თამარ ჩხეიძე: „ასე სასტიკად საბჭოთა კავშირი არ ექცეოდა მომიტინგეებს“

1 week ago 2

შორენა მარსაგიშვილი

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, აღფრთოვანებულია დღევანდელი ახალგაზრდობის ბრძოლითა და შემართებით. როგორც თამარ ჩხეიძემ „ქრონიკა+“-თან განაცხადა, დღეს რუსთაველზე მდგომმა ახალგაზრდებმა ეროვნული მოძრაობა სულ სხვა დონეზე აიყვანეს.

რა აქვს საერთო დღევანდელ ბრძოლას ეროვნულ მოძრაობასთან? რით სჯობია საბჭოთა მილიცია დღევანდელ რობოკოპებს? აქვს თუ არა ამ ბრძოლას აზრი და რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი, თამარ ჩხეიძე:

_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში უამრავი მიტინგი გამართულა, მაგრამ არცერთ მიტინგზე აღარ უმღერიათ „შავლეგო“, რომელიც ეროვნული მოძრაობის ჰიმნი იყო. ახლა ისევ დაბრუნდა „შავლეგო“ რუსთაველზე. ბევრმა თქვა, ხელახლა დაიწყო საქართველოში ეროვნული მოძრაობაო. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

_ ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული მოძრაობაა. შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც დღეს ხდება, ეროვნულ მოძრაობაზე მეტია, ეს არის ეროვნული სულის ინკარნაცია. ახალგაზრდობაში იფეთქა ამ სულმა. აქციაზე მდგომ სხვა ადამიანებში იფეთქა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახალგაზრდობაზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან წამყვანი ძალა ისინი არიან. ეროვნული სულია ამ ბავშვებში განსხეულებული. საოცარი ახალგაზრდობა გვყავს. ეს სული ეროვნულ მოძრაობაშიც იყო, მაგრამ ახლა ეს უფრო მკვეთრია. ამ ახალგაზრდების სახით იბრძვის და თავს იცავს ქართველი ერი. ამ აქციების ძალა ის არის, რომ მათი მოძრაობა საყოველთაოა.

_ თქვენც დაახლოებით ამ ახალგაზრდების ასაკში ჩაებით ეროვნულ მოძრაობაში და ყველაფერი კარგად გახსოვთ. ხშირად დღევანდელ მარბიელებს საბჭოთა მილიციას ადარებენ. თქვენ რას იტყვით? ისევე სასტიკად იქცევიან, როგორც მაშინ იქცეოდნენ?

_ მაშინდელ საბჭოთა მილიციას დავალებული ჰქონდა რეაქციული და ანტიეროვნული ქმედებები. ბევრი ცუდი რამე აქვთ გაკეთებული, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ვერ შევადარებ ერთმანეთს მათ და ივანიშვილის დაქირავებულ საშინელ რობოკოპებს. რობოკოპების გარდა კიდევ ბევრი ჰყავს დამრბევებად გამოყვანილი. ასე სასტიკად საბჭოთა კავშირი არ ექცეოდა მომიტინგეებს.

ყველაფრის მიუხედავად, ქართული საბჭოთა მილიცია უფრო თანაუგრძნობდა ეროვნულ მოძრაობას, ვიდრე ესენი. იმათ დავალება ჰქონდათ ანტიქართული, მაგრამ ისინი შინაგანად მაინც უფრო ქართველები იყვნენ. სისასტიკით გამორჩეულ დამრბევებს საბჭოთა მილიციას არც შევადარებ, მათ საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე მოსკოვის დავალებას ასრულებდა.

_ 1989 წლის 9 აპრილს, როგორც ამბობენ, ქართულმა მილიციამ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა რუსი ჯალათებისგან.

_ ბევრი გადაარჩინეს, ნამდვილად ასე იყო. 1978 წელსაც თანაუგრძნობდა მილიცია იმ ეროვნულ ტალღას, რომელიც წამოვიდა. მაშინ რუსებს ჩვენთვის ენის წართმევა უნდოდათ. მართალია, მათი დავალება ანტიეროვნული იყო, მაგრამ ბევრად მეტი ჰქონდათ შინაგანი თანაგრძნობა. იმედი მაქვს, რომ რობოკოპებს შორისაც არიან ასეთი ადამიანები. უმეტესობა იმ ნიშნითაა შერჩეული, რომ გამოავლინონ სისასტიკე და არ ჰქონდეთ არაფერი ეროვნული.

_ რა დაემართათ ამ ადამიანებს? ამ ზონდერებისა და რობოკოპების ნაწილი დამოუკიდებელ საქართველოშია დაბადებული და

როგორ შეიძლება, რომ ასე ებრძოდნენ დამოუკიდებლობას?

_ დაბადების წელს რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ოფიციალურად რუსეთში არ ვართ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. სამწუხაროდ, რუსული ძალისგან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება ბოლომდე ვერ მოვახერხეთ. ასე ღიად არა, როგორც დღეს ხდება, მაგრამ რუსული ძალა სულ მართავდა ქვეყანას. ისინი აკონტროლებდნენ თითქმის ყველა პროცესს. ამ რუსულ ძალას უკან უდგას საშინელი პუტინი. ეს ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილს რომ ეყრდნობოდეს, დიდი ხნის წინ ჩამოიშლებოდა. პუტინს ეყრდნობა და აქედან გამომდინარე, სანამ პუტინი არ მოუხრჩვიათ, ასე იქნება. მსოფლიო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პუტინი, რომელიც გახლავთ გლობალური ბოროტება, გაანეიტრალონ.  „ქართული ოცნება“ დღეს მხოლოდ ამ გლობალურ ბოროტებას ეყრდნობა. ის დღე თუ დადგა, რომ ეს ფაქტორი მოიხსნა, ერთ საათიც კი ვერ გაჩერდებიან ესენი აქ.

_ მარტო პუტინის ზურგით არიან ასე დარწმუნებული, რომ მათ ვერავინ და ვერაფერი მოერევა, თუ კიდევ არის რაიმე ფაქტორები?

_ ჯერჯერობით მისი ზურგი აქვთ ამათ და ამაშია პრობლემაა. თუმცა თუ ქართველი ერი განსაკუთრებულ გულმოდგინებას და თავგანწირვას გამოიჩენს, ყველაფერი სხვანაირად იქნება. ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა, მაგრამ შესაძლოა, პუტინმაც კი ვერ შეძლოს ქართველი ერის დაძლევა და დამონება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება.

_ საბჭოთა კავშირთანაც არაფერი უნდა გასვლოდა წესით პატარა საქართველოს, მაგრამ მაშინ ჩვენ შევძელით მათგან თავის დაღწევა.

_ ასე იყო. მაშინ ჩვენ შევძელით საბჭოთა კავშირისგან გამოსვლა, მაგრამ ამას ათწლეულები დასჭირდა. ახლა ამდენი ლოდინი არ შეიძლება. ახლა ეს ყველაფეი უფრო მალე უნდა მოხდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახალმა სოვეტიზაციამ დიდხანს იბოგინოს. სოვეტიზაცია რომ ამათი მიზანია, უკვე ღიად გაცხადდა. და ეს მიზანი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებშივე ღიად გააჟღერეს, უბრალოდ საზოგადოებამ მაშინ ეს ვერ ან არ დაინახა.

_ უფრო რომელი იყო, ვერ თუ არ?

_ ვერ გეტყვით. ზოგმა ვერ დაინახა, ზოგს არ უნდოდა, რომ დაენახა. პირველივე დღეებში სოვეტიზაციაზე საუბრობდა ივანიშვილი. ცხადად ჩანდა, რომ ის ამ მიზნით იყო ხელისუფლების სათავეში მოსული. ის ამ მისიით გამოაგზავნა მოსკოვმა საქართველოში. უბრალოდ მაშინ ასეთი ნაბიჯები არ გადადგა. მაშინ სხვა ეტაპი იყო და რუსებიც სხვა ეტაპზე  იმყოფებოდნენ. ახლა, როცა ამ ეტაპზე გადავიდა, „ოცნებამ“ ღიად განაცხადა თავისი მიზენებისა და ამოცანების შესახებ. ის კი ვიცოდით, რომ რუსული ძალა იყო, მაგრამ ასე პირდაპირ თუ მოინდომებდნენ 21-ე საუკუნეში ერთპარტიული სისტემის შექმნას, ვერ წარმოვიდგენდით. ასევე ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ საუკუნეში ვინმე არასამთავრობოების მოსპობას მოითხოვდა. თავიანთ მიზნად პირდაპირ დააანონსეს ტოტალიტარიზმი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რუსეთმა რაც დაავალა. ეს არის ახალ რეალობასთან შეგუება.

_ რას გულისხმობთ ამ ახალ რეალობასთან შეგუებაში?

_ რუსეთისთვის დაპყრობილი ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალს გადაფორმებას.

_ მას შემდეგ, რაც ევროპასთან მოლაპარაკებები შეჩერდა, ბევრი ფიქრობს, რომ შემდეგი ნაბიჯი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება უნდა იყოს. სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდა უკვე დაანონსებულია.

_ რუსეთისთვის აფხაზეთისა და ცხინვალის გადაფორმებისთვის ემზადებიან. მაგისთვის უნდოდათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. კიდევ კარგი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღეს.

_ დარწმუნებული იყვნენ, რომ პარლამენტში, სულ მცირე, 100 კაცს გაიყვანდნენ.

_ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს, რომ ამ არჩევნებში „გაიმარჯვეს“, მაგრამ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღოთ, ძალები უკვე აღარ ეყოთ. ეს კარგია, რომ „ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა არ აქვს. დე ფაქტო ხელისუფლება მაინც მიტაცებული აქვთ, ეს ფაქტია და ამას ვერსად წავუვალთ.

_ ისევ ახალგაზრდების პროტესტს დავუბრუნდეთ. მათ ბრძოლას არ ჰყავს ლიდერი. ლიდერის გარეშე რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს? ადრე თუ გვიან, მაინც საჭირო გახდება პოლიტიკოსების ჩართვა.

_ მე არ ვემხრობი იმას, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდების აქციებს არ უნდა გაეკარონ. პოლიტიკოსები არ მიეკუთვნებიან გაუკარებელ ფენას. ისინი აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესებში. ამასთანავე არც ის მიმაჩნია აუცილებლობად, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებს უნდა მიჰყავდეთ იქ სიტუაცია.

_ არ არის საჭირო მათი ჩართვა?

_ რასაც ვუყურებ, ახალგაზრდები მშვენივრად ართმევენ თავს საქმეს. იქ მარტო ახალგაზრდები არ არიან, ყველა ასაკის ხალხი დადგა სამშობლოს სადარაჯოზე. ამ აქციებზე არ ჩანს ვინმე ერთი ლიდერი. ამის მიუხედავად, იქ მყოფები თვითორგანიზების საოცარ უნარს ავლენენ. როდესაც პარტიები ატარებდნენ აქციებს, მაშინ ასეთი აჟიოტაჟი არ იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი ახალგაზრდების საყოველთაობას უფრო უჭერს მხარს, ვიდრე პარტიებს. ამასთან, არც ის შეიძლება, რომ პარტიები მტრულ ძალად დავსახოთ. არ არის კარგი მათი მტრულ ძალად წარმოჩენა. საყოველთაობა უნდა შენარჩუნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საყოველთაობაში ყველას ვგუულისხმობ _ პარტიასაც, უპარტიოებსაც.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა პარტიული ბრძოლა არ არის. ეს გახლავთ ეროვნული ბრძოლა, სადაც ეროვნული სული თავს იცავს იმ საშინელი გამოწვევისგან, რომელიც ახლა ჩვენ წინ არის. ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დგას ახლა საქართველო და ამას აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ.

_ ამ პროტესტს თან სდევს რეპრესიების მძლავრი ტალღა. ეს ხალხს ხომ არ შეაშინებს? თქვენი აზრით, გაგრძელდება პროტესტი, თუ ნელ-ნელა შესუსტდება და მერე საერთოდ გაქრება?

