15 სექტემბერს თბილისში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბიზნესსექტორის წევრებმა „ტრამპ თაუერის“ პროექტი წარადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, Trump Organization-ისა და მისი ქართველი პარტნიორების ხელმძღვანელები, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვაჟმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა, დამსწრე საზოგადოებას დისტანციურად მიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული უძრავი ქონების კონგლომერატის Trump Organization-ის გეგმები თბილისში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად „ტრამპ თაუერის“ აშენების შესახებ პირველად აპრილში გაჟღერდა. პროექტი, 62-სართულიანი ცათამბჯენი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება, რომელიც თბილისის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს. ის იქნება ერთ-ერთი იმ ექვსი ცათამბჯენიდან, რომლებიც პროექტის Downtown Tbilisi ფარგლებში აშენდება; პროექტი დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციასა და 600 000 კვადრატული მეტრის ფართობზე მშენებლობას მოიცავს. ოფიციალური პირების განცხადებით, „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის დასრულება 2031 წლისთვის, ხოლო პროექტის Downtown Tbilisi დასრულება 2033 წლისთვის იგეგმება.
პროექტის ადგილობრივ პარტნიორებს შორის არიან: Biograpi Living („ინვია ჯგუფის“ წევრი), Archi Group, Finvest Georgia და Blox Group, ხოლო კიდევ ერთი პარტნიორია ნიუ-იორკში დაფუძნებული Sapir Organization.
15 სექტემბრის ღონისძიება თბილისში, მთაწმინდის პარკში გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, დასწრება ჩვეულზე მაღალი იყო, რის გამოც ზოგიერთ სტუმარს ფეხზე დგომა მოუწია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე; ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი; Archi Group-ის თანადამფუძნებელი ილია წულაია; Invia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ფხაკაძე; ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ Trump Organization-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები — ლოურენს ჯ. გლიკი და რონ ლიბერმანი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი „თამამი განაცხადია, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით“.
„ეს მასშტაბური თანამშრომლობა აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერია”, – განაგრძო მან. „საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით“.
„ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად – ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს პროექტი „ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის“.
ერიკ ტრამპი, რომელმაც გახსნის ცერემონიაში პირადად მონაწილეობა ვერ შეძლო, ღონისძიებას ვირტუალურად შეუერთდა.
„ჩვენ ვაკვირდებით ეკონომიკას; მოვუსმინეთ ეკონომიკის მინისტრს: მშპ წლიურად 10 პროცენტით იზრდება“, – განაცხადა მან ქართულად სინქრონული თარგმანის თანახმად. „საქართველო უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა“. მან ხაზი გაუსვა საქართველოს „კულტურულ ასპექტს“, „ბუნებრივ სილამაზესა“ და სატრანსპორტო მდგომარეობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც „გზაგასაყარზე“ იმყოფება.
„ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ იმ ქვეყნებში, სადაც სტუმართმოყვარეობის დონე მაღალია“, – განაცხადა მან და დასძინა: „ძალიან მინდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული შენობები გვქონდეს. მამაჩემი ამას მხარს უჭერს“.
პროექტი თბილისში მშენებარე „ცენტრალური პარკის“ (ყოფილი იპოდრომის ტერიტორია) მიდამოებში განხორციელდება. 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში Wall Street Journal-მა (WSJ), სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ „პროექტმა ფინანსური სარგებელი მოუტანა იმ ქართველი მილიარდერის ოჯახს, რომელსაც აშშ-მა 2024 წლის ბოლოს სანქციები დაუწესა – ბიძინა ივანიშვილს“.
WSJ წერს, რომ „როდესაც დეველოპერებმა 2023 წელს ივანიშვილის ოჯახის მიერ კონტროლირებადი ფონდისგან მიწის შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფონდს მოგვიანებით 85 მილიონ დოლარამდე თანხას გადაუხდიდნენ“. გამოცემამ პროექტის წარმომადგენელზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ „დეველოპერებმა თანხა ეტაპობრივად გადაიხადეს და გარიგება სრულად ივლისში დასრულდა“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები