თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

1 month ago 20

დღეს, 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

აქციას უერთდებიან სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“ და „ჯიუტი“. მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად 14:00 საათზე შეიკრიბებიან. გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:30 საათზეა დანიშნული.

პარალელურად, აქცია გაიმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც. „ტალღისა“ და „ჯიუტის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი გააპროტესტებენ „რუსულ კანონს“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელახლა დააინიციირა და 15:00 საათზე ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილოს:

„8 აპრილს, 14 საათზე სამოქალაქო მოძრაობების, ტალღას და ჯიუტის ინიციატივით ორ ლოკაციაზე, საქართველოს პარლამენტის უკან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება საპროტესტო აქცია „არა რუსულ კანონს – თავისუფლება ლაზარეს“. აქციას უერთდებიან სამოქალაქო ჯგუფები: კარი, მწვანეები, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის.

8 აპრილს, 15 საათზე პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ჩანიშნულია კანონპროექტის განხილვა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“, რომელიც თავისი არსით რუსულია. ზუსტად ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება“ — ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის მარტში საზოგადოებამ უკან გაატანინა რუსული კანონი, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი:

„ახლა კი რუსული ხელისუფლება ასრულებს რა რუსეთის დავალებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის სტატუსს. ამ პროცესებს შორის მჭიდრო კავშირია, ამიტომ გადავნაწილდებით და შევიკრიბებით როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ“ — აცხადებენ ორგანიზატორები.

სრულად წაკითხვა