საქართველოს პროკურატურამ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ 23 წლის სტიქაროსნის თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
დაკავებას წინ უძღოდა ხადურის ოჯახის ხანგრძლივი მოთხოვნა საქმის გამოძიების თაობაზე. ოჯახი ეჭვობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა პოლიციელებმა მოკლეს დევნის ოპერაციის დროს, მას შემდეგ, რაც მან პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა. ახალგაზრდის ცხედარი 2024 წლის აგვისტოში, გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის მიმდებარედ იპოვეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ორ დაკავებულს ცრუ ინფორმაციის მიწოდება, ხოლო მესამეს ცრუ ინფორმაციის მიწოდება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. აღნიშნული ქმედებები ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებამ განაცხადა, რომ 25 აგვისტოს, თემურ ხადურმა სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა. აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი.
პროკურატურამ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამჯერ გაისროლეს, თუმცა ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში ,თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ გაავრცელა. „ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დაკავებულია“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“ და მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა პროკურატურას და საგამოძიებო ჟურნალისტებს, კერძოდ ნოდარ მელაძეს და მის გუნდს.
„ტვ პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტში, რომელიც 2025 წლის მარტში გავიდა ეთერში, ნათქვამია, რომ ხადურის ცხედარი 28 აგვისტოს, სოფელ სიმონეთის მიმდებარედ, მდინარე ჩაჩხურას კალაპოტში იპოვეს. ეს მისი გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ მოხდა.
ხადურის ოჯახი თავიდანვე აცხადებდა, რომ მის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პოლიციის თანამშრომლებს ეკისრებოდათ. ისინი გამოძიების განახლებასა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. გარდაცვლილის დედა, ნინო გვიშიანი, ვარაუდობს, რომ პოლიციელებმა მისი შვილი სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ხადურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და დრო. თუმცა, დაფიქსირდა დაჟეჟილობები თვალბუდეებისა და ქუთუთოების არეში. ექსპერტიზის დასკვნით, ეს დაზიანებები ბლაგვი საგნის დარტყმით იყო მიყენებული, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
„ტვ პირველმა“ ასევე მოიპოვა სოფელ სიმონეთის მიმდებარედ მდებარე ფერმის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი. მასში ჩანს, რომ 25 აგვისტოს, 22:28 საათზე, უკაცრიელ ადგილას თერჯოლის პოლიციის პიკაპი მივიდა. კადრებში ჩანს, როგორ ათვალიერებენ პოლიციელები ტერიტორიას ხელის ფარნებით, რის შემდეგაც, დაახლოებით ექვსი წუთის გასვლის შემდეგ, ადგილს ტოვებენ. სიუჟეტის თანახმად, ეს ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდებარეობდა იმ მდინარიდან, სადაც მოგვიანებით ხადურის ცხედარი იპოვეს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები