„სარკე“, ავთო ჩიტიძე
„ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დღეც დადგებოდა“, _ გვითხრა 9 წლის მილლი მალაზონიამ, ოქროსფერთმიანმა საოცარმა მოცეკვავე გოგონამ, რომელმაც მეგა შოუ „ნიჭიერის“ სცენაზე ფურორი მოახდინა. მართალია, მას ვერ წარმოედგინა, მაგრამ ზოგჯერ ნიჭიერი ადამიანების ცხოვრება ერთ წუთში იცვლება. მილლი მალაზონიამ „ნიჭიერის“ მაყურებელი და ჟიური ერთიანად მოხიბლა და აღაფრთოვანა.
მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ შოუს წამყვანი, აჩიკო სოლოღაშვილი, კულისებიდან დარბაზში, ჟიურისთან გაიჭრა და ოქროს ღილაკს დააჭირა ხელი. სცენა ოქროსფერი კონფიტით აივსო, დარბაზში ოვაციები არ ცხრებოდა…
თურმე ამ დღეზე მილლი 5 წლის ასაკიდან ფიქრობდა. ამის შესახებ თავად და მისმა დედამ, თათია ტუღუშმა, გვითხრეს. პატარა გოგონას თავის წარმოსახვაში არაერთხელ გაუთამაშია „ნიჭიერის“ სცენაზე გასვლა, ჟიურის წინაშე წარდგომა და ოქროს ღილაკის მიღება.
მილლის დედაც თავის დროზე წარმატებული ბავშვი იყო _ კარატეში შავი ქამრის მფლობელი, სამეჯლისო და სპორტულ ცეკვებში ჩემპიონი, მაგრამ გასული საუკუნის ბნელ 90-იანებში მისი ნიჭის სახალხოდ გამობრწყინება ვერ მოხერხდა.
თათია გვიამბობს, რომ სცენაზე თამამი, თავდაჯერებული და საოცრად არტისტული მილლი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულია _ თავმდაბალი და მშვიდი. მათ ოჯახში საღამოობით ხშირად იმართება პატარა სპექტაკლები და კონცერტები მილლის არტისტული გამოსვლებით, ეს მათი საყვარელი ტრადიციაა.
დიდ სცენაზე ტრიუმფის შემდეგ „სარკეს“ დედა-შვილი ესაუბრნენ.
_ თათია, მილლი სცენაზე უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით წარდგა. როგორია სახლში და როგორ მოხვედით „ნიჭიერამდე“?

თათია: სიმართლე რომ გითხრათ, შეიძლება სახლში, სკოლაში ან ეზოში არ იყოს ისეთი, როგორიც სცენაზეა. როცა სცენაზე დგება, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე არტისტია. სულ სხვადასხვა როლებს ირგებს და ეს სანახაობა არის ძალიან საინტერესო.
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს იყოს ძალიან თამამი, თუმცა რეალურად ძალიან თავმდაბალია და მშვიდი. ვფიქრობ, მისი ეს მსახიობური ნიჭი სცენას უხდება. როგორც ყველა ბავშვი, სახლში ლაღი და მხიარულია, თუმცა არა _ ზედმეტად შემაწუხებლი.
_ რა როლებს ირგებს ხოლმე?
_ გააჩნია, რას უყურებს, შეიძლება ტელევიზორში რამე მოეწონოს. ნებისმიერ მსახიობურ როლს ითავსებს. ჩაიცვამს, შეიქმნის იმიჯს და გვართობს ხოლმე ძალიან. ყოველ საღამოს გვაქვს სპექტაკლები. ეს ხდება ბავშვობიდან, 3 წლიდან ვერთობით ასე უფასო კონცერტებით, მილლის მონაწილეობით.
_ „ნიჭიერში“ თვითონ ითხოვა მისვლა?
_ სულ „ნიჭიერის“ მაყურებელი იყო და ყოველთვის წარმოედგინა, როგორ გადის ჟიურის წინაშე. ეს წარმოდგენები ყოველი ძილის წინ რიტუალად ჰქონდა. ეს ყველაფერი 5 წლის ასაკიდან დავიწყეთ. ყოველ საღამოს ოჯახის წევრები ვიყავით ჟიური, ხან ვირჩევდით, ხან არ ვირჩევდით. თუ ოქროს ღილაკს დავურტყამდით, კარგი საღამო გვექნებოდა მთელ ოჯახს.
ბოლოს ისე მოხდა, რომ ცეკვის ჩემპიონატზე ასპარეზობდა ძალიან კარგად და მისი ეს ვიდეო ძალიან გავარდა. „ნიჭიერის“ პროდიუსერებმაც ამ ვიდეოდან გვიპოვეს, დაგვიბარეს კასტინგზე და მისი ეს ოცნება ახდა.
_ თქვენ როგორ გულშემატკივრობდით, ნერვიულობდით? გჯეროდათ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა და ოქროს ღილაკს დაიმსახურებდა?
_ მჯეროდა, რომ საკუთარ თავს წარმოადგენდა საუკეთესოდ იმიტომ, რომ უდიდესი შრომა ჩავდეთ. დღეში 6 საათი ცეკვის ვარჯიშებს უთმობდა, უდიდესი შრომა ჩადო. იმდენად თავდაჯერებულია სცენაზე, რომ ვიცოდით, ნომერს საუკეთესოდ შეასრულებდა, თუმცა ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვია, ძალიან ბევრი კონკურსანტია, რომლებიც ალბათ თავიანთ სფეროში ასევე წარმატებულები არიან.
მილლის ეს წარმატება კარგა ხნით ადრე ჰქონდა რვეულში დახატული. დახატული ჰქონდა, როგორ გადის ამ ეტაპებს და იქ ეხატა, რომ, როდესაც პირველი ტური იქნებოდა, დაურტყამდნენ ოქროს ღილაკს. ეს ოქროსფერი ფანტელებიც უხატია და ეს რომ აუხდა, სასწაულია!
_ ფინალი როგორ აქვს დახატული?
_ რა თქმა უნდა, ყველა ტური გამარჯვებით აქვს დამთავრებული. ჩვენთვის ეს ოქროს ღილაკიც ძალიან დიდი შედეგი და გამარჯვება იყო იმიტომ, რომ უდიდესი გამოხმაურება აქვს ადამიანებისგან და დიდ სიყვარულს ვგრძნობთ.
_ უკვე მილიონი ნახვაც აქვს თქვენს ვიდეოს, ხომ?
_ კი, დღეს მილიონამდე ავიდა. (ინტერვიუ ჩაწერილია 6 ნოემბერს. რედ.).
.
_ მილლი, როცა ოქროს ღილაკი მოიპოვე, რა იგრძენი?
_ რეალობაში ეს ძალიან ემოციური იყო. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ არ გამოვაჩინე ჩემი ემოციები ისე, როგორც შინაგანად ვიყავი. წარმოვიდგინე, რომ ეს ჩემი სპექტაკლი იყო და მთავარ როლს ვთამაშობდი. რა ვიცი, რა არ მოვიგონე სცენაზე.
_ „ნიჭიერში“ გამოსვლაზე თურმე სულ პატარაობიდან ოცნებობდი. გჯეროდა, რომ ეს დღე დადგებოდა?
_ დედას სულ ვეუბნებოდი, „ნიჭიერში“ გამიყვანე-მეთქი, მაგრამ რეალობაში მართლა ვერ წარმოვიდგენდი, თუ ეს დღეც დადგებოდა. ეს დიდი ოცნება რომ ამიხდა, ძალიან გამიხარდა. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორი იყო „ნიჭიერის“ სცენა, როგორ გამოვიდოდი.
„ნიჭიერის“ სცენა ძალიან კაშკაშა, ძალიან ლამაზია, მაგრამ არ მეგონა, მაინც ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა.
_ ცეკვა ძალიან გიყვარს, ხომ? ბევრ დროს უთმობ?
_ კი, სულ ვცეკვავ. ახლაც რომ გესაუბრებით, მეცეკვება. ცეკვა დიდ შრომასაც მოითხოვს ჩემგან. მთელ თავისუფალ დროს ცეკვაზე სიარულს ვანდომებ.
_ კიდევ რა გაინტერესებს, რა მოგწონს, რა გინდა, რომ შეისწავლო?
_ მინდა, რომ ასევე ვისწავლო ცურვა.
_ რა შეიცვალა, რაც ეთერში გავიდა შენი ეპიზოდი? ალბათ ყველგან გცნობენ, გესალმებიან, გეფერებიან…
_ კი, ჩემი პარალელური კლასები მიმზადებენ სიურპიზებს, რაღაცებს მჩუქნიან და მეც ძალიან მიხარია. უცნობი ადამიანები მცნობენ და მეუბნებიან: „შენ „ნიჭიერში“ არ იყავი? მილლი, გილოცავ გამარჯვებას!“. ასეთები ძალიან მიხარია.
_ რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?
_ აი, ფილმებში რომ არის ხოლმე, გადიან წითელ ხალიჩაზე, ბევრი ადამიანი უკრავს ტაშს და ხელმოწერებს სთხოვენ… მოკლედ, მინდა, რომ პოპულარული ადამიანი გავხდე და სულ კამერის წინ ვიდგე. რაც „ნიჭიერის“ პირველ ტურში იყო, ეგ მინდა, მქონდეს მთელი ცხოვრება _ წითელ ხალიჩაზე რომ გავდივარ, უკან დაცვა რომ მიდგას და წინ უამრავი აღფრთოვანებული ადამიანია.
_ რას ურჩევდი იმას, ვინც შენ გიყურებდა „ნიჭიერის“ სცენაზე და ფიქრობდა, ოდესმე შეიძლება მეც ასეთი წარმატებული გავხდეო?
_ ვურჩევ, რომ არ დანებდნენ, იშრომონ, არ დაეზაროთ და მიაღწიონ წარმატებას.
sarkenews ახალი ამბები