WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

25 სექტემბერს თბილისში თურქი არტისტის, პოპულარული DJ-ის ბერატ მერტ დემირის (Berat Mert Demir) ცოცხალი კონცერტი იგეგმება.

„Berat Mert Demir პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მსმენელის წინაშე ცოცხლად წარდგება თავისი გამორჩეული მუსიკითა და პოპულარული ჰიტებით“, - ნათქვამია სოციალურ ქსელებსა და Biletebi.ge-ზე გავრცელებულ ანონსში.

კონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე Republic Event Hall-ში უნდა გაიმართოს.

ჟურნალისტი გიგა ბენია სოციალურ ქსელში წერს, რომ არტისტი რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და თბილისში დაგეგმილი კონცერტის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

„გვამცნობენ, რომ ეს თურქი დიჯეი თურმე პირველად ჩამოდის საქართველოში. ბერატ მერთი რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთში იმყოფებოდა. აფხაზეთი საქართველო აღარაა? ოკუპაციის შესახებ კანონი გავაუქმეთ?“ - წერს ბენია.

ბერატ მერტ დემირის სოხუმში გამართული კონცერტიდან სოციალურ ქსელებში არაერთი ვიდეოა გავრცელებული.

არტისტის Instagram-გვერდზეც არის გამოქვეყნებული სოხუმში გადაღებული ვიდეო, თუმცა პოსტში ქალაქი მითითებული არ არის. ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარში წერს:

„ცოტა სამწუხაროა იმის დანახვა, რომ კონცერტის შემდეგ სოციალურ ქსელებში არც ერთხელ არ მიგითითებიათ, სად იმყოფებოდით. (…) იმედი მაქვს, ეს უბრალოდ დამთხვევაა, რადგან აფხაზეთშიც დიდი სიყვარულით გელოდებოდნენ და ასევე დიდი სითბოთი მიგიღეს“.

ბერატ მერტ დემირი ოკუპირებულ აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან შევიდა - სოხუმამდე ის სოჭში უკრავდა.

თუ ეს ასეა, მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მიმართულებიდან უშვებს, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

რადიო თავისუფლებამ შეკითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა - კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში მისცემენ თუ არა თურქ დიჯეის საქართველოში შემოსვლის უფლებას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.