თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნები პოლიტიკურად მოტივირებული წმენდის თაობაზე შეშფოთებას იწვევს

1 month ago 9

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რეორგანიზაციის მოტივით თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლებულთა დიდმა ნაწილმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერები თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნა. რამდენიმე თანამშრომელმა თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე საჯაროდ დაადასტურა.

რას ეხებოდა განცხადება?

თავდაცვის სამინისტროს 60-მდე თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ერთადერთი უალტერნატივო გზაა. განცხადებაში საჯაროდაა გაკრიტიკებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. თანამშრომლები ერთგულებას გამოხატავენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ შესაძლოა ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია გამოიწვიოს.

„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ცვლილების წინააღმდეგ დუმილი არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, არამედ სხვა საჯარო მოხელეებმაც დაარღვიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს 140-მდე თანამშრომელმა ხელი მოაწერა მსგავს პეტიციას, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ ერთგულება დაადასტურეს.

დათხოვნები თავდაცვის სამინისტროდან

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები იუწყებიან, სამინისტრომ თავისი გადაწყვეტილება რეორგანიზაციის მოტივით ახსნა.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს, „ქართული ოცნების“ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რიგი ცვლილებები დაამტკიცა, რამაც საჯარო სექტორის რეორგანიზაცია გაამარტივა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებულ წმენდად შეაფასა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ცვლილებები შეასუსტებს საჯარო მოხელეების დაცვას, მათ შორის სასამართლო მექანიზმებით.

კიდევ ერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეპრესიული ცვლილებების გამო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიღებისა და ევროკავშირის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების შემდეგ 400-მდე საჯარო მოხელე დაითხოვეს სახელმწიფო უწყებებიდან.

ვინ დაითხოვეს?

რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშშრომელმა სოციალურ მედიაში განცხადებები გამოაქვეყნა. ყველა მათგანი საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის მხარდამჭერი განცხადების ხელმომწერია.

თავდაცვის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, ანანო გორგოძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. მისივე თქმით, ამავე საბაბით სრულიად უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება. ის სამინისტროში 2017 წლიდან მუშაობდა.

„როგორც პეტიციის ხელმომწერი, ცოტა შეურაცხყოფილადაც ვიგრძნობდი თავს რომ დავეტოვებინე“, – აცხადებს იგი.

თანამდებობიდან გათავისუფლებულთა შორის არის ნინო გორგოძე, რომელიც იმ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებას კურირებდა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიხეილ რამაზაშვილიც, რომელიც სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტში მუშაობდა. ის ასევე ერთობლივი განცხადების ხელმომწერია.

„ქვეყნის მთავარი კანონის 78-ე მუხლის ერთგულება და  შესაბამისი განცხადების ხელმოწერა,  გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა  და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერ სხვას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. „სამშობლოს ცნება მეტია  ვიდრე ხელფასი“.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საჯაროდ ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა მარიამ ობოლაშვილმაც.

გიორგი შაიშმელაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „თავისუფლების მოედნის“ წევრი და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სამინისტროდან 2023 წელს გაათავისუფლეს უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, სამინისტროდან სულ ცოტა ათი ადამიანია გათავისუფლებული, მათ შორის მაკუნა კევლიშვილი, ნინო გორგოძე, გუცა გველესიანი, მიშა რამაზაშვილი, ანა გორგოძე, მარიამ ობოლაშვილი, თეკლა კალანდაძე,  ნინო ციხელაშვილი, ნინო უგრეხელიძე, თამარ ისაკაძე.

„დადასტურებულად ვიცი კიდევ რამდენიმე,  რადგან ჯერ თვითონ არ გაუსაჯაროებიათ, შეგნებულად არ ვწერ“, – წერს იგი. „სამაგალითოდ სჯიან ყველას ვინც გაბედა და ხელი მოაწერა პეტიციას, რომელშიც ამ ადამიანებმა გამოხატეს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსისადმი ერთგულება. ფაქტობრიბად, კონსტიტუციის 78 – ე მუხლის დაცვისთვის ისჯებიან“.

შაიშმელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრს წმენდის განხორციელების საშუალება „ჩვენი პარტნიორების ‘ბუნდოვანების პოლიტიკამაც’ მისცა“.

„ჩვენს პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ ამას მინისტრი საკუთარი პროდასავლურობისა და საბოლოო ჯამში მთავრობის ლეგიტიმაციის სიმულაციური ეფექტების შესაქმნელად იყენებს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა