„მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!“ - წერია თეატრის გავრცელებულ განცხადებაში.
„თუმანიშვილის თეატრის“ მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რესტროან „ბაბილოსთან“ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მასთან ერთად დააკავეს კიდევ რვა ადამიანი - ყველა მათგანს პოლიცია მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოს“ წინ, საპროტესტო აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება კორპორაციულ წვეულებაზე.
რესტორანში შესასვლელად მოსამართლეებს ე.წ. სირცხვილის დერეფნის გავლა და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შეძახილების მოსმენა მოუწიათ. აქციის მონაწილეებმა მოსამართლეებს ასევე ესროლეს კვერცხები.
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო. რესტორანთან მიიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
დღის ბოლოს მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.
„ბაბილოსთან“ გამართული აქცია ბოლო 48 დღის განმავლობაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის ნაწილია. ამ დღეებში პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ასობით ადამიანი, მათ შორის 45 სისხლის სამართლის წესით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული „ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. პროტესტის ნიშნად ამ თეატრმა გააუქმა სპექტაკლებით.