თბილისში აქციები გრძელდება - 21 დეკემბერს 20-ზე მეტი მარში გაიმართა

10 hours ago 2

რუსთაველის გამზირზე ისევ ხალხმრავლობაა - ავტომობილების სავალი გზა გადაკეტილია. მთავარ აქციას თანდათან უერთდებიან დღის განმავლობაში დაგეგმილი აქცია-მსვლელობების მონაწილეები. ​​​​​​​პროტესტის 24-ე დღეს, 21 დეკემბერს, თბილისში 20-ზე მეტი მარში იყო დაგეგმილი.

მეგრელები - თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ, სვანები - ფილარმონიასთან; ქართლელები - მზიურის პარკთან, იმერლები - მარჯანიშვილის მოედანზე; რაჭველები - ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ, ხოლო მესხების მარშმა - რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი. ქუთაისელები - რეზო გაბრიაძის თეატრთან შეხვდნენ ერთმანეთს, აჭარლები - ევროპის მოედანზე; არაგველების მარშის მონაწილეები ბუკიას ბაღში იყვნენ დაბარებული.

მსვლელობა მოაწყო ISET-მა, “ბენდუქიძის უნივერსიტეტმა” - ქუჩაში სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გამოვიდნენ. ცალკე იყო გაფიცული ლექტორებისა და სტუდენტების მარში. მათი მსვლელობის დროს აღმაშენებლის ხეივანი და თბილისის სხვა ქუჩები და გამზირები გადაიკეტა.

21 დეკემბრისთვის მარშები ცალ-ცალკე დაგეგმეს ტატუ-არტისტებმა, გეიმერებმა, მოცეკვავეებმა, უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მასწავლებლებმა, იოგის მოყვარულებმა და პროფესიონალებმა. მსვლელობა დაგეგმეს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია - აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

სრულად წაკითხვა