არსად დავკარგულვარ, ზუსტად ვიცი, რომ ამ მომენტში სწორ, მართალ გაჩერებაზე ჩამოვედი – ამ დროსა და სივრცეში არ დავეთანხმე პარლამენტში შესვლას, შესაბამისად, დეპუტატის მანდატის გამოყენებას – ეს გადაწყვეტილება ადამიანურად ურთულესი იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, რუსუდან თევზაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც განმარტა მიზეზები, რატომ თქვა უარი პარლამენტის დეპუტატის მანდატის გამოყენებაზე და რატომ დატოვა პარტია.
როგორც რუსუდან თევზაძემ აღნიშნა, ის პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას აღიარებს, თუმცა არ აღიარებს „ე.წ. ხელისუფლების ე.წ. პოლიტიკურ პირებს“.
„ყოფილი კოლეგა და ყოფილი მეგობარი არ არსებობს. ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, თუ მათ რაიმე თვისობრივი, შინაარსობრივი დახმარება დასჭირდებათ, ამისთვის მზად ვარ. მათ წარმატებებს ვუსურვებ, ისინი ახლა პარლამენტში არიან. თუ მათი არჩეული გზა იქნება შედეგზე და იმ მიზანზე ორიენტირებული, რაც ყველას ერთად გაგვაჩნია, რომ ეს ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციას დაუბრუნდეს და ისეთივე ღირსეული სახელმწიფოებრიობა აღიდგინოს, როგორიც საქართველოს ეკუთვნის, ძალიან კარგი, გამიხარდება.
მაგრამ მე დღეს აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ დროსა და სივრცეში, დღეს და ახლა, არ დავეთანხმე და არ ვეთანხმები პარლამენტში შესვლას, შესაბამისად, დეპუტატის მანდატის გამოყენებას. მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანურად ურთულესი იყო. ეს გზა, 2021 წლიდან დღემდე, არ იყო ია-ვარდებით მოფენილი, წინააღმდეგობებით აღსავსე იყო და ერთობლივი შრომით მოვიპოვეთ.
ჩემი შეფასებით, პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი და მექანიზმია პოლიტიკური საქმიანობის გამოყენების გზაზე, თუმცა დღეს და ახლა, მისი ფუნქცია ჩემთვის აბსოლუტურად დევალვირდა. არც ერთი პროცენტით არ გახდა ჩემი მოტივაცია, შინაგანი და გარეგანი ფაქტორული კომპონენტების ერთობლიობით, რომ დღეს იქ შევსულიყავი, მესარგებლა მანდატით და ასე დავხმარებოდი ქვეყანასა და ხალხს.
არც ერთ შემთხვევაში, პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, არ ეკუთვნის ე.წ. ხელისუფლებას, მთავრობას და იქ არსებულ პოლიტიკურ პირებს. ის ეკუთვნის ხალხს. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, ცხადია, ვაღიარებ, არ ვაღიარებ ამ ინსტიტუციაში, ამ შენობაში მყოფ ე.წ. ხელისუფლების ე.წ. პოლიტიკურ პირებს. მე უბრალოდ, ამ დროსა და სივრცეში არსებული სცენარი არ გავიზიარე არა პარლამენტთან, როგორც ინსტიტუციასთან, არამედ იქ მყოფ ადამიანებთან მიმართებით.
უბრალოდ, გზები გაიყო თორემ, ზუსტად ვიცი და მჯერა, რომ მათი, ჩვენი და ფართო საზოგადოების მიზანიც არის, ქვეყანა ევროპულ რელსებს დაუბრუნდეს.
პაპუაშვილს გამოვეხმაურები, ეს ორი დღეა ხშირად ახსენებს ჩემს სახელსა და გვარს. გუშინ [საუბრობდა] ჩუღურეთში ჩემს ხმებთან დაკავშირებით, ცხადია, ალბათ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, დიდი ცდომილება იყო მისი მხრიდან გაჟღერებული. ბიუროზე კიდევ [თქვა], „გზაში დაიკარგა ერთი დეპუტატიო“. არა ბატონებო და ქალბატონებო, არსად დავკარგულვარ. ზუსტად ვიცი, რომ ამ მომენტში მე სწორ, მართალ გაჩერებაზე ჩამოვედი. რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკაში, უბრალოდ არა როგორც, მანდატის მქონე და პარლამენტში მყოფი ადამიანი. ეს არის ის სიმართლე, რომლის მიმართაც მე აუცილებლად მართალი და სწორი უნდა ვიყო ჩემი შვილების და მათი თაობის სასარგებლოდ. მე ლექტორი ვარ და აქედან რომ გავალ, ჩემს სტუდენტს უნდა შევხედო და მართალი უნდა ვიყო“,- განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
როგორც თევზაძემ აღნიშნა, მან საკუთარი თავი ვერ დაარწმუნა, რომ პარლამენტის დეპუტატის მანდატი გამოეყენებინა.
„შესაძლებელია დაისვას კითხვა, ამ ბოლო წამამდე რატომ მივიდა ეს ყველაფერი. ზოგადად, ასეთია ჩემი მიდგომები, ბოლომდე ამოვწურო, რომ შემდგომ არ იყოს რამე. მაშინ, როცა დავინახე, რომ ეს შანსი აღარ იყო და მე უნდა გადამეწყვიტა, როგორც მოქალაქეს, მაშინ სამოქალაქო პოზიციები ავარჩიე. ჩემი თავი ვერ დავარწმუნე, რომ ეს მანდატი უნდა გამომეყენებინა“, – აღნიშნა თევზაძემ.
როგორც თევზაძემ აღნიშნა, პარლამენტში შესვლა პარტიის „საერთო ხმათა რაოდენობის გადაწყვეტილება იყო და არა პერსონალურად გიორგი გახარიასი“.
ამასთან, თევზაძის განმარტებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან და ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, „არ არის ოპოზიციისა და საერთო მიზნის ღალატი“.

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·