თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა

2 weeks ago 5

საქართველოს რამდენიმე ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, აქციების გაშუქების დროს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მასში ძირითადად მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თბილისში მედიის წარმოამდგენელები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მსვლელობით გადაინაცვლეს. იქ, სადაც გასული ათი ღამის განმავლობაში აქციები იმართებოდა, თბილისის მერია ახალი წლის ნაძვის ხეს აწყობს.

„სულ ვიმეორებ, რომ შესაძლოა ჩვენი აუდიტორიის ნაწილს არ ვუყვარდეთ, ან სხვა ჟურნალისტები უფრო მოსწონდეთ... მედიის ფუნქციაა ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, ამიტომ ძალიან ცალსახაა, რომ მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტები ხართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დიანა ტრაპაიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტმა.

რესპუბლიკის მოედანზე მისულმა დემონსტრანტებმა ნაძვის ხის კონსტრუქციაზე აქციებზე დაშავებული მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები გამოაკრეს.

ბათუმში ამბობენ, რომ აქციების დაწყების პირველივე დღეებიდან ნათელი იყო, რომ ჟურნალისტები იყვნენ სამიზნეებად ქცეული.

„თქვენ ხედავთ, როგორ სასტიკად ეპყრობიან ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ მხოლოდ კრიტიკული მედიის დადუმება კი არ არის მიზანი, ფიზიკურად განადგურების რისკის ქვეშ ვდგავართ ისე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე, რომელთა ძალადობასაც ჩვენ ვუყურებთ ყოველდღიურად“, - თქვა ირინა ყურუამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა.

ბათუმი

ბათუმი

ქუთაისში შეკრებილი ჟურნალისტები ამბობენ, რომ უკვე ათი დღეა ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება ომია დამოუკიდებელი მედიის მიმართ.

„ასეთი აქცია რამდენიმე დღის წინაც გვქონდა. მაშინ გურამ როგავას ფოტო მეჭირა ხელში. დღეს მაკა ჩიხლაძის ფოტო ავარჩიე. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანები გახდნენ სენსიტიურები იმის მიმართ, რაც დღეს ხდება... რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ ვთქვათ, ქვეყანაში არის დიქტატურა?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას „ფორმულის“ ჟურნალისტმა, ეკა ფხაკაძემ.

ქუთაისი

ქუთაისი

ზუგდიში აქციაზე მყოფი ადამიანები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი მოთხოვნაა, ჟურნალისტებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამუშაო გარემო.

ზუგდიდი

ზუგდიდი

აქცია გაიმართა გორშიც.

გორი

გორი

მეთერთმეტე დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

სრულად წაკითხვა