თუ ვინ დგას ქვეყნის ევროპიდან ჩამოშორების უკან.

მან მმართველი პარტია რუსული სტილის პოლიტიკის მიბაძვაში დაადანაშაულა, რათა საზოგადოება საერთაშორისო იზოლაციისთვის მოამზადოს. „მცდელობა არის ასევე, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და პასუხისმგებლობა პირდაპირ დააკისრა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, და „კლანს, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით“.

ზურაბიშვილის განცხადებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ოფიციალურის პირების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი ცდილობს უვიზო რეჟიმით „დააშანტაჟოს საქართველო“ და რომ ქართველებს ურჩევნიათ  კარგი პატრიოტები იყვნენ, ვიდრე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ჰქონდეთ. 18 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილი უვიზო რეჟიმს „პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის“ იარაღად იყენებს. ამ ნარატივს „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და დეპუტატი სოზარ სუბარი გამოეხმაურნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი უვიზო მიმოსვლას გადაწონის.

23 აპრილს ამ თემას „ქართული ოცნების“ კიდევ ორი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი და არჩილ გორდულაძე გამოეხმაურნენ. მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან „ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. ახლა მანიპულაციის საშუალება ვიზალიბერალიზაციაა“. გორდულაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და რომ „არ შეიძლება, თავისუფალი გადაადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს“.

ქართველები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით 2017 წლიდან სარგებლობენ, რაც ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ მიღწევად მიიჩნევა. თუმცა, ევროკავშირმა გააფრთხილა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი განიხილება და ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში  ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიებია. გასული წლის სექტემბერში, საქართველოს ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ყველა ვარიანტი განიხილება“, მათ შორის „ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერება“ იმ შემთვევაში, თუ „ქართული ოცნება“ თავის ავტორიტარულ კურსს გააგრძელებდა.

იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ამ წლის ბოლოს ვიზების შეჩერების მექანიზმის შეცვლას გეგმავს, შეჩერების შესაძლებლობა კიდევ უფრო რეალური ხდება. შემოთავაზებული რეფორმები, რომლებიც პირველად ევროკომისიამ 2023 წელს შემოიღო, მიზნად ისახავს გაუადვილოს ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. როგორც მოსალოდნელია, ცვლილებები მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა