WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსი დიპლომატები თვალყურს ადევნებენ რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა აშშ-ის მოთხოვნით, თბილისის აეროპორტში 5 ივნისს დააკავეს, – ამის შესახებ „ტასს“ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში განუცხადეს.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ყურადღებით ადევნებს თვალს კურაშკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 26 აგვისტოს გაიმართა სასამართლოს ღია სხდომა, რომელზეც დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის ტატიანა კურაშკევიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ვადა 3 თვით გაუგრძელა“, — განაცხადეს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში.

მანამდე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის რუსული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ივან მელნიკოვმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტ ნათია ლოლაძისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ კურაშკევიჩი ქრონიკული დაავადებებით იტანჯება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გაუარესდა წინასწარი დაკავების იზოლატორში და ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. ამის საფუძველზე მან სთხოვა საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, კურაშკევიჩი მოინახულონ რუსთავის №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა შეფასდეს მისი პატიმრობის პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, და იშუამდგომლონ დაწესებულების ადმინისტრაციის წინაშე, რომ რუსეთის მოქალაქეს მიეწოდოს საჭირო მედიკამენტები და გაეწიოს სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ივნისს დააკავეს FBI-ის მიერ ძებნილი ქალი, რუსეთის მოქალაქე ტატიანა კურაშკევიჩი. აშშ მას სანქციების გვერდის ავლით თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტს ედავება.