52
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,26 აგვისტოს მდინარაძემ დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელ პირებს “სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები” გააცნო. 27 აგვისტოს კი, თანამდებობაც დატოვა და პოლიტიკაც! და სამომავლო გეგმებიც შეცვალა. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა გამოარკვია: წერილი ღარიბაშვილს მართლა შეუგზავნეს, წერილი მდინარაძის დავალებით შეუგზავნეს და რაც მთავარია, ღარიბაშვილს შეუთვალეს, რომ წერილის ავტორი თითქოსდა ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილს კი, ამ წერილთან არაფერი ჰქონდა საერთო. ამიტომაც შეცვალა საკუთარი “სამომავლო გეგმები” მდინარაძემ.
ახლა კი, თანმიმდევრობით განვიხილოთ, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ მოხდა.
საიდუმლო არაა, რომ ოცნების პროპაგანდას არა ჟურნალისტი, არამედ გამომძიებელ- ადვოკატი მდინარაძე ხელმძღვანელობდა. შედეგი? იმედი, რუსთავი-2 , საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო დამარცხდნენ, ვერ აჯობეს ტვ პირველს, ფორმულას, მთავარს და კიდევ ოცდაათიოდე ინტერნეტ- ბლოგერს ანუ პროპაგანდის კუთხით სრული კრახია. კრახია პოლიტიკური კუთხითაც: კობახიძის საბჭოური კანონები დასმენების შესახებ, “ტროტუარების” შესახებ, უკანონო პატიმრები, აქციების დარბევა! სრული კრახია დასავლეთთან ერთიერთობებში, დაპირისპირება და ჩიხია ქვეყნის გარეთად და შიგნითაც! სახეზეა, ასევე, ეკონომიკური და სოციალური კრახი. რაც მთავარია, დასავლეთიც და ჩვენი მოსახლეობაც ყველაფერზე პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს.
ამ პრობლემების გარჩევა ივანიშვილთან დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო, როცა მდინარაძე ჯერ კიდევ სუსს ხელმძღვანელობდა. ცხადია, კობახიძე- მდინარაძე ივანიშვილს არ გამოუტყდებოდნენ და არ ეტყოდნენ,- ჩვენი ბრალიაო. ისინი ამტკიცებდნენ: დასავლეთში ყველაფერს სააკაშვილი, ბოკერია და კანდელაკი გვიფუჭებსო, აბა, ხომ არ ეტყოდნენ: საბჭოეთში რომ დავაბრუნეთ ქვეყანა, ამისი ბრალიაო?! ივანიშვილი პასუხობდა: გავიგე, რომ ქვეყნის გარეთ ყველაფერი სააკაშვილების ბრალია, მაგრამ ქვეყნის შიგნით რაც ხდება, ეს ვისი ბრალიაო?! სააკაშვილებს 20%-ზე ნაკლები უჭერს მხარს და დანარჩენმა 80%-მა რატომ შეგვაქცია ზურგიო? ჰოდა, კობახიძე-მდინარაძემ მორიგი ტყუილი შეთხზეს: ეს ინაშვილის ბრალია, რომელსაც ზურგს ღარიბაშვილი უმაგრებს, ის გებრძვით ციხიდანო. ამ ცრუ თეორიის გასამყარებლად ქვეყნის ყველაზე მასშტაბურმა პოლიტიკოსმა (ნინო წილოსანის შეფასებით)- მამუკა მდინარაძემ გეგმა მოიფიქრა: ღარიბაშვილს ციხეში თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დაწერილი წერილი შეუგზავნა. ელოდებოდა, რომ ღარიბაშვილი პირდაპირ ივანიშვილს დაუპირისპირდება, ჩემი და ჩუბინიძის გვარიც იმიტომ ახსენა, რომ ამ ხაფანგში ჩვენი ჩათრევაც სურდა. მოკლედ, “უკონკურენტო მასშტაბის პოლიტიკოსს” პატარა ომის წამოწყება სურდა, რომელიც მისი და კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს დროებით მაინც გადაფარავდა. დანარჩენი ვიცით. მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. რაც ფარული იყო, გაცხადდა და მდინარაძესაც სამომავლო გეგმები უეცრად შეეცვალა. ახლა კობახიძე ყოველდღე უმტკიცებს ივანიშვილს: არაფერ შუაში ვარ და არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ცრუობს: იცოდა.“
საერთაშიროსო alia.ge