„სარკე“, ლიკა ოსაძე
„სანამ ხალხს მამაჩემი ემახსოვრება, ის სულ ცოცხალი იქნება“, _ გვითხრა ცნობილი მომღერლის, გოჩა ლორიას, ქალიშვილმა, თათა ლორიამ. მისი ჭრილობა სულ ახალია. მამის გარდაცვალების ტკივილს ჯერ კიდევ ვერ ეჩვევა. მან დაკარგა ადამიანი, რომელიც მისთვის არა მხოლოდ მშობელი, არამედ მეგობარი, მასწავლებელი იყო.
კომპოზიტორი და მომღერალი გოჩა ლორია 10 აპრილს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ქართულ ესტრადას სიყვარულით შექმნილი სიმღერები დაუტოვა, რომელთაგან უმრავლესობა ჰიტია. მისი, როგორც მომღერლის, შესრულებული ყვავის არია კი მიუზიკლიდან „ჩხიკვთა ქორწილი“ კლასიკად დარჩა.
თათა ლორია დიზაინერია. ხატვის ნიჭი მამისგან გადაეცა. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ მამაზე ის „სარკეს“ უამბობს.
_ თათა, რას გაიხსენებდით მამაზე, როგორი იყო თქვენი მამაშვილობა?
_ ჩემს ბავშვობაში მამა გასტროლებზე იყო. რამდენიმე თვით მიდიოდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდ მონაწილეობას იღებდა. დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პიროვნულ და ესთეტიკურ განვითარებაში, ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში. ერთად დავდიოდით საყიდლებზე, ყველაფერს თავისი გემოვნებით მირჩევდა.
მშობლები ბავშვობიდანვე თავისუფლად მზრდიდნენ. მამას არ უყვარდა ადამიანების ჩარჩოში მოქცევა. ძალიან უყვარდა ადამიანებთან კომუნიკაცია. ბავშვობაში ხან ცეკვა მინდოდა, ხან _ დაკვრა, მამას არასდროს შევუზღუდივარ. სულ მხარს მიჭერდა, რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი.
_ სად გიყვარდათ მამა-შვილს გასეირნება?
_ სადაც იმ დროს ყველა ბავშვი დადიოდა. შეიძლება რამდენიმე დღე არ მენახა, მაგრამ გასტროლებიდან რომ ჩამოდიოდა, უამრავი საჩუქარი ჩამოჰქონდა ჩემთვის. ხელცარიელი არასდროს მოდიოდა, მამის დანაკლისი რომ არ მეგრძნო. მერე, როცა თავისი პროფესიით აღარ მუშაობდა, სულ ჩემ გვერდით იყო.
თინეიჯერობაში რომ გადავედი, მამა ჩემთან მიმართებაში ყოველთვის ერთნაირი მახსოვს. არასდროს მქონია რაღაც აკრძალვა. მამისგან ყოველთვის თავისუფლება მქონდა. მისი მხრიდან ნდობასა და მხარდაჭერას ვგრძნობდი. მეც არ ვიყავი ისეთი ბავშვი, მშობლები რომ გამენაწყენებინა. ძალიან მადლიერი ვარ მათი, რადგან ლაღი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. არასდროს მქონია მშობლის მიმართ პროტესტი.
_ მამამ გაბრაზება არ იცოდა?
_ გაბრაზებული მამა არ მახსოვს, მე და დედა უფრო ვქოთქოთებდით. ხომ იცით, გურული ქალები როგორები არიან. მამა პირიქით იყო, კონფლიქტი არსად უნდა ყოფილიყო. სახლშიც და გარეთაც კონფლიქტს არიდებდა თავს. ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ დაძაბულობა არსად ყოფილიყო.
_ ვიცი, ეს თქვენთვის ძალიან მძიმეა, მარამ შეგიძლიათ, რომ გაიხსენოთ ბატონი გოჩას სიცოცხლის ბოლო პერიოდი?
_ მამას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. ჩვენ გვიან გავიგეთ, რადგან არავითარი სიმპტომები არ ჰქონდა. მეც და დედაც ახლაც ვერ ვაცნობიერებთ, რომ აღარ არის. გვგონია, რომ მეორე ოთახშია. ერთადერთი ის მანუგეშებს, რომ ტკივილები არ ჰქონდა. გამაყუჩებელიც კი არ მიმიცია. ბოლოს ძალიან დასუსტდა.
_ იცოდა თავისი დიაგნოზი?
_ მამა იყო ოპტიმისტი, სულ ფიქრობდა, არა უშავს, მოვრჩებიო. ძალიან უყვარდა ხალხური მედიცინა. ასაკში რომ შევიდა, საკუთარ თავს ყურადღებას აქცევდა. იკვებებოდა ჯანსაღად, ყოველდღე სეირნობდა. ბოლო 15-20 წელი ძალიან უვლიდა თავს, არც სასმელს სვამდა.
მე პატარა შვილი მყავს. მამა სულ ეუბნებოდა ჩემს დაჩის, ბაბუ, გამოთბება და გავისეირნოთო. სულ ვცდილობდი, ჩემი დარდი არ შემემჩნია. არ მინდოდა, ეფიქრა, რომ მისი საქმე კარგად არ იყო. ბოლოს ადგომა უჭირდა, მაგრამ მაინც ვაგულიანებდი და ვამხნევებდი. მეც, ჩემი მეუღლეც, დედაჩემიც სულ ვეხმარებოდით გასეირნებაში. მე რომ მშვიდად ვესაუბრებოდი, მამა ფიქრობდა, რომ საშიში არფერი სჭირდა.
აგონიაში არასდროს ჩავარდნილა და ეს ძალიან მამშვიდებს. 10 აპრილს სახლში გარდაიცვალა. წითელი პარასკევი იყო იმ დღეს. მორწმუნე ადამიანი ვარ და მჯერა, ისეთ დღეებში წავიდა, რომ ახლა უკეთეს ადგილას არის. ყველაფერი ღვთის ნებაა.
_ საკუთარ თავზე გვიამბეთ, პროფესიით ვინ ბრძანდებით.
_ დიზაინერი. სიმღერის ნიჭი არ მაქვს, ვერ ვმღერი. სმენა მაქვს, მაგრამ… მამაც სულ მეუბნებოდა, არ გინდა, შვილო, სიმღერა შენი არ არისო. ბავშვობიდანვე ფორტეპიანოზე ვუკრავდი. 7 წელი დავდიოდი მუსიკაზე. ჩემებს სურდათ, კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ არ მოვინდომე.
8 წლიდან 15 წლამდე დღეში 4 საათი პიანინოსთან ვიჯექი და ვუკრავდი. თუ კონცერტები მქონდა, 6 საათი ვმეცადინეობდი დღეში. ფაქტობრივად ბავშვობა არ მქონდა. მიხვდნენ, რომ მუსიკა ჩემი არ იყო, თან სცენის შიშიც მქონდა. სანამ კონცერტზე გავიდოდი, სულ ვღელავდი, მეშინოდა და ბოლოს თავი დავანებე. შეიძლება იმ მომენტში შეცდომა დავუშვი, მაგრამ ბავშვი ვიყავი და მინდოდა, ბავშვობა მქონოდა.
მხატვრობის ნიჭი მამისგან გამომყვა და „გეპეიში“ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მერე გრაფიკული დიზაინის განხრას გავყევი და დღესაც გრაფიკული დიზაინერი ვარ.
_ მამათქვენს პირველი მეუღლისგან ჰყავს ქალიშვილი და შვილიშვილიც. როგორი ურთიერთობა გაქვთ დასთან?
_ კარგი. ჩემი დაც და დისშვილის მამაც სულ ჩვენთან იყვნენ, უბედურების დღეები რომ გვქონდა. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან და მამას ნახულობდნენ. ხათუნა ჩემზე უფროსია და მას უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. მე რომ დავიბადე, მამა 40 წელს იყო გადაცილებული.
_ როცა ოჯახი შექმენით, მამა თუ ჩაერია თქვენს არჩევანში?
_ არა. მამა ყველა ადამიანში კარგს ხედავდა. მას ჰქონდა შეფასების სკალა, მაგრამ ცდილობდა, ადამიანში სულ კარგი დაენახა. მისთვის მთავარი იყო, რაღაც ადამიანური დაეჭირა. ბედნიერი იყო, მე თუ ბედნიერი ვიყავი.
მამას ჩემს მეუღლესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ის ყველაფერში მენდობოდა და მხარს მიჭერდა. ჩვენი ოჯახის წევრებიდან ყველაზე ბუნჩულა მამაჩემი იყო.
_ ბატონი გოჩა გულნატკენი იყო, როცა მას აღარ იწვევდნენ კონცერტებზე, არადა რამდენი კარგი სიმღერის ავტორია, რამდენი ჰიტი დაგვიტოვა. ოჯახში ამ თემაზე თუ საუბრობდა?
_ მე დეტალურად არაფერს მიყვებოდა, მაგრამ იყო მომენტები, რის გამოც დიდ შემოთავაზებებზე უარი თქვა. ცოტა თავისებური ადამიანი იყო, მაგრამ იყო რაღაცები, რაც არ გააკეთა, რადგან თავის პრინციპებს არ უღალატა. მამამ კარგად იცოდა, ვინ იყო, რა შესაძლებლობები გააჩნდა. მას შეეძლო უფრო კარგად ეცხოვრა, მაგრამ თავის შეხედულებებს, პრინციპებს არ უღალატა. ბოლო 10 წელი სცენაზე არ გამოჩენილა. დიდი გულისტკენა ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს გულში იტოვებდა. შეიძლება დედას ეუბნებოდა, არ ვიცი, მაგრამ საჯაროდ არასდროს უთქვამს. მამას არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა. სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა ხმაც და სმენაც შემორჩენილი.
_ მამას თუ ჰგავხართ რაიმე თვისებით?
_ მე და მამას ერთნაირი ხასიათი გვქონდა. ძალიან გვიყვარდა ნივთების კონსტრუქციის დაშლა და აწყობა. გვაინტერესებდა, თუ რა როგორ მუშაობდა. მახსოვს, ერთხელ ფოთიდან წითელი მაგნიტოფონი ჩამომიტანა. კასეტა რომ ჩავდე, არ დაუკრა. მერე მამამ მითხრა, გზაში დავშალე, მაინტერესებდა, შიგნით როგორი იყო და ალბათ კარგად ვერ ავაწყვეო. მერე ხელოსანთან წავიღეთ და მან აგვიწყო.
_ რამე ჰობი თუ ჰქონდა ბატონ გოჩას?
_ კი. მამას ძალიან უყვარდა კერვა. ბავშვობაში მიკერავდა ჩანთებს, კაბებს. მერე ვერცხლისგან აკეთებდა სამკაულებს. ძალიან ლამაზ ნაკეთობებს ქმნიდა _ ბეჭდებს, სამკაულებს. აკეთებდა და გააჩუქებდა ხოლმე. ხელზე თავისი გაკეთებული ვერცხლის ბეჭედი ეკეთა.
_ თქვენთვის მოუძღვნია მამას სიმღერა?
_ კი. მე კი მქვია თათა, მაგრამ ბავშვობაში, არ ვიცი, რატომ, ყველა მეძახდა თაკოს. მამამ მომიძღვნა სიმღერა, რომელსაც ჰქვია „თაკო“. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მამა მყავდა. მიხარია, რომ ასეთი თბილი კომენტარები მომდის და ხალხს უყვარდა. სანამ ხალხს მამაჩემი ემახსოვრება, ის სულ ცოცხალი იქნება.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·