საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიები დაიწყო. მოგეხსენებათ, იანვარში თასის გათამაშება მერვედფინალიდან დაიწყო და მონაწილეებმა ორმატჩიან სერიებში საუკეთესო 8 გუნდი გაარკვიეს, რომლებიც მეოთხედფინალში დაწყვილდნენ. 4 წყვილიდან დღეს 2-მა ითამაშა – შეხვედრები გორსა და ზესტაფონში გაიმართა, სადაც მასპინძელმა გუნდებმა, შესაბამისად “ივერიონმა და “მარგვეთმა” ტურნირის ფავორიტი გუნდები მიიღეს.
ზესტაფონში სათამაშოდ თასის შარშანდელი გამარჯვებული თსუ ჩავიდა, რომელმაც ძალიან იოლი გამარჯვება მოიპოვა – 108:86 (სტატისტიკა). უფრო საინტერესო კი ისაა, რომ უნივერსიტეტელებმა გამარჯვებას ფაქტობრივად 6 კაცით მიაღწიეს. თსუ-ს ტრავმების გამო აკლდა ოთარ ფხაკაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი. ზესტაფონელთა წინააღმდეგ მოედანზე 8 კალათბურთელი გავიდა, თუმცა ორმა – ლუკა ღორაშვილმა და საბა გეგუჩაძემ ჯამში ხუთიოდე წუთი ითამაშეს.
თსუ-მ მესამეს გარდა ყველა პერიოდი მოიგო და საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. თსუ-ს ულიდერა დევონტრე ტომასმა, რომელმაც 31 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. კარსონ ბაშამმა 28 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა., გიორგი ცინცაძის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი – 18 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა. მას სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.
ესე და ამგვარად, თსუ-ს 22-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს და საპასუხო მატჩში, რომელშიც ნომინალური მასპინძელი იქნება, ამაზე მეტი სხვაობით თუ არ წააგო, ოთხთა ფინალში გავა.
ძალიან საინტერესო გამოდგა მატჩი გორში, სადაც 2 წამყვანი მოთამაშის გარეშე ივერიონმა, რომელსაც მეორე პერიოდში ამერიკელი ოსტონ ჩატმანიც გამოაკლდა, “ქუთაისი” დაამარცხა – 90:87 (სტატისტიკა).
გორელებს ტრავმის გამო ნიკა ჩეჩელაშვილი და ივა მეგენეიშვილი აკლდათ, თუმცა ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლეს და ბევრით ვერა, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს. სამქულიანი ჰანდიკაპი ბევრი არაფერია და “ქუთაისი” შინაურ მატჩში ეცდება ამ ჩამორჩენის ამოღებას და ოთხთა ფინალში გასვლას.
ივერიონს ნიკოლოზ დარბაიძემ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა. 21 ქულა და 5 პასი რევაზ როგავამ მოაგროვა, 18 ქულა და 9 მოხსნა ჯეი პალის ანგარიშზეა.
თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის დარჩენილი მატჩები 5 თებერვალს გაიმართება: რაში ვსა-ს უმასპინძლებს, ხოლო ბათუმი – გურჯაანის დელტას.