WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.

„ამ კონკრეტულ კორპუსში, რაც მოვიძიეთ ინფორმაცია, [გაზის დანადგარების გამართულობის] შემოწმება ბოლოს ჩატარებული არის 2026 წლის იანვარში. მანამდე, ჩატარებულია 2025 წლის იანვარშიც და უნდა ჩატარებულიყო 2027 წლის იანვარშიც“, - განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

„კონკრეტულად ამ პიროვნებასთან, ეს ბინა იყო დაკეტილი, იმიტომ, რომ არ ფიქსირდება არცერთი კუბი ხარჯი 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე“, - განაცხადა მან 19 ნოემბერს „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას „პირველებში“ სტუმრობისას.

მან დააზუსტა, რომ ამ ბინაში „მობინადრეს გაზი არ მოუხმარია, - ანუ გადასახდელი ფული, როგორც ყველას მისდის მოხმარებული ბუნებრივი აირის, მასთან იყო ნული ლარი“ და „ფაქტობრივად, ბინა იყო დაკეტილი“.

„დეკემბრიდან დღემდე გაზი არ დაუწვია“

„სავარაუდოდ, ახლა გააღო - გუშინ, გუშინ, ეს ჩვენთვის უცნობია - მაგრამ ფაქტია, რომ ამ მობინადრეს გაზი არ დაუწვია დეკემბრიდან ამ დრომდე“, - თქვა მან და კიდევ ერთხელ დააზუსტა:

„სულ რომ 25 თეთრის გაზი დაეწვა, მიუვიდოდა ელექტრონული ქვითარი. ჩვენ რა ქვითრებიც გვაქვს გაგზავნილი [2025 წლის] დეკემბრის შემდეგ, არის ნული ლარი“.

აფეთქებული კორპუსი ფონიჭალაში

აფეთქებული კორპუსი ფონიჭალაში

მისი თქმით, მეპატრონესთან კონტაქტი კომპანიის წარმომადგენელს „მეზობლის დახმარებით“ ჰქონდა:

„მე რაც მოვიძიე ინფორმაცია, შემოწმების დროს ჩვენი თანამშრომლის მიერ მოხდა მეზობლების დახმარებით კონტაქტი ამ პერიოდის განმავლობაში, - „მობრძანდით, გაგვიღეთ ბინა, რომ შევამოწმოთ“, - და კონკრეტულმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ იმყოფება თბილისში და ჩამოვიდოდა და შემდეგ დაგვიშვებდა მის კუთვნილ ბინაში“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძემ.

აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

ბინის მეპატრონე, 31 წლის კაცი კლინიკაში მძიმედაა. მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან ერთი ბავშვია, სამი ქალი და ერთი კაცი.

მაშველებმა ცოცხალი იპოვეს და ამოიყვანეს სამი წლის ბავშვი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ჯანმრთელობა არ ემუქრება.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს ნანგრევებში.