WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან „ბიზნესმა“ მიაწოდა იმ დეფიციტის ფონზე, რამაც რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და მხოლოდ აუცილებელი მომსახურების უზრუნველეყოფისკენ უბიძგა.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის საპასუხოდ, კობახიძემ დაადასტურა, რომ საწვავიც მართლაც შევიდა აფხაზეთში, თუმცა ის „ბიზნესმა“ შეიტანა.

„აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, შეიტანა ბიზნესმა“, – განაცხადა კობახიძემ და დაადასტურა, რომ ასეთი ზომები დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით“, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან ბიზნეს საქმიანობას არეგულირებს. „ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ „ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში“.

„ჩვენ გვაქვს მათ შორის პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა მან.

კობახიძის განცხადებამდე, იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საწვავმა ენგურის ხიდი გადაკვეთა.  

12 აგვისტოს, ტელეკომპანია „პირველმა“ განაცხადა „მოძრაობა აფხაზეთისთვის” დამფუძნებელის, ნუკრი ნოდიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საწვავი თბილისიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურის ხიდის გავლით მიეწოდა. ნოდიამ აღნიშნა, რომ გაურკვეველია, კონკრეტულა ვის მიეწოდა ტვირთი და რომ მიწოდების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან გავრცელდა.

„აფხაზს ყოველთვის საწვავს აწვდიდნენ რუსები, მაგრამ დღევანდელი დღით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დიფიციტია“, – განაცხადა ნოდიამ. „არის მწვავე კრიზისი და არის რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე“.

ოკუპირებულ რეგიონში უკვე რამდენიმე კვირაა საწვავის დეფიციტია. 10 აგვისტოს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ საწვავის მარაგების შესახებ შეხვედრა მოიწვია, რომელსაც სხვა დე ფაქტო ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

ადგილობრივი გამოცემა „აფსნიპრესი“ იტყობინება გუნბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საწვავის მარაგების შეფერხებები სოხუმის კონტროლის მიღმა არსებულმა „გარემოებებმა“ გამოიწვია და რომ დე ფაქტო ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად ნორმალიზებისთვის“.

გუნბამ ასევე გასცა მითითება, რომ არსებული მარაგები პრიორიტეტულად უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ასევე სამედიცინო, სოციალური და მუნიციპალური სამსახურებისთვის გამოიყოს.

This post is also available in: English