თბილისი 3+3 რეგიონული ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს 

1 week ago 21

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 ფორმატის პირველ ექსპერტულ შეხვედრაში, რომელიც 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, – განუცხადა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ 4 ივნისს.

საგარეო უწყების განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ პირველ ექსპერტულ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი მიიღებს მონაწილეობას.

3+3 პლატფორმის პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წელს გაიმართა. ინიციატივა მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და სამ მეზობელ რეგიონულ ძალას, მათ შორის რუსეთს, ირანსა და თურქეთს, შორის რეგიონული დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. ქართულ დელეგაციას ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია იმ მოტივით, რომ ვერ დაესწრებოდა შეხვედრას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მასპინძლობდა – ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა