თეონა აქუბარდია: „რეჟიმი დასასრულს უახლოვდება“

1 week ago 3

გიგა გელხვიიძე

საქართველოს რუსეთიზაცია სულ უფრო და უფრო ხელშესახები ხდება. „ქართული ოცნება“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ღრმად გაადგმევინოს ფესვები საქართველოში რუსეთს და ქვეყანა კვლავ დააბრუნოს იმ გავლენების ქვეშ, რომლისგანაც თავის დახსნა საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდა. ქვეყანამ თავისუფლების ფასი თავისი მოქალაქეების სისხლით გადაიხადა სხვადასხვა დროს და ეს სისხლი არ იყო ცოტა.

როგორც ჩანს, რუსეთისთვის, რომელიც სახელგანთქმულია დამპყრობლური თვისებებით, სხვისი ტერიტორიების მიტაცებით და უდიდესი ბოროტებით, ის სისხლი, რაც ძალიან ბევრი იყო საქართველოსთვის, მისთვის ზღვაში წვეთი აღმოჩნდა და 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის „გამეფებით“ კიდევ უფრო მეტის აღებას ფიქრობს.

საქართველოში ყოველთვის იყვნენ მოღალატეები. თუ ისტორიის ფურცლებს სიღრმისეულად ჩავუჯდებით, ვნახავთ, რომ ყველა ეპოქაში ქვეყანას საკმაოდ ბევრი მოღალატე ჰყავდა, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ტყავის გადასარჩენად რაც შეიძლება „წარმატებულად“ გაეყიდათ თავისი ხალხი და ქვეყანა. ასე ხდება ახლაც, ზუსტად ასე ცდილობს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხონჩით მიართვას საქართველო რუსეთს და არ იფიქროს იმაზე, თუ რა სურს ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რუსეთი თავად მისთვის ვერასოდეს გახდება ნავსაყუდელი, თუ ის საქართველოში ვერ მიაღწევს დასახულ მიზანს (როგორც იკვეთება ვერც აღწევს) და ასევე აცნობიერებს იმასაც, რომ ერთ დროს მეცენატად წოდებული დღეს ყველაზე დიდი ცოცხალი ანტიგმირია საქართველოს თანამედროვეობაში, რომელსაც ირგვლივ საკუთარი, პატარა ანტიგმირები ჰყავს შემოკრებილი და ცდილობს, იმის იქით უბრალოდ არავინ და არაფერი დაინახოს. მას არ ესმის მისი ჯალათების მიერ დასახიჩრებული ადამიანების ხმა, მას არ ესმის დედების ყვირილი, როდესაც რობოკოპები შვილს სტაცებენ, მას არ ესმის არავისი, ჰო, არც თავისი მარიონეტების ესმის.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, თეონა აქუბარდია:

_ ქალბატონო თეონა, მიმდინარე პროცესები რომ შევაფასოთ, რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის საპირისპიროდ…

_ ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ომის ქრონიკაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, იმას რასაც ვხედავთ. ეს არის მისი ყალბი მშვიდობაც, ეს არის მისი ყალბი ღირსებაც და მისი ყალბი ევროპაც, როდესაც შავნიღბიანებსა და ზონდერ ბრიგადებს უპირისპირებს საკუთარ ხალხს. სცემს ახალგაზრდებს, ქალებს, დედას ართმევს შვილს, რომელიც განწირული ყვირის, რომ შვილი ავად არის და ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, თუ როგორი ავტორიტარული მეთოდებით სურს მას, უკანონოდ მიღებული ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ძალაუფლებას, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დასაბრუნებლად, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დასაცავად აკეთებენ და ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რეჟიმი დასასრულს უახლოვდება, რადგანაც შეუძლებელია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გაცხადებული ომი მოიგოს ივანიშვილმა, რომელსაც ჰქონდა რეალური შანსი, ქვეყანაში დარჩენილიყო განსხვავებული სახელით და დარჩება უფრო სისხლიანი რეჟიმის სახით, ვიდრე ეს იყო რომელიმე ხელისუფლება.

_ აქამდე იყო შედარებები „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წელსა და „ქართული ოცნების“ მმართველობას შორის. რა ხდება დღეს, ისმება ტოლობის ნიშანი ამ ორ მმართველობას შორის?

_ ვერ დავსვამდი. მე ვიყავი ის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ვიდექი ყველა საპროტესტო აქციაზე, მათ შორის, 7 ნოემბერს. იმ უსამართლობას ვუპირისპირდებოდი, როგორც მოქალაქე, რომელსაც ვხედავდით. მაგრამ დღეს ივანიშვილმა გაასწრო და აჯობა „ნაციონალურ რეჟიმს“ იმ შავი ნიღბის სახით, რომელიც თავად მოირგო და რომლითაც ის საკუთარ ხალხს არბევს და უსწორდება. დაკავებულ მოქალაქეებს სამარშრუტო მანქანებსა და პოლიციის განყოფილებებში სასტიკად უსწორდება და ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ კონსტიტუცია გადაახიეს თავზე თითოეულ მოქალაქეს. ამ საქმეში დაიყენა ყველა ის უპრინციპო და მოღალატე ადამიანი, რომელიც ფულისა თუ სხვა პირადი კეთილდღეობის გამო საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ღიად ღალატობს.

_ სრულად შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ აქციების დარბევის სტილი. ჩვენ ძალიან ბევრი აქცია გვახსოვს ამ წლების მანძილზე და გვინახავს დარბეული ადამიანები. ახლა ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანს. რა უთხრა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს ისეთი, რომ მას სრულად მოეჭრა უკან დასახევი გაზა?

_ ქართველმა ხალხმა ივანიშვილს გარკვევით უთხრა, რომ არანაირი რუსეთი და არანაირი რუსული მმართველობა საქართველოში არ იქნება და რომ ქართველ ხალხს სურს დასავლური კეთილდღეობა და დემოკრატია, რომელიც არის იმის წინაპირობა, რომ ამ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობაც, ტერიტორიული მთლიანობაც და სუვერენიტეტიც, რომლის წინააღმდეგ წავიდა ივანიშვილი. მაშინ, როდესაც საქართველოს მეგობრებს ის მტრად აცხადებდა და ოპოზიცია ამაზე ვსაუბრობდით, დღეს შემდგარი ფაქტია, რომ სწორედ მეგობრებთან დაპირისპირებით და მტრის ინტერესებისთვის ხელგაშლილად დახვედრის ვითარებაა. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან დასრულებულია ივანიშვილის ძალისხმევის გამო და როდესაც მაგნიტსკის აქტისა და სანქციების დადების საკითხს განიხილავს სენატი და აანონსებს სახელმწიფო დეპარტამენტი. ისევე როგორც ბალტიის ქვეყნები და მათი სანქციები ივანიშვილზე, კანადის განაცხადი, რომ ამას შეუერთდება და მათ შორის ვაიმარის რესპუბლიკის, პოლონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის განცხადებაც უკვე აჩვენებს, რომ მას სურს, რკინის ფარდა ჩამოაფაროს საქართველოს და დატოვოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთიერთზე, რომელიც მთლიანად ჩაყლაპავს საქართველოს და დააბრუნებს იმ ჭაობში, რომლიდანაც არაერთი თავგანწირვისა და ომის ფასად გამოვიყვანეთ ქვეყანა.

_ საქართველო ნელ-ნელა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში. ყველა ცდილობს, უარი თქვას ჩვენთან თანამშრომლობაზე. რას კარგავს ქვეყანა? აღარ გვაქვს, ფაქტობრივად, აღარაფერი იმ სიკეთეებიდან, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანებამდეც გვთავაზობდნენ პარტნიორი ქვეყნები. სად აღმოჩნდება საქართველო უახლოეს პერიოდში ყოველივე ამის გათვალისწინებით?

_ საქართველო აღმოჩნდება იმ ბნელ 90-იანებში, როდესაც მეგობრები არ ჰყავდა. გახსოვთ, ალბათ, 90-იანი წლები, ყოველ შემთხვევაში მე გავიარე ეს პერიოდი. სამოქალაქო ომის შემდგომ, იყო გარკვეულწილად მცდელობა, რომ იმ უშუქობის, სიბნელის, შიმშილის, განუკითხაობისა და ქაოსის ფონზე, საქართველოს დასავლელი მეგობრების დახმარებისა. პირველი იყო გერმანია, რომელმაც ეს დახმარების ხელი გამოუწოდა ქვეყანას, რათა იგი ამოსულიყო ამ ჭაობიდან. ახლა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იმ ბნელ წარსულში აბრუნებს ქვეყანას, როდესაც მეგობრებიც კი არ ეყოლება, რომ დახმარების ხელი გამოუწოდონ. თქვენ ნახეთ მათ შორის მრავალი განზომილებით ეს ზიანი, იქნება ეს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, როდესაც რუსეთმა ჟენევის 62-ე რაუნდზე ღიად მოითხოვა, რომ საქართველოს ეღიარებინა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ისევე როგორ უნდა გაევლოთ საზღვრები და განესაზღვრათ ის საზღვარი, რომელიც არის უკანონო და ჩვენი დასავლელი პარტნიორების არაღიარების პოლიტიკის სამსახურები არასდრო არ აღირებდნენ და ეხმარებოდნენ ქვეყანას სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. ამას ექნება ეკონომიკური განზომილება და ის სანქციები, რომლებიც გარდაუვალად მოდის ივანიშვილისა და მისი რეჟიმის თავზე, მას ექნება დამანგრეველი ეფექტი თითოეული მოქალაქისთვის, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ სფეროზე, მათ შორის, განათლების კუთხით. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ ბოლონიის პროცესი, რომელიც ჰქონდა საქართველოს, ერასმუსის პროგრამა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კარს უღებდა საქართველოს მოქალაქეებს, უფასოდ მიეღო დასავლური განათლება, ესეც სრულდება, ისევე როგორც ხარისხის აღიარების საკითხი. ეს არის სრული ჩაბნელება და უკუნი, რომელიც მოაქვს ივანიშვილს შავი ნიღბით, თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ და ამიტომ დგას ეს ხალხის ქუჩაში და იცავს თავისუფლებას. ძალიან ნათლად ვნახეთ თავისუფლების მეტროსთან, როდესაც მოქალაქეს აკავებდნენ და ის ამბობდა, რომ თავისუფლება საქართველოს და მღეროდა საქართველოს ჰიმნს. ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და საქართველო მიიყვანს იმ თავისუფლების წერტილამდე, რომელიც ევროპულ ოჯახშია.

_ რას კარგავს საქართველო თავდაცვის კუთხით და იმის ფონზე, რომ შესაძლებელია ჩვენმა მეზობელმა ისარგებლოს ამ სიტუაციით და გარკვეული სახის ქმედებები განახორციელოს? რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ?

_ საქართველოს 20% რომ ოკუპირებულია, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ისევე როგორც ის, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ის ანექსიის პროცესი, მათ შორის სანქციები, რომელიც უკვე ამოქმედდა ოკუპირებულ აფხაზეთში, უკვე არის იმის მაჩვენებელი, რომ რუსეთის ინტერესია მთლიანად საქართველოს საკუთარ სივრცეში დაბრუნება და კარნახი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, რისი შემსრულებელიც დღეს არის ივანიშვილის რეჟიმი. სანქცირებული ფარცხალაძე, მისი ღია კავშირები ივანიშვილთან, მათ შორის მისი დაცვის ხალხი, რომლებიც ზონდერებად მოავლინეს მომიტინგეებს სანაპიროზე, ეს ყველაფერი აჩვენებს ივანიშვილისა და რუსეთის აქტიურ კავშირებს. მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე არასდროს ყოფილა ფაქტი, რომ რუსეთს რამე პირობა და ხელშეკრულება დაეცვას, ის ყოველთვის მეტს და მეტს იღებდა მაშინ, როდესაც ქვეყანა იყო დასუსტებული და დაქსაქსული. ამიტომ, რა თქმა უნდა, საფრთხე რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო გაზრდილია და თავდაცვის ძალებს, თავდაცვის პოლიტიკის თანახმად, ორი მიზანი ჰქონდა: ერთი იყო შეკავება და მეორე იყო თავდაცვა. შეკავება ნიშნავს, ისეთი ძლიერი ხარ და იმდენად ახლოს გიდგანან პარტნიორები, რომ მტერს არ მოუნდება შენზე თავდასხმა და მეორე არის თავდაცვა, რათა ქვეყანა დაიცვას გარე საფრთხეებისგან. დღეს თავდაცვის სამინისტრო არის აბსოლუტურად გამოშიგნული, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილი: როდესაც მეგობრებს, რომლებიც ამ ჯარს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე აშენებდა, უწოდებს მტრებს, გადამტრიალებლებს და როდესაც დასავლური დახმარება ჩვენი ჯარისთვის არის შეჩერებული და როდესაც საკუთარ ჯარს ივანიშვილი ღირსებას ყრის იმით, რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებს აგვისტოს ომის დაწყებას და არ საუბრობს იმ რეალურ მტერზე, რომელმაც ეს ომი დაიწყო და რაც აღიარებულია, არა მხოლოდ ჰააგიას და სტრასბურგის სასამართლოს, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. შესაბამისად, თავდაცვა, როგორც ასეთი, როგორც პრიორიტეტი და ამოცანა, არათუ არ არსებობს, არამედ გამიზნულად ხდება ძალის დასუსტება, ღირსების შელახვა ყველა იმ სამხედროსთვის, რომელიც დგას ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის სადარაჯოზე და დღეს, ერთადერთი რაზეც საუბრობს ივანიშვილის ის წარმომადგენელი, რომელიც საკუთარ თავს თავდაცვის მინისტრს უწოდებს (და ის აბსოლუტურად არაღიარებული და უკონონო მთავრობაა), საუბრობს ხელფასებზე, სოციალურ პირობებზე და არა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და იმაზე, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით ჯარი გაძლიერდება. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მძიმეა იმ ვითარების ნახვა, თუ როგორ აყარა ღირსება თითოეულ სამხედროს, თითოეულ ვეტერანს ივანიშვილმა და როგორ დაანგრია ქართული ჯარი იმით, რასაც ის აკეთებს დღეს.

_ მიმდინარე აქციების დროს ჩვენ ვნახეთ მედიის წარმომადგენლებზე გამიზნული თავდასხმა. კონკრეტიკისთვის ვიტყვი, რომ ეს ჟურნალისტები წარმოადგენენ კრიტიკულ მედიებს, რომლებიც ყოველთვის სვამენ იმ შეკითხვებს, რომელთა დასმის უფლებაც ჩამორთმეული აქვთ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს. სასტიკად არიან ნაცემი ჟურნალისტები და პირდაპირ ეთერში ვხედავთ უმძიმეს კადრებს ჟურნალისტებთან ანგარიშსწორების – რას ნიშნავს ეს? _ ავტორიტარულ ქვეყნებში არ არსებობს კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია, რადგანაც ავტორიტარულ ხელისუფლებას არ სჭირდება თავისუფალი მედია, გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფალი აზრის ჩახშობა აქვს გადაწყვეტილი. მედიის მისამართით ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებული სისასტიკე დღისით ქუჩაში, როდესაც თავს დაესხნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტს, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ გაუსწორდნენ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს. ეს კიდევ ერთი პოლიტიკური დავალება არის იმ შავრაზმელებისთვის, რომელიც ივანიშვილმა საკუთარ ხალხსა და დემოკრატიას დაუპირისპირა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ასეთი ორგანიზებული, სისტემური ძალადობა ავტორიტარიზმის ნიშანია. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის თითოეული წარმომადგენელს, რომელიც კვირაზე მეტია, მიუხედავად მათი სიცოცხლის საფრთხისა, მუშაობს იმისთვის, რომ სიმართლე გააგებინოს ხალხს. იმ საინფორმაციო ომში, რომელშიც ივანიშვილი საკუთარ ხალხს უპირისპირდება და ის დეზინფორმაცია და პროპაგანდა ანტიდასავლური და ანტიეროვნული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იარაღია ივანიშვილის ხელში და ერთიერთში იმეორებს კრემლის დეზინფორმაცია-პროპაგანდას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა კრიტიკული აზრისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და შეკრებისთვის. ზოგადად იმ დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი და ის აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით.

_ უნდა გკითხოთ აუცილებლად პრეზიდენტობის კანდიდატზე, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. შესაბამისად, არ აქვს დიპლომი, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ გამხდარა ხელის შემშლელი ფაქტორი, მიხეილ ყაველაშვილი დაესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატად. გარდა იმისა, რომ ეს შესაძლებელია გახდეს ქვეყნის იმიჯისთვის ერთგვარი პრობლემა, რა უთხრეს ამ ქმედებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიისწრაფიან განათლებისკენ, იგივე იმ გაცვლითი პროგრამებისკენ, რომელიც თქვენ ზემოთ ახსენეთ საუბრისას?

_ სწორედ ეს არის. თქვენ გახსოვთ ივანიშვილის განაცხადი, _ ის პრობლემურად ხედავდა იმას, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში მოქალაქეები გადიოდნენ ევროპაში, ხედავდნენ ევროპულ სიკეთეებს და შემდეგ საქართველოს ადარებდნენ. ეს რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადენს _ როგორც ავტორიტარულ რეჟიმში რუსეთისთვის, ასევე ივანიშვილისთვის. და განათლება! განათლებულ მოქალაქეებს აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი და შეუძლიათ, გაარჩიონ სიყალბე და რეალობა ერთმანეთისგან და შეაფასონ რეჟიმის ძალადობის მხარე ობიექტურად და შეადარონ ქვეყნის ნამდვილ ინტერესებს. ეს არის საფრთხე, ამიტომ ის პროცესი რომელიც მიმდინარეობს, არის იმ პოლიტიკის ნაწილი და ივანიშვილი იმეორებს ვლადიმირ პუტინის ტაქტიკას, რომ ჩაკეტონ ქვეყანა, ჩააბნელონ და ეს გულისხმობს მათ შორის დასავლური განათლების შეზღუდვასაც.

_ ბოლოს მინდა გკითხოთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არის თუ არა საფრთხეები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა 14 დეკემბრიდან (პრეზიდენტის არჩევნები) დაიწყოს რეკეტი მისი მიმართულებით?

_ განსაკუთრებულსა და მოულოდნელს არ უნდა ველოდოთ რამეს. მთელი ის თავდასხმები და სიბინძურე, რომელიც იკადრა ივანიშვილის „ოცნებამ“ ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ, აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, თუ როგორი გამწარებულია ივანიშვილი თავისივე კრიტიკული არჩევანის მისამართით. შესაბამისად, პრეზიდენტი არის საქართველოს კონსტიტუციის სადარაჯოზე, რაც მისი ვალდებულებაა და მიუხედავად იმ ტერორისა და დაშინების მცდელობისა, რომელიც არის მის მიმართ, ის დგას მედგრად საქართველოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის მისამართით. შესაბამისად, წინააღმდეგობის ჩვენება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომელმაც აიღო ის ტვირთი ხელში, რომელსაც ჰქვია საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვა.

The post თეონა აქუბარდია: „რეჟიმი დასასრულს უახლოვდება“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა