“თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს” – ამ მოთხოვნით გორში აქცია გაიმართა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისინი ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს. მათი თქმით, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ადამიანების დაშინებისთვის და დასჯისთვის იყენებს.
“ეს არის სოლიდარობის აქცია დაკავებულების და მოშიმშილეების მიმართ, მათივე მდგომარეობიდან და მათი საქმიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ გვაქვს ადამიანის უფლებები, გათელილია ე.წ. ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა ლექსო მერებაშვილმა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა.
მერებაშვილის თქმით, პროტესტის ჩახშობის მიზნით, “ქართული ოცნება” ერთის მხრივ, სასტიკად სჯის აქციის მონაწილეებს და მეორეს მხრივ, ახალისებს და დაუსჯელობის განცდას უნერგავს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს.
“ვხედავთ ჩვენ, რომ ისჯება ერთი მხარე, რომელიც აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მეორე მხარეს ძალოვნები, რომლებიც ძალადობენ და სჩადიან მათ შორის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, არ ისჯებიან და საყვედურსაც არ იღებენ. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, რომ დავიბრუნოთ ჩვენი უფლებები, დავაბრუნოთ კანონის წინაშე თანასწორობა და ავირჩიოთ ლეგიტიმური ხელისუფლება“, – განაცხადა მერებაშვილმა.
გორში შეკრებილი მოქალაქეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება იქამდე, სანამ “ქართული ოცნება” მათ ორ მთავარ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს – არ გაათავისუფლებს პროევროპულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს და არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.
“გორი შეუერთდა საყოველთაო მოთხოვნას, რაც არის პილიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც არარეალური ბრალდებებით არიან ციხეში გამოკეტილები და როგორც ყველა ქალაქში, აქაც იმართება აქცია ორი მთავარი მოთხოვნით, ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გამოშვება. ჩვენ ამ მოთხოვნით ბოლომდე ვიდგებით“, – გვითხრა საბა ბულისკერიამ, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
საბასთან ერთად, აქციაზე იმყოფებოდა ავთანდილ ტიტვინიძეც, რომელსაც ერთ-ერთ აქციაზე დაკავებისას ძალოვანი უწყების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ჩემი სოლიდარობა ყველა დაკავებულს და მზია ამაღლობელს. 20 დღეა ეს ადამიანი შიმშილობს. ყველა უნდა გამოვიდეს იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დასრულდეს, ყველამ უნდა იპოვოს საკუთარ თავში ძალა და მთელი გორი აქ უნდა იდგეს“, – თქვა ავთანდილ ტიტვინიძემ.
აქციას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პაატა დევაძეს შეუერთდა. როგორც ნიზოქში მცხოვრებმა მოქალაქემ აღნიშნა, “ქართული ოცნება” ვერ შეძლებს პროტესტის ჩახშობას და მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს.
“ჩვენ არ გვინდა რუსული ხელისუფლება, გვინდა ევროპა და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. მე როგორც ვეფხია კასრაძის უახლოესი მეგობარი, ყველა სინდისის პატიმარს გათავისუფლებას ვითხოვ. იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენს გვერდით იქნებიან“, – გვითხრა პაატა დევიძემ.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, მოქალაქეები აქციებს ყოველდღიურად მართავენ.