ცხოველთა უფლებების დამცველებმა და მოქალაქეებმა 1 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ 30 ოქტომბერს გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენები იყო ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძაღლების სამარხები. ხელისუფლება ცხოველების არასათანადო მოპყრობას უარყოფს და აცხადებს, რომ კადრებში „კანონიერი“ პროცედურაა ნაჩვენები.
სიუჟეტში ნაჩვენებია, თუ როგორ გადაჰქონდათ ღამით, მიკროავტობუსებით, ძაღლების გვამები და ყრიდნენ მათ თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოსთან არსებულ მასობრივ სამარხში. ცხოველთა უფლებების დამცველებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში უპატრონო ძაღლები, მათ შორის ჯანმრთელი ცხოველებიც, შესაძლოა სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი არიან, რაც, შესაძლოა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებულ მასობრივ ევთანაზიასაც მოიცავდეს.
თბილისის მერიამ უარყო ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა. მერიაში აცხადებენ, რომ ტელეკომპანიამ ფაქტები დაამახინჯა, ხოლო კადრებში ნაჩვენები სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. „მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება“, – აცხადებს მერია.
„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია“, – აღნიშნა მერიამ. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებური გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან, გადაადგილებისა და ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან“.
სიუჟეტის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას დაუდასტურა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ცხოველთა უფლებების დამცველმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ Zero Strays Georgia ხელისუფლების მიმართ მოთხოვნები წამოაყენა და აღნიშნა, რომ აუცილებელია „გამჭვირვალე, სრულყოფილი გამოძიება; დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც გამოიკვლევს სიკვდილის მიზეზს და დაადგენს, გამოყენებული იყო თუ არა სედაცია ან ანესთეზია; სრული დოკუმენტაცია სამარხში ნაპოვნი ცხოველების შესახებ, მათ შორის სამედიცინო დასკვნები, გამოყენებული პრეპარატები და სიკვდილის მიზეზები; ახსნა-განმარტება, რატომ არ მარხავენ ცხოველებს ბიოთერმულ ორმოებში, რაც დაავადებათა გავრცელების პრევენციას მოახდენდა“.
აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ „სრულად ამოღებული იყოს ყველა სამარხიდან ყველა ლეში”. მისი თქმით, ცხოველები „უნდა იყოს დათვლილი, იდენტიფციირებული, იმიტომ, რომ რამდენიმე ძაღლი ამოიცნეს ადამიანებმა, რომლებიც მანამდე ეძებდნენ და პასუხი ვერ მიიღეს მონიტორინგიდან“.
აქციაზე გამოსვლისას ბლოგერმა თორნიკე რაზმაძემ მოუწოდა საზოგადოებას, გააძლიერონ კონტროლი იმ დაწესებულებებზე, სადაც უპატრონო ცხოველები ჰყავთ. მისი თქმით, დაინტერესებულ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ თავშესაფრებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში ნებისმიერ დროს შესვლის უფლება, შესაძლოა, შესაბამის უწყებებში წინასწარ წარდგენილ ვიზიტორთა სიის საფუძველზე.
This post is also available in:
civil ახალი ამბები