აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამეჯლისო დარბაზის აშენება გადაწყვიტა. დარბაზის ფართობი 8,3 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი დოლარია, იტყობინება თეთრი სახლის ადმინისტრაცია.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტები და ადმინისტრაციები „150 წლის განმავლობაში ოცნებობდნენ თეთრი სახლის კომპლექსში გრანდიოზული საბანკეტო დარბაზის აშენებაზე“.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ამის განხორციელებას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.
მისივე თქმით, არცერთი მისი წინამორბედი პრეზიდენტი არ ყოფილა სამეჯლისო დარბაზების მშენებლობის ოსტატი, მაშინ როცა ის „ამის ოსტატია“. სამეჯლისო დარბაზი შენობის აღმოსავლეთ ფრთის ადგილას აიგება, რომლის მშენებლობა ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს, 1942 წელს დასრულდა.
„მე ყოველთვის კარგი დეველოპერი ვიყავი და ჩვენ მას სწრაფად და დროულად ავაშენებთ“, – დასძინა ტრამპმა და ორჯერ გაიმეორა, რომ დარბაზი ლამაზი იქნება. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ეს არ დაარღვევს მთავარი შენობის მთლიანობას.
„ეს იქნება დიადი მემკვიდრეობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ახალი დარბაზი სამჯერ მეტ ადამიანს დაიტევს, ვიდრე წვეულებებისთვის გამიზნული East Room-ი, რომელიც მხოლოდ 200 ადამიანს იტევს.
„დარბაზიდან ვაშინგტონის მონუმენტის ხედი გადაიშლება. ის მთავარ შენობასთან ახლოს იქნება და არსებული შენობის სტილს გაიმეორებს. იცით, როდესაც დიდ ღონისძიებებს აწყობთ, ჩინეთის პრეზიდენტს ან ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს მასპინძლობთ, უამრავი ადამიანი იყრის თავს და ყოველთვის კარვის გაშლა გიწევთ. როცა თოვს ან წვიმს, ეს კატასტროფაა. კარავი მთავარი შესასვლელიდან 100 მეტრში მდებარეობს, დაშორება ფეხბურთის მოედანზე დიდია და ხალხი კარვისკენ სრიალ-სრიალით მირბის. ეს არც ისე ლამაზი სანახაობაა. როდესაც ლამაზ საღამოს კაბებში გამოწყობილი ქალები, იდეალური ვარცხნილობით, კარავს მიაღწევენ, საშინელ ფორმაში არიან“, – დასძინა ტრამპმა.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა მომავლის დარბაზის ესკიზები, რომლის ინტერიერი ოქროსფერშია გადაწყვეტილი. მას მდიდრული ჭაღები ამშვენებს.
დარბაზის ასაშენებლად საჭირო თანხებს თავად ტრამპი და სხვა დონორები გამოყოფენ, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება. ტრამპის თქმით, „ამ საქმეში მსოფლიოში საუკეთესო რამდენიმე არქიტექტორი“ ჩაერთვება, სავარაუდოდ სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და ტრამპის მეორე ვადის ბოლოს, 2029 წლის იანვარში დასრულდება.
AP-ის ცნობით, ეს პრეზიდენტის რეზიდენციის პირველი სტრუქტურული ცვლილება იქნება მას შემდეგ, რაც ჰარი ტრუმენმა 1948 წელს აივანი დაამატა.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ ტრამპი თეთრ სახლს საკუთარ მარ-ა-ლაგოს „ოქროსფერ“ რეზიდენციას ამსგავსებს – ოქროს მიმართ თავისი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ტრამპმა მთელ ოვალურ კაბინეტს ოქროს აქცენტები დაამატა. როგორც ჩანს, მას სხვა ცვლილებებიც აქვს დაგეგმილი: NBC News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ აბრაამ ლინკოლნის საძინებელში „საშინლად გარემონტებული“ აბაზანა მე-16 პრეზიდენტის ეპოქის სტილს უფრო შეესაბამება და მისი შეცვლა სურს.
მანანა ბანძელაძე