თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

4 days ago 32
Tinatin Berdzenishvili, director general of Georgia's Public Broadcaster. Photo: Tina Berdzenishvili/Facebook.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით აირჩიეს. იგი ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო და საზმაუს 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

„მედია ჩეკერის“ ინფორმაციით, შერჩევის პროცესი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, 27 ივლისს, სამეურვეო საბჭომ კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის საფუძველზე, მე-2 ტურში გასული კანდიდატები გამოავლინა. ბერძენიშვილის შემდეგ ტურში გადასვლას მხარი სხდომაზე მყოფი სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან რვამ დაუჭირა.

მეორე ეტაპზე, რომელიც 29 ივლისს ჩატარდა, ბერძენიშვილმა მაუწყებლის მართვის ხედვა წარადგინა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბერძენიშვილს საბჭოს რვა წევრმა დაუჭირა მხარი.

ბერძენიშვილი საზმაუს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს. იგი საზოგადეობრივ მაუწყებელში 2011 წლიდან მუშაობს. 2011-2014 წლებში იგი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო და პარალელურად (2012-2013 წწ), წამყვანის პოზიციაც ეკავა. 2014-2015 წლებში მან მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე გადაინაცვლა. 2018 წლიდან იგი უკვე დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2016 წელს, გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგ კი იგი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

მედიის ინფორმაციით, 2026 წლის 1 იანვრიდან მისი ხელზე ასაღები ხელფასი 15 000 ლარია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა