თოდუას კლინიკის იუბილე და ინოვაციები ბირთვული მედიცინის მიმართულებით

2 weeks ago 21

ბირთვული მედიცინა დღეს თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია – დარგი, რომელმაც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე „უხილავი“ პროცესების დანახვა და დაავადებების უფრო ზუსტი, დროული და ადრეული გამოვლენა გახადა შესაძლებელი. „თოდუას კლინიკაში“ მისი განვითარება მრავალწლიანი შრომისა და ხედვის შედეგია, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითა და მუდმივი განახლებით გრძელდება. ეს პროცესი კლინიკას თანამედროვე, მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად აყალიბებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს რადიოლოგს, ბირთვული მედიცინის სპეციალისტს, მედიცინის დოქტორს, მარიამ თევზაძეს, რომელიც უკვე წლებია ბირთვული მედიცინის მიმართულების განვითარებასა და დანერგილ სიახლეებზე ზრუნავს. თუ რა სიახლეებით ხვდება 35 წლის იუბილეს კლინიკა კონკრეტულად ბირთვული მედიცინის მიმართულებით, ამაზე თავად მარიამი გვესაუბრება.

რა ძირითადი სიახლეებით ხვდება კლინიკა საიუბილეო თარიღს დიაგნოსტიკის მიმართულებით და როგორ შეიცვალა ეს სფერო ბოლო წლების განმავლობაში თქვენს დაწესებულებაში?

კლინიკას დიდი ისტორია აქვს, რომელიც იწყება 90-იანი წლებიდან. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსებული კლინიკა დღეს უკვე 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, მისი შვილიშვილის, ბატონი გიორგი დიასამიძის ხელმძღვანელობით კლინიკა აღნიშნულ საიუბილეო თარიღს ორი ახალი ფილიალით ხვდება- ვერაზე და დიღომში.

უნდა აღინიშნოს, რომ თოდუას კლინიკამ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ბირთვული მედიცინის მიმართულება ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რადიოაქტიური პრეპარატებით დიაგნოსტიკა იშვიათობა იყო. თოდუას კლინიკა დღესაც ლიდერია რადიოიზოტოპური და ჰიბრიდული PET/CT და SPECT/CT კვლევების მიმართულებით.

2017 წლიდან წარმატებით დაინერგა პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT) – ინოვაციური და მაღალი ინფორმაციულობის მქონე მეთოდი, განსაკუთრებით ონკოლოგიურ პაციენტებში, რომელსაც ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი მიხეილ ბარამია უდგას სათავეში.

შემდგომ უკვე გაგვიჩნდა ინიციატივა, დაგვენერგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული კვლევის მეთოდი – ერთფოტონ-ემისიული კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT/CT). ამ კვლევის დანერგვამ ბევრ სიახლეს ჩაუყარა საფუძველი, დარგი გაფართოვდა, შეიქმნა შესაძლებლობები, რომელიც აქამდე პაციენტებს ჩვენს ქვეყანაში არ ჰქონდათ, რისთვისაც ბევრი პაციენტი ქვეყანას ტოვებდა და სერვისის მისაღებად საზღვარგარეთ უწევდათ გამგზავრება. ერთფოტონ-ემისიული კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT/CT) საქართველოში მხოლოდ თოდუას კლინიკაშია. ბირთვული მედიცინა საქართველოში მხოლოდ ინოვაციური ტექნოლოგია არაა – ის რეალურად ცვლის პაციენტების მკურნალობის ტაქტიკას და დაავადებებისადმი მიდგომას. თოდუას სამედიცინო ცენტრი კი ამ პროცესის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

რას ნიშნავს რადიოლოგიისა და ბირთვული მედიცინის გაერთიანება ერთ სისტემაში და როგორ მუშაობს ე.წ. ჰიბრიდული ტექნოლოგიები პრაქტიკაში?

ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კვლევის მეთოდია. ერთი მხრივ, რადიოლოგია რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ორგანოს ვიზუალიზაციის შესახებ, მეორე მხრივ კი ბირთვული მედიცინის კვლევები (სცინტიგრაფია, პოზოტრონულ-ემისიული ტომოგრაფია) გვეხმარება ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის თვალით ჯერ უხილავი პროცესების შესწავლისა და დაავადების ადრეულ გამოვლინებაში. „ჰიბრიდული ტექნოლოგიები“ გულისხმობს ორივე მიმართულების ორი ინფორმაციის გაერთიანებას ერთ აპარატში. იგი გამოიყენება როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაში, რამაც ბევრ სიახლეს ჩაუყარა საფუძველი.

რა უპირატესობები აქვს ჰიბრიდულ კვლევებს (PET/CT, SPECT/CT) დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტის მართვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ონკოლოგიურ და არაონკოლოგიურ შემთხვევებში?

ამ ორი კვლევის ჩატარებისას განსხვავებულ სადიაგნოსტიკო ნივთიერებებს ვიყენებთ, პოზოტრონულ-ემისიული კომპიუტერული ტომოგრაფიული (PET/CT) კვლევა დღევანდელ დღეს ჩვენს ქვეყანაში ემსახურება ონკოლოგიურ პაციენტებს, იგი ზუსტად განსაზღვრავს დაავადების გავრცელების ხარისხს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოლოგიური პაციენტების ადრეულ დიაგნოსტიკაში და მათ სტადირებაში, ცვლის მკურნალობის ტაქტიკას პაციენტთა 25-30%-ში.

ერთფოტონ-ემისიულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას – SPECT/CT, საქართველოში ვიყენებთ როგორც ონკოლოგიურ, ასევე არაონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკაში. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ჩონჩხის სცინტიგრაფიული კვლევა, რომელიც ძალიან წარმატებით ტარდება ძვლოვან სისტემაში მეტასტაზური დაზიანების სადიაგნოსტიკოდ ონკოლოგიურ პაციენტებში და ასევე არაონკოლოგიურ ტრავმატოლოგიურ პაციენტებში პროთეზის მორყევის სადიაგნოსტიკოდ. იმ შემთხვევაში, როდესაც რადიოიზოტოპური კვლევით ვხედავთ პათოლოგიურ პროცესს მისი ხასიათის და ზუსტი ლოკალიზაციის დადგენის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ იზოტოპურ კვლევას კომპიუტერული ტომოგრაფიის თანხლებით (SPECT/CT), რომელიც გვეხმარება პათოლოგიური პროცესის ხასიათის, მდებარეობისა და გავრცელების განსაზღვრაში, ანუ ეს ორივე ინფორმაცია ერთდროულად საკმაოდ მნიშვნელოვანი და, ძირითად შემთხვევებში, ამომწურავია.

რომელი ახალი კვლევების დანერგვას მიიჩნევდით განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიღწევად და როგორ იმოქმედა ამან მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაზე სხვადასხვა პროფილის პაციენტებში?

თოდუას კლინიკაში 2019 წლიდან დაინერგა კვლევები, როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური მიმართულებით. დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება ერთფოტონ-ემისიული კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT/CT). ძვლოვან სისტემაში ნებისმიერი ლოკალიზაციის პროთეზების მორყევის შეფასების მიზნით, ყველაზე ხშირად მენჯ-ბარძაყის, შემდგომ მუხლის, მხრის და ახლა უკვე წელის მიდამოში მდებარე პროთეზების სტაბილურობის შეფასების კუთხით ძალზე ინფორმაციული კვლევის მეთოდია. ამ კვლევის გარეშე ოპერაციული ჩარევით პროთეზის შეცვლას არ აწარმოებენ. მორყევა ძალიან სპეციფიკური სახის რთულად სადიაგნოსტიკო პრობლემაა, რომელიც ხშირად ვითარდება პროთეზირებულ პაციენტებში.

ასევე ჩვენთან დაინერგა სენტინელის ე.წ. მოდარაჯე ლიმფური კვანძების სადიაგნოსტიკო კვლევა, რომელიც გამოირჩევა ყველაზე მაღალი სპეციფიკურობით და მგრძნობელობით და წარმოადგენს ერთადერთ ყველაზე ზუსტი კვლევის მეთოდს ოპერაციული მასშტაბის განსაზღვრისთვის. სწორედ ამ ლიმფური კვანძების დაზიანების საკითხი განსაზღვრავს ოპერაციის მასშტაბს.

გარდა ამისა, დაინერგა ლიმფოსცინტიგრაფია ანგიოლოგიურ პაციენტებში, კიდურების და, ყველაზე აქტუალურად, ქვედა კიდურების ლიმფური სისტემის შესაფასებლად. აღნიშნული კვლევა, რომელიც ასევე არ ტარდებოდა ჩვენს ქვეყანაში, განსაზღვრავს, რამდენად ოპერაბელურია ანგიოლოგიური პაციენტი, როგორი სახის მკურნალობა უნდა იქნას ჩატარებული პაციენტთან.

ასევე დავნერგეთ ფილტვის პერფუზიული კვლევა, რომელიც ძალიან აქტუალურია როგორც ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევებში, ისე ფილტვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ფილტვის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ის კვლევები, რომელიც ტარდებოდა განყოფილებაში, კიდევ უფრო დაიხვეწა ზემოთ ხსენებული ჩვენი „ჰიბრიდული“ ერთფოტონ-ემისიული კომპიუტერული ტომოგრაფიული (SPECT/CT) მეთოდის დახმარებით; ენდოკრინოლოგიურ პაციენტებში – პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომის დიაგნოსტიკა და კარდიოლოგიურ პაციენტებში – მიოკარდიუმის სცინტიგრაფიული კვლევა იშემიისა და ინფარქტის სადიაგნოსტიკოდ. ეს უკანასკნელი ტარდება სტენტირების საჭიროების და შუნტირების შესაძლებლობის განსაზღვრისთვის.

მარიამ, დატვირთული გრაფიკის შემდგომ როგორ გარემოში ახდენთ განტვირთვას?

ჩემი აზრით, მუსიკა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ერთგვარი თერაპიაა. თუმცა ამჟამად ოჯახურ გარემოში მეტად ვახდენ განტვირთვას. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი შვილები ისე დაიბადნენ, რომ პროფესიული წყვეტა არ მქონია, .მათი არსებობა კიდევ უფრო დიდი სტიმულია ჩემი მომავალი წარმატებული პროფესიული გეგმებისთვის.

დასასრულ, სამომავლო გეგმებზე რომ გვითხრათ…

ბირთვული მედიცინა კიდევ უფრო პოპულარული ხდება და ფართო სადიაგნოსტიკო არეალს მოიცავს. გვექნება არა მარტო დიაგნოსტიკა, არამედ დაინერგება მკურნალობის ახალი მიმართულებები, რაც კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა წარმატებები გისურვოთ, როგორც თოდუას კლინიკას, ასევე თქვენ, პროფესიულ საქმიანობაში.

მადლობა, თქვენც წარმატებები!

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა