ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში საგანგაშო დეტალები გავრცელდა იმ ფაქტზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სერჟანტს გიორგი კუხალეიშვილს, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კუხალეიშვილი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანია, ამბობს, რომ შსს-ს თანამშრომლები ცდილობდნენ აეძულებინათ იგი, რომ ცრუ განცხადებები გაეკეთებინა ტელეკომპანიის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმის შესახებ და თავდასხმა ოპოზიციისთვის დაებრალებინა.
კუხალეიშვილის თქმით, შსს-მ მოსთხოვა მას, რომ ჩიხლაძესა და შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აეღო და ცრუ განცხადება გაეკეთებინა, რომ თავდასხმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოაწყეს.
ტვ პირველის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს 8 დეკემბერს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს ე.წ. „კაცები შავებში“ ძალადობრივად დაესხნენ თავს. ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ შემაშფოთებელ კადრებში ჩანს, რამდენიმე ნიღბიანი თავდამსხმელი როგორ აგდებს ჩიხლაძეს მიწაზე, ხოლო შეწირულს სასტიკად ურტყამს, მათ შორის თავში. თავდამსხმელებმა ჟურნალისტების აღჭურვილობაც მოიპარეს, რომელიც უკან აღარ დაუბრუნებიათ.
„მათ მითხრეს, რომ უბრალოდ შეაგინე ოპოზიციურ პარტიებს, თქვი, რომ იქ შემოდის იარაღი“, – იხსენებს კუხალეიშვილი „ტვ პირველის“ სიუჟეტში შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ.
კუხალეიშვილის თქმით, 11 დეკემბერს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, ის ოთხმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა, იძულებით ჩასვა მანქანაში და თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის ავტოსადგომზე გადაიყვანა. იქ, კუხალეიშვილის თქმით, მას ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ფოტოებს უღებდნენ მას. მოგვიანებით მისი ფოტოები ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს იოსებ სიგუას გადაეგზავნა. კუხალეიშვილმა განაცხადა, რომ სიგუა და სხვა პოლიციელები, მათ შორის ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი, განაგრძობდნენ მასზე ზეწოლას, რათა ჩიხლაძესა და შეწირულზე თავდასხმები ეღიარებინა.
კუხალეიშვილს აიძულებდნენ ეთქვა, რომ ე.წ. „ტიტუშკები“ არ მონაწილეობდნენ თავდასხმაში და, სანაცვლოდ, ოპოზიცია დაედანაშაულებინა ამაში. კუხალეიშვილის თქმით, მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე, რის გამოც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერის გადაწყვეტილებით, შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გათავისუფლების შემდეგ კუხალეიშვილმა განაცხადა, რომ პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი არ დაუბრუნეს.
მისმა ადვოკატმა შსს კუხალეიშვილის ტელეფონის უკანონო დაუბრუნებლობაში დაადანაშაულა, რომელიც მის სოციალურ ქსელებში მასალის განსათავსებლად გამოიყენებოდა მიუხედავად იმისა, რომ კუხალეიშვილს მასზე წვდომა არ ჰქონია. კუხალეიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ შსს-ს მიერ ტელეფონის დაუბრუნებლობა მისი უფლებების დარღვევაა და რომ არ არსებობდა რაიმე ოფიციალური ჩანაწერი, როგორიცაა სისხლის სამართლის საქმის ნომერი ან გადაწყვეტილება, რომელიც ამ ჩამორთემას გაამართლებდა.
კუხალეიშვილი, რომელმაც მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიული ქმედებების შიშის გამო საქართველო დატოვა, კვლავ ღიად საუბრობს იმ არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომლის სამიზნეც იგი გახდა. თუმცა, არასათანადო მოპყრობაში მონაწილე არც ერთი პოლიციელის ან პირის მიმართ გამოძიება არ ჩატარებულა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დაკავებული მომიტინგე აცხადებს, რომ ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახდენდა, რათა ოპოზიციის წარმომადგენლები დაედანაშაულებინა. 2024 წლის 6 დეკემბერს დაკავებულმა აქტივისტმა, რევაზ კიკნაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა, საპატიმროდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა სასამართლოში ჩვენება მიეცა, რომ მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ფული და მითითებები ჰქონდა მიღებული. ზეწოლის გამო კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/12/2024 – TI საქართველო 2024 წელს მედიის მიმართ ძალადობის საგანგაშო ზრდას აფიქსირებს
- 08/12/2024 – ოპოზიციის წევრებსა და ტვ “პირველის“ გადამღებ ჯგუფს სასტიკად გაუსწორდნენ
- 06/12/2024 – დაკავებული აქტივისტი ამბობს, რომ აიძულებდნენ ოპოზიციის ლიდერების დასადანაშაულებლად ტყუილი ეთქვა
This post is also available in: English (ინგლისური)