თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, მედიის მხარდასაჭერი მარში იმართება. მარში ნაწილია კამპანიისა "სინათლე არ უნდა ჩაქრეს", რომელიც საზოგადოების დამოუკიდებელი მედიის პრობლემებზე ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად და ცდილობს იმის ახსნას, რომ დამოუკიდებელი მედია განადგურების საფრთხის წინაშეა.
"მედიას ვერ გააჩუმებთ. ერთადერთი, ვინც გაჩუმდება, იქნება ქართული ოცნება", - თქვა აქციაზე ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ, რომელიც "მედიაჩეკერს" წარმოადგენს.
"დამოუკიდებელი მედიით სუნთქავს დღეს საზოგადოება და დღეს ყველაზე სანდო მედია არის ონლაინმედია", - უთხრა რადიო თავისუფლებას გამოცემა "აპრილის" დამფუძნებელმა ხატია ღოღობერიძემ.
"მედიის თავისუფლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - ძირითადი და არსებითი მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება. ყველაფერი არის ამაზე დამოკიდებული და ჩვენ ინფორმაციის გარეშე არაფერი და არავინ ვართ, ამიტომ ეს უნდა შევიგნოთ და მგონი, რომ ეს შეგნებაც ჩანს დღეს და კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა მედიის დასაცავად, იმიტომ რომ ჩვენ, ყველა დამოკიდებული ვართ თქვენზე", - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მარშში მონაწილეობდა.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი, რომლებიც თითქმის შეუძლებელს ხდის საზღვარგარეთიდან დონორების მოზიდვას და უცხოური დაფინანსების მიღებას დასავლური ფონდებიდან. როგორც "აგენტების შესახებ" კანონი, ისე ამერიკული "ფარას" ანალოგიით შექმნილი კანონი დამოუკიდებელი მედიის ფინანსურად დასუსტებას აჩქარებს და მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არცერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.
მედიის შემზღუდავი კანონების ნაწილი მიმართულია თავად ჟურნალისტური საქმიანობის გართულებაზე - რიგ ადგილებში, მაგალითად, სასამართლოებში აიკრძალა გადაღება. ჟურნალისტები აღარ არიან დაცული წყაროს გაუთქმელობის პრივილეგიით და შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროთ ისეთ შემთხვევებზე, როცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებად ჩათვლის რომელიმე საჯარო პირი.