_ რეპრესიები ძალიან დიდია, მაგრამ არა მგონია, ამან პროტესტზე გავლენა იქონიოს. ახალგაზრდებს და არა მარტო მათ არ ეტყობათ, რომ რამის შეეშინდებათ. მათი პროტესტი და მათი ქცევა ძალიან თავისებურია.

_ რას გულისხმობთ თავისებურებაში?

_ ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი აქცია მინახავს. ეს პროტესტი წინა აქციებისგან რადიკალურად განსხვავდება. თავის სპეციფიკური მეთოდები აქვთ ამ ახალგაზრდებს. აქცია არ იშლება, ესენი საოცარ თავგანწირვას იჩენენ. უწინ აქციას რომ დაარბევდნენ, ყველა აქცია იშლებოდა. იტყოდნენ, დარბევა იყო და ამიტომ აქცია ავად თუ კარგად დასრულდა. ახლა ასე არ ხდება. აქციას ვერ შლიან. არბევენ და ისევ უკან ბრუნდებიან. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სხვანაირი აქციაა. ამათ თავისებური ხედვა აქვთ და თავისებური მოქმედებები. სრულიად ახლებური აქციები შემოგვთავაზეს.

_ ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს ამ თავისებურ აქციებთან გამკლავებას.

_ ვერ ვიტყოდი, რომ ახერხებს. ძალიან უჭირთ ამ პროტესტთან გამკლავება. აქციის დარბევა გამკლავება არ არის. ძალიან საშიშ მომენტში ვართ, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და არც ქართული სული აპირებს გაჩერებას. საქართველოა გადასარჩენი და ახლა უკან დახევა იქნება ძალიან მძიმე.

გარდა იმისა, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, უშვებენ მომწამლავ ნივთიერებებს. ეს არის ძალიან საშიში და კაცმა არ იცის, რა შედეგები მოჰყვება ამას სამომავლოდ. ჩვენი ახალგაზრდები ლამის ყოველდღე ისუნთქავენ ამ აირს. ეს ძალიან სახიფათოა. ცივდებიან ბავშვები ცივი წყლით. ეს არაა სახუმარო ამბავი. ჩვენი ახალგაზრდობა თავგანწირვის მაგალითებს გვაჩვენებს. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მთავარი მიზანი სამშობლოს გადარჩენაა.

_ ჯერჯერობით ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. არის მოსაზრება, რომ ვითარების შეცვლა მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუძლია. თქვენი აზრით, იქონიებს რაიმე გავლენებს სანქციები? რამდენიმე ქვეყანამ უკვე დააწესა სანქციები, მაგრამ მმართველი პარტია არ იმჩნევს.

_ ნახევარზომები თუ მიიღო დასავლეთმა, შედეგი ცხადია, არ იქნება. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ნახევარზომები ახასიათებთ. საჭიროა მათი მხრიდან გაბედული მოქმედებები. ოღონდ ისიც უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ეს ყველაფერი მიმართონ კონკრეტული დამნაშავეების მიმართ და არა ქვეყნის მიმართ. მთლად ისე ვერ გამოვა, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს მთლიანად, მაგრამ რაღაც ისეთი ზომები უნდა მიიღონ, რომ კონკრეტული პირები დაზარალდნენ. დამნაშავე პირების მიმართ ნახევარზომების გატარებას აზრი არ ექნება, გაბედული მოქმედებაა საჭირო. მარტო ის არაა საკმარისი, რომ ამერიკასა და ევროპაში ჩასვლა აუკრძალონ.

_ ამაზე ამბობენ, საერთოდ არ ჩავალთ ამერიკასა და ევროპაშიო.

_ არ დაიჯეროთ, რომ არ უნდათ წასვლა. მათი ცხოვრების წესი ისეთია, რომ სულ დასეირნობენ.

_ ივანიშვილი არსად დადის.

_ ივანიშვილი არა, მაგრამ მისი შვილები საზღვარგარეთ არიან. ისევე როგორც სხვა ჩინოსნების ოჯახები. ისინი ელემენტარული საყიდლებისთვისაც კი ევროპაში დადიან. ამიტომ ეს არ არის მათთვის პატარა დისკომფორტი. მაგრამ მარტო ამით არ უნდა შემოიფარგლონ, რაღაც სხვა არის საჭირო. ისეთი ზომები უნდა მოიფიქრონ, რასაც ეს პირები იგრძნობენ და მტკივნეულად განიცდიან.

ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ მსოფლიოში ყოფილიყო ისეთი მექანიზმი, რომელიც წინ აღუდგებოდა ადამიანის უფლებების ასეთ მასშტაბურ დარღვევას. ჩვენთან ახლა ასეთ დარღვევასთან გვაქვს საქმე. მსოფლიოს მასშტაბით უნდა შეიქმნას რაღაც სწრაფი რეაგირების კორპუსი, რომელიც ადამიანებს ხელისუფლებების მიერ აღვირახსნილი ძალადობისგან დაიცავს. სამწუხაროდ, ასეთი რამე არ არის. ერთადერთი მექანიზმი სანქციებია.

_ ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრ განცხადებას აკეთებენ. თქვენი აზრით, მათი განცხადებები რაზე მეტყველებს _ შეცბუნებულები არიან, თუ არაფერი ადარდებთ ჯერ?

_ შეცბუნებულები ნამდვილად არიან და როგორც უკვე გითხარით, მათ უკან რომ არ იდგეს პუტინი და რუსეთი, ისინი უკვე დამთავრებულები და გაქცეულები იქნებოდნენ. ამის გარდა, მათ ძალიან ეშინიათ პუტინის და აკეთებენ იმას, რასაც პუტინი უბრძანებს.

_ ეშინიათ და ამიტომ მიდიან ყველაფერზე?

_ მარტო შიში არ არის. მათაც მოსწონთ ისეთი მმართველობა, როგორიც რუსეთშია. მათ აქვთ რუსულ სისტემასთან ერთბუნებოვნობა. ამის გარდა ძალიან ეშინიათ. ეს ფაქტორი რომ არ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ გაბედავდნენ ამის გაკეთებას და არც ამდენი ხანი დარჩებოდნენ ხელისუფლებაში. ქართული საზოგადოება იოლად გაუმკლავდებოდა მათ. მგონი, გამკლავებაც არ დასჭირდებოდათ, ისე გაიქცეოდნენ ამ ქვეყნიდან უკან არ მოიხედავდნენ. ჯერ უკან არ იხევს ხელისუფლება, მაგრამ მათ განცხადებებში შეშფოთება უკვე აშკარად იგრძნობა.

მათი შეშფოთება დიდწილად აქციებითაა გამოწვეული, მაგრამ არანაკლები წვლილი შეიტანა იმ სამართლებრივმა მდგომარეობამ, რომელშიც ამ არჩევნების შედეგად ჩავარდნენ. არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა ორი ძალიან მნიშვნეოლოვანი მარცხი: პირველი იყო ის, რომ არჩევნებში პუტინისგან დავალებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეს და ამით მძიმე დღეში ჩავარდნენ. მეორე მარცხი იყო არჩევნების გაყალბება.

_ არჩევნებს საქართველოში ყველა ხელისუფლება აყალბებდა და ეს ლამის ნორმად გვექცა.

_ ამ შემთხვევაში არჩევნების გაყალბებაში გადაამლაშეს და ძალიან ხმაურიანი იყო ეს გაყალბება. ყველა არჩევნებს აყალბებდა საქართველოში ყველა ხელისუფლება, მაგრამ არცერთხელ არ მომხდარა ამის ასე „გაბაზრება“. ამ გაყალბებამ ძალიან აშკარად გამოჟონა და ეს მათთვის ძალიან დიდი მარცხია. მოკლედ რომ ვთქვათ, გააყალბეს სახელოვნად და გამჭვირვალედ. ამ არჩევნების სიმბოლო შემთხვევით არ გამხდარა გამოჟონილი შავი წერტილი.

_ საქართველოში იმედი აქვთ, რომ ამ ხელისუფლებას წერტილს ის გამოჟონილი შავი წერტილი დაუსვამს.

_ ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს. ძალიან საშიშ მომენტში იმყოფება ახლა საქართველო. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ყოველდღე ამ მომწამლავი აირის ჩასუნთქვა ძალიან საშიშია და მე ვნერვეულობ ჩვენს ახალგაზრდობაზე, რომელიც დღეს არ ეპუება რეჟიმს და ბრძოლას აგრძელებს. ნებისმიერ დარბევას და ძალადობას უკან დაბრუნებით და აქციის გაგრძელებით პასუხობს.  დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები. ეს ხელისუფლება უნდა შევაჩეროთ.

_ ამ ახალგაზრდების ასაკში როცა იყავით, სხვებთან ერთად დღევანდელ სისტემაზე არანაკლებ მძიმე რეჟიმთან გიწევდათ ბრძოლა. რა რჩევას მისცემდით დღევანდელ ახალგაზრდებს, რომლებსაც ისევ რუსეთის კლანჭებიდან უნდათ საქართველოს დახსნა და გათავისუფლება?

_ ზემოთ გითხარით, რომ საბჭოთა მილიცია ჩვენ ასე საშინელი მეთოდებით და ასე სასტიკად არ გვისწორდებოდა. შესაბამისად, ვერცკი ვიტყვი იმას, რომ საბჭოთა რეჟიმი უფრო საშინელი იყო, ვიდრე დღევანდელი. ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში ერთ მოვლენასთან გვაქვს საქმე და ამ მოვლენას რუსეთის იმეპრია ჰქვია, რომლის დამარცხება და განეიტრალება მსოფლიომ ვერ შეძლო. არადა, რუსეთი არის ბოროტება, რომელიც მთელ ცივილიზებულ სამყაროს უქმნის საფრთხეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობს პუტინის ფაქტორი და ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა გამოიჩინონ დიდი სიფრთხილე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შეწყვიტონ. ბრძოლა გასაგრძელებელია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე.

_ სიფრთხილის გამოჩენაში რას გულისხმობთ?

_ ყველა მიმართულებით სიფრთხილეა გამოსაჩენი. საბედნიეროდ, ჩემი რჩევის გარეშეც კარგად იციან ახალგაზრდებმა, რომ სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა და შეძლებისდაგვარად იჩენენ კიდევაც ამ სიფრთხილეს. ასეთი საშინელი დარბევაა და ამის მიუხედავად აქციის მონაწილეები არ გამოდიან კანონის ჩარჩოებიდან. ისინი თავის მძლავრ პროტესტს კონსტიტუციურ ფარგლებში გამოხატავენ.

თვალში საცემია აქციებზე წესრიგი და ორგანიზებულობა. არეულობასა და კანონების დარღვევაში არ გადადის ეს პროტესტი. სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, ასეთი ამბები ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენთან, საბედნიეროდ, ასე არ არის. ჩვენები კანონის ფარგლებიდან არ გამოდიან, მაგრამ ამავე დროს ძალიან მწვავედ გამოხატავენ პროტესტს.

დიდი იმედი და სურვილი მაქვს, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცენ რეჟიმს საბაბი, რომ კიდევ უფრო მწვავედ დაარბიონ აქციები. თუ დასჭირდათთ, ამას მაინც გააკეთებენ. სამაგიეროდ, ვერ ამბობენ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

_ კეთდება ასეთი განცხადებები.

_ ეს სერიოზული განცხადებები არ არის. ამის საბაბს აქცია არ იძლევა. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ეს არის მშვიდობიანი მიტინგი. მე ყოველთვის მიტინგების მშვიდობიანობის მომხრე ვარ და კონსტიტუციის ფარგლებში დარჩენის. ამჟამად საქართველოში კონსტიტუციას აქციაზე წარმოდგენილი პირები იცავენ. კონსტიტუციის დამრღვევი და მოწინააღმდეგე არის საქართველოს ხელისუფლება. ეს სტატუსკვო ბოლომდე უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ვართ კონსტიტუციის დამცველები, ხელისუფლება კი _ დამრღვევი.

The post თამარ ჩხეიძე: „ასე სასტიკად საბჭოთა კავშირი არ ექცეოდა მომიტინგეებს“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა