თეა ჩეჩელაშვილი: „იმდენი უარყოფითი სიტყვა მივიღე ადამიანებისგან, რომ კატებთან ურთიერთობას ვამჯობინებ” როგორ შეხვდა ყოფილი ჟურნალისტი 50+ასაკს - „ეს საკუთარი თავის პატივისცემისა და დაფასების ასაკია"

18 hours ago 15

 „იმდენი უარყოფითი სიტყვა მივიღე ადამიანებისგან, რომ კატებთან ურთიერთობას ვამჯობინებ"„სარკე“, ლიკა ოსაძე

ყოფილი ჟურნალისტის თეა ჩეჩელაშვილის გზა ეზოთერიზმამდე და პარაფსიქოლოგიამდე უბრალო პროფესიული ცვლილება არ იყო, ეს შინაგანი ტრანსფორმაციის შედეგი გა-ხლდათ. დღეს იგი ტაროს კარტს შლის, ენერგიებზე მუშაობს და ამბობს, რომ სწორედ ზეციურმა ძალებმა უბიძგეს ამ გზისკენ. საკუთარი შინაგანი წესრიგის პოვნით ის ცხოვრებას სხვაგვარად უყურებს და აღარაფრის დამალვას ცდილობს.

თეა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს სოციალურ ქსელში და გარეგნობაში ცვლილებები აშკარად თვალშისაცემია. მასთან საუბარიც სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

– თეა, ამ ბოლო დროს გარეგნულად ძალიან შეიცვალეთ, საკმაოდ დაიკელით, არა?

– წონას ვებრძვი, მაგრამ ბრძოლა უკომპრომისო უნდა იყოს, რასაც ვერ ვაკეთებ. ისე მცირე ხნით ვართ მოსულები დედამიწაზე, რომ ადამიანებმა არაფერი უნდა დავიკლოთ ამქვეყანაზე. ქუთაისელი ვარ და მოგეხსენებათ, ქუთაისური სამზარეულო როგორი მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია. ჩემი ერთ-ერთი ვაჟი სპორტსმენია, თავისი სპეციალური დიეტა აქვს და სულ მსაყვედურობს, რაც უნდა დიეტა დაგინიშნო, წახვალ და მაინც ხაჭაპურს შეჭამო. მიყვარს ცომეული, მაგრამ ფიზიკურად გავაქტიურდი. ცურვაზე დავდივარ.

– არ გიფიქრიათ ბარიატრიულ ოპერაციაზე, რომელიც დღეს ასეთი პოპულარულია?

– არა. ადრე უფასოდ შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი და არც ახლა გავიკეთებ. ბოტოქსიც პირველად სულ ახლახან გავიკეთე. ახლა ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ მალე ადამიანის ასაკის გამოცნობა გაგვიჭირდება. ცოტა ნაოჭიც კარგია, სულ გადაჭიმული სახეც არ ვარგა. არ მომწონს, ყველას ერთნაირად რომ აქვს სახე გადაჭიმული. გოგონების 60%-ს ინდივიდუალურობა აქვს დაკარგული, ყველას ერთნაირად აქვს სახე, ცხვირი, ღაწვები, წარბები, ტუჩები და ასე შემდეგ. რაღაც შენიც უნდა დაიტოვო, რომ ინდივიდუალიზმი არ დაკარგო.

– თმის ფერი შეგიცვლიათ. წითელის მაგივრად შავი რატომ შეარჩიეთ?

– თმაზე ექსპერიმენტები დავასრულე. ყველანაირ ფერზე მქონდა შეღებილი და დამიზიანდა. ჩემი თმის ბუნებრივი ფერი შავია, ამიტომ შავად შევიღებე, რაც ორგანულად ერწყმის ჩემს გარეგნობას.

– ჩაცმის სტილზე რას გვერტყვით, ამ მხრივაც შეგეცვალათ გემოვნება?

– ახლა უფრო გემოვნებიანად მაცვია, ვიდრე ახალგაზრდობაში მეცვა. 90-იანი წლების შვილი ვარ და ჩემს ახალგაზრდობაში ასე თავისუფლად ვერ ჩაიცვამდი. მაშინ მოდაში შავი ფერი და როლინგები იყო. გოგონას მოკლე კაბა ან შარვალი რომ ჩაეცვა, ყოვლად მიუღებელი იყო. აღარ ვლაპარაკობ სიგარეტის მოწევაზე, ერთ ყურზე ორი საყურის გაკეთებაზე და ასე შემდეგ. ტატუს გაკეთებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ახლა ტატუც მაქვს და თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

– ამჟამად თქვენს გარდერობში რა უფრო ჭარბობს?

– სპორტული და პრაქტიკული ტანსაცმელი. საზაფხულო კაბებიც მიყვარს, მაგრამ ზამთარში უფრო სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.

– ძალიან იხდენთ დიდი ზომის, ფერად სამკაულებს. ბიჟუტერიას უფრო ხმარობთ, ვიდრე ძვირფას სამკაულებს?

– ძვირადღირებული სამკაულები მომპარეს და მას შემდეგ გრამი ოქროც არ შემიძენია. ბრილიანტებს ჩემთვის ბედნიერება არ მოაქვთ. 2013 წელს აბსოლუტურად გამძარცვეს. მაშინ თვეების მიყოლებით სახლიდან მიქრებოდა ყველაფერი. სახელმწიფოს მოვთხოვე, გამოეძიათ ჩემი საქმე, მაგრამ… ეს ბევრისთვის ცნობილი თემაა და აღარ მინდა, ჩავუღრმავდე.

მართლაც მაქვს არაჩვეულებრივი სამკაულები, პრაქტიკული აქსესუარები, რომლებიც სიმსუბუქეს მანიჭებენ.

– ძალიან კარგი სახის კანი გაქვთ. რა საშუალებებით უვლით მას?

– მყავს ჩემი კოსმეტოლოგი, რომელიც არაჩვეულებრივ საცხებს მიმზადებს. ძალიან მიყვარს სახისა და ფრჩხილების მოვლა. ჩემი სუსტი წერტილი ფრჩხილები და თმაა.

– ცხოვრებაში ადვილად ეგუებით ცვლილებებს?

– პიროვნულად მიჭირს ცვლილებები, უფრო კონსერვატორი ვარ. რაღაცას რომ მივაღწევ, მიყვარს იქ დარჩენა და არ მიყვარს ექსპერიმენტები. რაც უფრო მეტი გამოცდილება გემატება, უფრო დიდ და ვრცელ ჰორიზონტს უყურებ. ასაკის მატებასთან ერთად ყველაზე “საკაიფო” შედეგი და ნიშან-თვისება ის არის, რომ არ ტყუვდები, ხვდები ადამიანების ნააზრევს და ნაფიქრალს. ცხოვრებაში ცვლილებები აუცილებელი პროცესია.

– პროფესიით ჟურნალისტი ხართ, მაგრამ, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ეზოთერიკით და პარაფსიქოლოგიით დაინტერესდით. რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ და რა შეცვალა ამან თქვენში?

– ეს დაგეგმილად არ მომხდარა, ეს ზემოდან მოხდა, ანუ ზეციურმა ძალებმა მიბიძგეს ამისკენ. 7 წლის წინ ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, ჩემი პროფესია ხელიდან გამომეცალა, ისეთ ადამიანებს შევხვდი, რომ… შემოვრჩი მარტოობას და განვავითარე ჩემი ძალები ეზოთერიკაში.

ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, რომ არც რადიო მინდოდა და არც ტელევიზია და სახლში ჩავიკეტე. მაშინ მოხდა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ეს იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ თუ შენში არ ზის ეზოთერიკის პატარა მარცვალი, ამ სფეროში ვერ განვითარდები. ეზოთერიკა მოითხოვს დიდ შრომას. დღესაც სულ სწავლის პროცესში ვარ და ახალ ინფორმაციას ვეძიებ. ეზოთერიკა 21 მეცნიერების ნაზავია.

– ტაროსაც შლით, ინტერნეტსივრცეში გაქვთ თქვენი გვერდი “ქურუმი ქალის ტარო”. როგორია გამოხმაურებები?

– დიახ. 5 წლის წინ შევარჩიე სახელი და ჩემი გვერდი გავხსენი. ფუნდამენტურად ვსწავლობ ტაროს, ტაროლოგი ვარ და ტაროს ვშლი. მყავს ჩემი მომხმარებელი.

– რამდენად გულწრფელი ხართ მათთან, ყოველთვის ეუბნებით სიმართლეს, როცა ტაროს კარტი ცუდს გიჩვენებთ?

– ადამიანს ისე უნდა მიუდგე, რომ არ შეაშინო. ჩემი წინა პროფესია ამაში ძალიან დამეხმარა. მაქვს ნიჭი, რომ ადამიანებში ნდობა გამოვიწვიო. ადამიანს ვაწვდი ინფორმაციას და ის შესაბამისად იქცევა. როცა ინფორმირებული ხარ, შეიარაღებულიც ხარ.

– ამ ბოლო დროს ტაროთი მოზარდებიც არიან დაინტერესებული. თქვენი აზრით, რამდენად სასურველია მცირეწლოვანი ბავშვების დაინტერესება ტაროს გაშლით?

– ყოვლად მიუღებელია!

– საკუთარი თავისთვის თუ გაგიშლიათ ტარო?

– არა. თუ დამიჯერებთ, საკუთარ შვილსაც კი არ ვუშლი ტაროს. ძალიან ახლობელ ადამიანებს ტენდენციურად ვუდგები. ერთხელ ძალიან ახლო მეგობარს პირადული პრობლემა ჰქონდა, ტაროს კარტი გავუშალე და მოვატყუე. მინდოდა, კარგი მეთქვა, სინამდვილეში ტარომ ცუდი მიჩვენა. მერე ჩემმა ტყუილმა ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ქალის ცხოვრებაზე. ამის შემდეგ ახლობელს ტაროს აღარ ვუშლი. უცხო ადამიანს უფრო პირდაპირ ვეტყვი.

– თქვენი შვილების რეაქცია როგორი იყო, როცა ტაროს გაშლა დაიწყეთ?

– ჩვენ გამიჯნული გავაქვს ყველაფერი, რაც პირადულად გვეხება. ადამიანებს გგონიათ, რადგან ასეთ სფეროთი ინტერესდები, შავ მაგიასთან გაქვს კავშირი, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ყველაფერს ენერგიები განაგებს, როგორ დაიმუხტები, როგორ ენერგიას გასცემ და ასე შემდეგ.

რამდენი შედის ეკლესიაში და ბოროტი გულით ანთებს სანთელს? რამდენი უშვებს სამყაროში ბოროტ ენერგიას? ასე რომ, ყველაფერს გადაწყვეტს ენერგია. ჩვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ენერგია ერთვის. ყველაფერს თავისი ენერგია აქვს, დადებითსაც და უარყოფითსაც, უსულო საგანსაც და სულიერსაც. ეზოთერიკა შეიძლება ბოროტიც იყოს ისევე, როგორც ლოცვა. ზოგჯერ სასულიერო პირები ადამიანებს ანათემას, ხატს გადასცემენ…

სიტყვას ხომ აქვს თავისი ძალა? სიტყვა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. სიტყვით ძალიან ბევრი რამ ხდება, კარგიც და ცუდიც.

ამ ბოლოს იმდენი უარყოფითი სიტყვა მივიღე ადამიანებისგან, რომ ჩემთვის ჩავიკეტე. ძალიან მივეჩვიე ჩემს ჩაკეტილ საზოგადოებაში ყოფნას, მყავს რამდენიმე კატა და მათთან ურთიერთობას ვამჯობინებ, ვიდრე ადამიანების 90%-თან ურთიერთობას. კატები არ თამაშობენ, ადამიანები თამაშობენ, არტისტები არიან. ცხოვრებამ იმდენ ნიჭიერ თუ უნიჭო არტისტს შემახვედრა, მირჩევნია, ჩემი სამი კატის ატრაქციონს ვუყურო.

ძველ ეგვიპტეში კატებს მისტიკურ არსებებად აღიქვამდნენ. თქვენც იმიტომ ხომ არ გამოარჩიეთ ეს ცხოველები?

– ბავშვობაში კატები არ მიყვარდა, რადგან მეზობლის კატები წიწილებს მიჭამდნენ. ძაღლები მიყვარდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ კატა კულტად გავიხადე. კატა ერთადერთი ცხოველია, რომელიც საკურთხეველში შედის. ძაღლი რომ შეგეპაროს საკურთხეველში, შეიძლება ის საკურთხეველი დაანგრიო კიდეც. კატა ჰყავთ მონაზვნებს და ბერებს. სასწაული ცხოველები არიან.

2024 წლის იანვარში მომიყვანეს პირველი კატა, მაშინ კნუტი იყო. როგორც კი ის შემოვიდა ჩემს სახლში, რადიკალურად შემეცვალა ცხოვრება. მაშინ აფორიაქებული ცხოვრება მქონდა, კატამ ყველაფერი კალაპოტში ჩააყენა. კატები საერთოდ ენერგომატარებლები არიან. კატამ ჩემი ცხოვრების წესი შეცვალა.

– შვილებზეც გვიამბეთ. თქვენი ვაჟები რა პროფესიის არიან?

– როგორც გითხარით, ერთი სპორტსმენია, მეორე – იურისტი და იუსტიციის სამინისტროში მუშაობს, თბილისში ცხოვრობს. დაოჯახებული არც ერთი არ არის. ერთი 33 წლისაა, მეორე – 32-ის, მაგრამ დაოჯახებას არ ჩქარობენ. არც მე ვაჩქარებ. თავად უნდა გადაწყვიტონ, როდის შექმნიან ოჯახებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი თემაა შინაგანი თავისუფლება. ჩვენ უფლება არ გვაქვს, მეორე ადამიანს ვუდირიჟოროთ. რჩევას მივცემ, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია.

– თქვენ გვერდით თუ არის დღეს საყვარელი მამაკაცი?

– არა, არ არის, სრულიად ვეკუთვნი საკუთარ თავს და ჩემს პროფესიას.

– არ არის იმიტომ, რომ განსაკუთრებულს ელოდებით?

– შემდგარი უნდა იყოს ჩემზე მეტად, ჩემნაირი იუმორი, ინტელექტი უნდა ჰქონდეს. ადამიანმა ენერგეტიკით უნდა მიგიზიდოს. სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ამის სურვილიც არ მაქვს. ისეთი ადამიანი რომ გამოჩნდეს, ცოტათი მაინც დამანახოს ჩემი ანარეკლი, გამიხარდება, მაგრამ ჩემს ასაკში ეს ძალიან რთულია.

– დავუშვათ შეგხვდათ ადამიანი, რომელიც თქვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, გადადგამთ ნაბიჯს და მესამედ შექმნით ოჯახს?

– არა. ჰარმონიული ურთიერთობები რატომაც არა, მაგრამ ოჯახის შექმნა – არა. ოჯახის შექმნა ცუდად მაქვს დაცდილი, თუმცა ყველა ასაკში ყველას სჭირდება თავისი სულიერი მეგობარი.

– დაბოლოს, რა ეტაპი დგება ქალის ცხოვრებაში 50 წლის ზემოთ?

– ქალებისთვის 50+ საკუთარი თავის პატივისცემისა და დაფასების ასაკია. ეს არის ძალიან ლამაზი შემოდგომა, როცა მოსავალი აღებული და დაბინავებულია, ამიტომ დატკბით საკუთარი თავით და შედეგებით.

სრულად წაკითხვა