თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 სექტემბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევის, ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის ყოფილი თანაშემწისა და პოლიტიკური თანამოაზრის, რუსეთში ექსტრადიციის შესახებ. დაცვის მხარე ექსტრადიციის მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და შიშობს, რომ მოსკოვისთვის გადაცემის შემთხვევაში მას შესაძლოა არასათანადო მოპყრობის საფრთხე დაემუქროს.
ადვოკატების თქმით, ტიმოფეევს, რომელსაც რუსეთი 2000-იანი წლების დასაწყისში ბიზნესმენების სავარაუდო მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში მონაწილეობაში ადანაშაულებს, ჯანმრთელობა სერიოზულად შერყეული აქვს.
60 წლის ტიმოფეევი საქართველოში იანვარში დააკავეს, ინტერპოლის მიერ 2024 წლის აპრილში გაცემული წითელი ცირკულარის საფუძველზე. თუმცა, მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ინტერპოლმა ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი 2025 წლის სექტემბრიდან გააუქმა ცირკულარი და ამტკიცებენ, რომ მისი 2026 წელს დაკავება უკანონოა. ადვოკატების თქმით, მას ასევე უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე საქართველოში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ და სასამართლომ დაადგინეს, რომ მისი საქმეზე არ დასტურდება პოლიტიკური მოტივების არსებობა.
ტიმოფეევმა ადრე რვა წელი რუსეთის ციხეში გაატარა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაშინ მის მიმართ მოპყრობასა და დაკავებასთან დაკავშირებით დარღვევები დაადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარემ და სასამართლომ პოლიტიკური მოტივები გამორიცხეს და რუსეთის ხელისუფლების მიერ ტიმოფეევის უფლებების შესახებ გაცემული გარანტიები მისაღებად მიიჩნიეს, რასაც მისი ადვოკატები არ ეთანხმებიან.
ტიმოფეევის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რუსუდან მჭედლიშვილმა, „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ დაცვის მხარეს შვიდი დღე აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასასაჩივრებლად. შემდეგ უზენაეს სასამართლოს ხუთი დღე ექნება გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ის ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს. ტიმოფეევის დაცვა ასევე გეგმავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი ექსტრადირება.
მჭედლიშვილის თქმით, ტიმოფეევს ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა აქვს, მათ შორის ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პრობლემები და მალთაშუა დისკის თიაქარი, და საჭიროებს ყავარჯნის გამოყენებას. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ის ვეგეტარიანელია და ინვალიდობის მუდმივი სტატუსი აქვს, რომელიც მას რუსეთის ციხეში ყოფნის დროს მიენიჭა, რაც ექსტრადიციის შემთხვევაში მის მკურნალობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას კიდევ უფრო ზრდის.
უფლებადამცველმა და საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გააკრიტიკა რუსეთში დაგეგმილი ექსტრადიცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2025 წლის გადაწყვეტილებაზე მიუთითა, სადაც საქართველოს მთავრობაზე დაყრდნობით წერია, რომ 2022 წელს ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეწყვეტის შემდეგ საქართველოს რუსეთში „არც ერთი პირის ექსტრადიცია არ განუხორციელებია“. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე დადო პირობა, რომ არგადაცემის მიდგომას შეინარჩუნებდნენ, სანამ ერთიანი ევროპული პოზიცია არ ჩამოყალიბდებოდა ამ საკითხზე.
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებგვერდის მიხედვით, წელს, თებერვალსა და ივლისში, საქართველოს მიერ სამი პირის ექსტრადირების გადაწყვეტილებაა მიღებული.
„რუსეთში პატიმრების გადაცემა შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს და არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ მათი ძირითადი უფლებები იქ იქნება დაცული. ისინი აღარც ევროპული კონვენციის წევრები არიან და სამწუხაროდ საქართველოს გრამი ბერკეტი არ აქვს ხელთ გადაცემული პირების დასაცავად“, – აცხადებს ბურჯანაძე.
რუსული საგამოძიებო გამოცემა „The Insider“-ის ინფორმაციით, ტიმოფეევი სერგეი ფურგალის ახლო მოკავშირე იყო. ეს უკანასკნელი 2018 წლიდან 2020 წლამდე ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი იყო.
ფურგალი 2020 წელს დააკავეს და მოგვიანებით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2004-2005 წლებში ბიზნეს კონკურენტების მკვლელობების სავარაუდო ორგანიზებისთვის. მისმა დაპატიმრებამ ხაბაროვსკში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და „არჩევნებში კრემლის კანდიდატის დამარცხებისთვის“ დაწესებულ სასჯელად აფასებდნენ.
ფურგალის დაპატიმრების შემდეგ, ტიმოფეევმა რუსეთი დატოვა და მოგვიანებით დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს იმავე პერიოდში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებთან დაკავშირებულ საქმეზე. „The Insider“-ის ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ტიმოფეევი იმ ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც სავარაუდოდ ფურგალმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ნიკოლაი მისტრიუკოვმა, ბიზნეს კონკურენტების განადგურების მიზნით შექმნეს. მოგვიანებით, ის ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოფეევი 2020 წლიდან საზღვარგარეთ დაცვას ითხოვდა, თავდაპირველად ჩინეთში გაიქცა, შემდეგ კი ტაილანდში ცდილობდა თავშესაფრის მიღებას, სანამ 2024 წელს საქართველოში ჩამოვიდოდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები