WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19 ნოემბერს, თბილისის ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო კიდევ შვიდი პირის, მათ შორის სამი ბავშვის, ძებნისა და გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

„დაახლოებით ერთი საათის წინ შემოსულია ჩვენ კლინიკაში დამწვრობით, ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის, მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%-ი; ამას ემატება სასუქნთი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა“, – განუცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ „ტვ პირველს“.

„სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დიაგნოზია“, – აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ოთხივე პირი სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანისას კონტაქტური იყო. მისი თქმით, დაშავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის არეში აქვს დაზიანება, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ასევე, მიმდინარეობს, სამწუხაროდ, სამაშვებო ღონისძიების ფარგლებში შვიდი პირის ადგილსამყოფელის დადგენა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მათ შორის სამი ბავშვია.

„სულ რაღაც ნახევარი საათის წინ გადმოიხარა საყრდენი კედელი და წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და უკნიდან მუშაობენ აქტიურად ბიჭები“, – დასძინა მან.

რაც შეეხება აფეთქების სავარაუდო მიზეზს, მინისტრის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება გაზის გამათბობლის გაუმართაობას.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ცალკე განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზებულ ოთხ პირს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ადგილზე მისულმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია მთლიანი საცხოვრებელი კორპუსის სტრუქტურულ მდგრადობას აფასებს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება მაცხოვრებლებისთვის სასტუმროებში განთავსების პირობებს უზრუნველყოფს.

This post is also available in: English