„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ აპირებს სამართლებრივი პასუხი გასცეს მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ „მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას“, რომელიც მოიცავს ბრალდებებს, თითქოს იგი ე.წ. თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობს.
ივანიშვილის თქმით, წლების განმავლობაში „კონკრეტული ძალები“ აწარმოებდნენ „მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას“ მისი და მისი ოჯახის მიმართ და „პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს“. მან აღნიშნა, რომ მისი ადვოკატი იქნება დავით ასათიანი, რომელიც 2017-2025 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო და მის დახმარებით ის მის მიმართ გაჟღერებულ „თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს“ მოითხოვს.
ივანიშვილის განცხადებით, ეს ბრალდებები „კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია“, რომელიც „ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება“. მან ასევე დასძინა: „დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა“.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში „კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები“, რომლებიც მან არ დაასახელა, „აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. „ქოლცენტრებს“ ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ“.
„მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია“, – განაცხადა მან.
ივანიშვილმა ასევე გააკრიტიკა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, ეფუძნება „ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია“.
„მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“, – განაცხადა ივანიშვილმა. „მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი“.
„მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, – დასძინა მან.
This post is also available in:
civil ახალი ამბები