თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ პოპოვს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა და საქართველოდან მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც მან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, აივნიდან მოშარდა. მას ასევე სამი წლით აეკრძალა საქართველოში ხელახლა შემოსვლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ პოპოვი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს პასუხისმგებლობას წვრილმან ხულიგნობაზე (166-ე მუხლი), ასევე საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღებასა და ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებებზე (171-ე მუხლი).
ინციდენტი მას შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც საქართველოს მოქალაქემ, თეონა გოლოძემ ვიდეო გამოაქვეყნა. მისი თქმით, იგი კაფეში იჯდა, როდესაც მამაკაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ზედა სართულის აივნიდან მოშარდვა დაიწყო.
გოლოძის თქმით, იგი ფეხზე ადგა და ინციდენტის ვიდეოგადაღება დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცი ბინაში შებრუნდა. ამის შემდეგ გოლოძემ პოლიცია გამოიძახა. გოლოძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ისმის, თუ როგორ ყვირის მამაკაცი „სლავა როსიი“ („დიდება რუსეთს“).
ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ მოგვიანებით პოპოვი აღიარებს ჩადენილ ქმედებას, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ აბაზანა დაკავებული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, პოპოვმა აღნიშნული ქმედება სასამართლო სხდომაზეც აღიარა და სინანული გამოთქვა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები