თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

6 hours ago 2
ლაშა გოგნიაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალი უფროსი. ფოტო: კადრი შსს-ს ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ახალ უფროსად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დასახელდა.

გოგნიაშვილი 2024 წლის მარტიდან გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მსახურობდა. ის მანამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2018 წელს ქვემო ქართლის რეგიონის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

გოგნიაშვილის მიმართ წარსულში პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებები გაჟღერდა. 2012 წელს, მაშინდელი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ქარელში პოლიციის უფროსად მუშაობისას მათ მიმართ ძალადობის გამოყენებაში დადანაშაულეს.

2012 წლის 24 სექტემბერს, გიორგი ბერუაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ქარელში, განაცხადა, რომ გოგნიაშვილი და სამი პოლიციელი მას ქუჩაში დაუპირისპირდნენ და მისთვის იარაღის ჩადება სცადეს. ბერუაშვილის თქმით, გოგნიაშვილი მას გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა