ცხოველთა უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ელიზბარაშვილს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეეფარდა, რაც პროკურატურამ მას მუქარის ბრალდება წაუყენა. საქმე ეხება თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები ფიგურირებდნენ.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 63 წლის ელიზბარაშვილს ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი წლის გამოსაცდელი ვადით შეიცვალა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მას ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლო სხდომაზე ელიზბარაშვილმა დანაშაული აღიარა და განაცხადა: „მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ“, იტყობინება გამოცემა ელიზბარაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
„ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით“, – განაცხადა საქმის პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა. „ადვოკატების მონაწილეობით დაწერა განცხადება, მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, აღნიშნული აღიარების, მონანიების საფუძველზე, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები