თბილისის ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმის გეგმის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადების ფაქტზე წაუყენეს ბრალი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2026 წლის აპრილი-მაისის თვეში სოციალურ ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და განიზრახეს სკოლაზე თავდასხმის, რბევისა და ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„კერძოდ, მათ შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვუს მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ამ მიზნით არასრულწლოვნებმა შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა „განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ“.
დამოუკიდებელი მედია საშუალების „სანდო წყაროს“ ინფორმაციით, ორი 14 წლის მოზარდი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით. გამოცემა იტყობინება ერთ-ერთი დაკავებულის მამის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.
მამის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სასტარტო პისტოლეტი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 225-ე მუხლების პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენება) წარედგინათ.
ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მეორე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა შუამდგომლობით სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე „კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები