WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„სარკე“, ლიკა ოსაძე

დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „სარკესთან“ თავის სულიერ გზაზე, რწმენაზე  საუბრისას ის მომენტები გაიხსენა, როცა სიზმარში თუ ცხადში უფალთან, წმინდანებთან, გარდაცვლილ ძვირფას ადამიანებთან კავშირი იგრძნო, მინიშნებები დაინახა. ამ მოვლენებმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრა, არაერთხელ აპოვნინა გზა და სწორი არჩევანი გააკეთებინა.

_ თათა, თქვენ ეკლესიურად ცხოვრობთ, დროის გარკვეულ ნაწილს დედათა მონასტერში ატარებთ. პირველად რა ასაკიდან გაგიჩნდათ ღმერთთან სულიერი კავშირის სურვილი?

_ არ მიყვარს ჩემს შინაგან სამყაროზე ხმამაღლა საუბარი. შინაგან სამყაროს გარეთ თუ გამოიტან, უბრალო და უინტერესო გახდება.

კომუნისტურ ოჯახში ვიზრდებოდი, მაგრამ სულ ვცდილობდი, გარეთ გამომეტანა ჩემი შინაგანი განცდა ნახატების საშუალებით და ასეც ვიქცეოდი. თბილისის N161 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც წელიწადში ორჯერ იმართებოდა ჩემი ნამუშევრების გამოფენა. სულ ეკლესია-მონასტრებს ვხატავდი. ექსკურსიაზე რომ მივდიოდი და ეკლესიის ნანგრევებს ვნახულობდი, გონებაში ვხატავდი, ის დანგრეული ეკლესია როგორი იქნებოდა აღდგენის შემდეგ, მერე კი ჩემი ნაფიქრალი ქაღალდზე გადამქონდა. ასეთი იყო ჩემი ბავშვური წარმოდგენები. ეს იყო ჩემი სულიერი კავშირი ღმერთთან.

_ თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა განსაცდელის დროს რწმენას გადაურჩენიხართ?

_ ჩემს ცხოვრებაში თითოეული დღე ასეთია. უამრავი შემთხვევა მქონია ისეთი, როცა განსაცდელიდან უფალს დავუხსნივარ. ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, გადაადგილება ძალიან მიჭირდა, ცუდად ვიყავი, ხელი მქონდა სიცოცხლეზე ჩაქნეული, გავურბოდი საზოგადოებასთან ურთიერთობას, სარკეში ვერ ვიცქირებოდი, მაგრამ ის, რომ უფალმა სიცოცხლე მაჩუქა და ამ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ მქონდა, ყოველ წუთს მახსოვდა და ვუფრთხილდებოდი. უფალმა მომცა იმის ძალა, რომ ფეხზე დავდექი.

ჩემს ცხოვრებაში ყველზე დიდი გავლენა მამას ჰქონდა. ის იყო ჩემთვის რწმენის, თავისუფლებისა და სიყვარულის მასწავლებელი, სულისჩამდგმელი.  რწმენაში დასაბრუნებლად ყველაზე დიდი როლი მამის გარდაცვალებამ ითამაშა.

_ გვიამბეთ ამის შესახებ.

_ მამა რომ გარდაიცვალა, სიზმარში რამდენჯერმე ვნახე. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ხელახლა დამეწყო ცხოვრება და თანაც ისე, რომ  მამას გახარებოდა. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მესიზმრება, როცა საფრთხის წინაშე ვდგავარ.

მამა ჩემმა დამ სიზმარში ნახა, როცა ორმოცი ახალი გადახდილი გვქონდა. სიზმარში მამა სასახლიდან წამოდგა და ახალი ცხოვრება დაიწყო. ეს გახდა მინიშნება, რომ მე თუ ეკლესიაში დავდივარ და ჩემი შთაგონების წყარო უფალია, პირველ რიგში, აღდგომის უნდა მჯეროდეს.

_ თქვენ როგორ ნახულობთ ხოლმე მამას სიზმრებში?

_ როგორც მოსიარულე ბერს. მას სულ ბერის სამოსში ვხედავ. მამასთან ყოველთვის მქონდა ჩემი სასაუბრო ენა. რაც დავიბადე, იმ დღიდან გარდაცვალების დღემდე სულ მაძლევდა ცხოვრების მაგალითს, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სიყვარული შეუძლია. სიყვარულის წყარო ხომ  ღმერთია. ადამიანს სიყვარული თუ შეუძლია, სანაცვლოდ არაფერს უნდა ელოდებოდეს.

მყავდა მოძღვარი, ღვთისო შალიკაშვილი, რომელიც ქაშუეთის ეკლესიაში მოღვაწეობდა. მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე სიზმარი ვნახე. ქაშუეთში ვიყავი და კარი დაიხურა. თითქოს მთელი საქართველოს ტაძრების კარები დაიხურა. გაისმა ხმა, რომ ზიარება დასრულდა. ხელში მომცეს ღვინით სავსე  თასი, რომელიც მაზიარებლებისთვის უნდა დამერიგებინა. იქიდან 2 წვეთი სისხლი გადმოიღვარა და ტაძრის ეზოში დაიქცა. თვალის დახამხამებაში დედამიწაზე დასრულდა ზიარება და დავრჩი უზიარებელი.

უცებ ხმა ჩამესმა, ამ თასში ღვინო რომ გისხია, მიიღე, რადგან მაზიარებელი აღარ დარჩა და არავის გაუნაწილოო. ამ სიზმრის ნახვის შემდეგ სულ მალე, შობის ღამეს, ცისკარზე, მოძღვარმა ჩემს ხელში დალია სული. ანდერძი დამიბარა, ზეციდან შენი მოძღვარი მე ვიქნებიო.  დედამიწაზე ვინ იქნებოდა ჩემი სულიერი მამა, ისიც მითხრა.

_ ჩვენ არ გვეტყვით?

_ არა. ერთი გამოცხადებაც ვნახე, რომელიც ჩემს მოძღვარს უკავშირდება. როცა კურთხევას მაძლევენ, ქაშუეთის ეკლესიაში დავითნს ვკითხულობ. ჩემი მოძღვარი პარაკლისს იხდიდა და მთხოვა, შესავალი ლოცვა წამეკითხა. ლოცვას რომ ვკითხულობდი, დავინახე, რომ ჩემს მოძღვარს ბერის ქუდი ეხურა, ზმანებასავით დავინახე. შენდობა ვთხოვე და გარეთ გამოვედი. აშკარად დავინახე, რომ ჩემი მოძღვარი ბერის სამოსში იყო შემოსილი.

ცოტა ხანში დამიძახეს და ლოცვის კითხვა გავაგრძელე. მოძღვარს რომ შევხედე, მის ირგვლივ პატარა ვარსკვლავები დავინახე. ისევ გავედი ტაძრის ეზოში. ბოლოს მივედი და ვუთხარი, ბერად აღგკვეცავენ-მეთქი. მითხრა, რომ ეს აღარ მეთქვა. ტრაპეზის დროს კიდევ გავიმეორე, რაზეც ცოტათი წავკამათდით.

რაღაც პერიოდის შემდეგ თბილისში ჩემი მანქანით მომყავდა. გზაში ვუთხარი, რომ აუცილებლად ბერად აღკვეცდნენ და საბას დაუძახებდნენ. არ დამიჯერა, მაგრამ მართლაც ბერად აღკვეცეს და სახელად საბა უწოდეს. ამ სასწაულით ღმერთმა მოძღვრის მიმართ განმიმტკიცა მორჩილება და მისადმი სიყვარული. ჩემი მოძღვრის დიდებულება დამანახა. ვიცი, რომ ჩემი თავი და სიცოცხლე, ჩემი არსებობა ეკუთვნის ღმერთს და ის მაძლევს ძალას.

_ თქვენ დედათა მონასტერში ხშირად რჩებით, იქ ცხოვრობთ. იმ წმინდა ადგილზე თუ შესწრებიხართ სასწაულს?

_ არაერთი სასწაულის მომსწრე ვარ და ერთ ისტორიას მოგიყვებით: თბილისიდან სამეგრელოში, კორცხელის დედათა მონასტერში მივდიოდი.სულიერ  დედას დავურეკე და ვკითხე, ხომ არაფერი გინდათ წამოვიღო-მეთქი. მითხრა, რომ სოკო ჩამეტანა. არასდროს გამისინჯავს სოკო. რატომღაც გადავწყვიტე, რომ მარინადის სოკო იქნებოდა საუკეთესო და მაღაზიაში ერთი ყუთი ვიყიდე. მონასტერში რომ ჩავედი, დედამ საყვედური მითხრა, ასეთი კი არა, ცოცხალი სოკო მინდოდაო. ვერ მივხვდი, რატომ არ მოეწონა. მეგონა, რომ იმ წუთში საუკეთესო შევიძინე. მონასტრის ეზოში ქვაზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.

იმ ღამით კოკისპირული წვიმა წამოვიდა. დილით რომ გავიღვიძე, დავინახე, რომ იმ ადგილზე, სადაც ვტიროდი, 100 კვ.მ. მიწაზე ქამა სოკოები იყო ამოსული. დედაებს სოკოს მოსავალი მოუვიდათ. უფალმა დაინახა, რომ გულით მივიტანე ის, რაც ვიყიდე, ამიტომ მოახდინა სასწაული. ყველა ადამიანი ურთიერთობებში უნდა იყოს მართალი, რასაც უფალი დაინახავს.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ყველანაირ საჭმელს არ მიირთმევთ და ძირითადად ღამით იღებთ საკვებს. ამასთან დაკავშირებითაც ხომ არ გაქვთ რაიმე ისტორია გასახსენებელი?

_ მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. მის გარეშე პირველი ახალი წლის შეხვედრა ძალიან მიმძიმდა. გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი. იქ რომ ჩავედი,  ღამით დედებმა მოხარშული კარტოფილი შემომთავაზეს. არ ვჭამდი, მაგრამ იღუმენიამ დამაძალა, მშიერმა არ დაიძინოო. როგორც კი ერთი პატარა ლუკმა ჩავიდე პირში, სტიქაროსანი შემოვიდა და თქვა, მეუფემ გვაკურთხა, საახალწლო წირვა უნდა ჩაატაროს და ზუგდიდში მივდივართო.

ეს ერთი პატარა ლუკმა კარტოფილი გახდა იმის მიზეზი, რომ უზიარებელი დავრჩი. ზიარებამდე 8 საათი მაინც ხომ მშიერი უნდა იყოს ადამიანი, მე კი ერთი პატარა ნაჭერი კარტოფილი მქონდა ნაჭამი. ასე დავრჩი უზიარებელი, მაგრამ იმ ღამეს მამა მოვიხსენიეთ, მისი შესანდობარი დავლიეთ, ადამიანებს ახალი წელი მივულოცეთ, მეუფემ დაგვლოცა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

_ ბედისწერის გჯერათ?

_ ბედისწერა რა არის, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ადამიანი სანამ დაიბადება, მისი დედამიწაზე ცხოვრება ზეცაშია დაწერილი. ზეცაში იწერება და დედამიწაზე აღესრულდება. ვიცი, რომ მეორედ მოსვლის წინაშე ვდგავართ. როცა ეს მოხდება,  ადამიანები დედამიწაზე უფალთან ერთად მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებენ.

_ თქვენ მონაზვნად გინდოდათ აღკვეცა, რატომ გადაიფიქრეთ?

_ მინდოდა, ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი უფლისთვის მიმეძღვნა. ვფიქრობდი, რომ მონასტერში მარტივად მოვახერხებდი წმინდანების დახატვას და მერე ქსოვილზე ამოქარგვას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას ჩემს სახელოსნოში უფრო მარტივად შევძლებდი. მონასტერში ჩემს გამოცდილებას მცირე ადამიანების ჯგუფს გავუზიარებდი, ამიტომ ისევ ჩემს სტუდენტებთან ვარჩიე მუშაობა.

_ თქვენთვის ყველაზე საყვარელი წმინდანი რომელია, ყველაზე ხშირად ვის შესთხოვთ შემწეობას?

_ მყავს საყვარელი წმინდანები: მარიამ ეგვიპტელი, მარიამ მაგდალინელი. იმდენად მიყვარს წმინდა გიორგი, რომ ბავშვობაში, სანამ გავაცნობიერებდი, თუ ვინ იყო წმინდა გიორგი, ვიძახდი, თუ გავთხოვდები, წმინდა გიორგის გავყვები ცოლად-მეთქი. 7 წლის ასაკში პირველი ნახატი რომ დავხატე, წმინდა გიორგის სურათი იყო.

წმინდანები, რომლებსაც ვხატავ ან ვქარგავ, გულის სიღრმეში თუ არ გაცოცხლდნენ, მათთან ერთად რაღაც გზა თუ არ გავიარე ჩემს შინაგან სამყაროში, ვერ გადმოვცემ…

4 წლის ვიყავი, ჩემი და რომ დაიბადა. სანამ დაიბადებოდა, წმინდა ეკატერინე ვნახე. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო. 4 წლის ბავშვს ან საიდან უნდა მცოდნოდა? რამდენიმე ხნის განმავლობაში ხშირად ვნახულობდი ადამიანს, რომელსაც თავზე ეკლიანი გვირგვინი ედგა და მესაუბრებოდა. არ ვიცოდი, ვინ იყო, მერე სახელი მითხრა, ეკატერინე მქვიაო. მითხრა, რომ ჩემი დისთვის ეკატერინე უნდა დაერქმიათ. დედას სამშობიაროში წერილი მივსწერე, რომ თუ გოგონა დაიბადებოდა, ეკატერინე დაეძახა. დედამ არ დამიჯერა, მაგრამ მამამ დამიჯერა. ჩემს დას ეკატერინე დაარქვეს.

_ 4 წლის ბავშვმა წერა იცოდით?

_ რაც უნდა გაგიკვირდეთ, კი, ვიცოდი. ბავშვობდანვე კარგად  ვხატავდი და ასოებს წიგნიდან ვიხატავდი. 3 წლის ვიყავი, წერა რომ ვისწავლე.

_ თქვენ ვისი სახელი გქვიათ?

_ ბებიების. დედის დედას თამარი ერქვა, მამის საყვარელ ბებიასაც _ თამარი, ამიტომ თამარი დამარქვეს.