“თოვლიდ ბაბუ, გთხოვ, ქართველებს ერთმანეთი შეგვყვარე” - რა ჩაიფიქრა მაკა შალიკაშვილმა ახალ წელს

2 days ago 2

მსახიობ, მაკა შალიკაშვილს, “კვირის პალიტრა” ესაუბრა და ახალ წელთან დაკავშირებული კითხვები დაუსვა.

ჩემი ბავშვობის ახალი წლები დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული და ძალიან საინტერესო იყო. რა საოცარია, ამ დღეს მაშინ ყოველთვის თოვლი იყო, ახლა აღარ თოვს და ეს ჩემთვის ცოტათი სევდიანი ამბავიც კი არის.

- თოვლის ბაბუაზე რას ფიქრობდი?

- ამ ზღაპრული არსების გულწრფელად მჯეროდა, ის ჩემთვის სიკეთესთან ასოცირდებოდა, რაც გულით გინდოდა, ეტყოდი და ნატვრას აგისრულებდა. ხშირად ჩვენი ოჯახის კეთილი თოვლის ბაბუა მამაჩემი იყო, ყოველთვის ყველაფერს გვისრულებდა, რაც კი გვინდოდა, ასაკის შესაბამისად, თავის სიკეთეებს ჯერ თოვლის ბაბუას მიაწერდა, შემდეგ სიმართლეს პირდაპირ ამბობდა. ის დღეები ძალიან მიყვარდა.

- ახლა რას სთხოვ თოვლის ბაბუას?

"ჩემო ძვირფასო და ზღაპრულო ბაბუ!

ძალიან, ძალიან გთხოვ, ქართველებს ერთმანეთი შეგვაყვარე! წლებია ერთი აუსრულებელი სურვილი მაქვს, ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ დღემდე ბინის შეძენა ვერ შევძელი. მჯერა, ყოვლისშემძლე ხარ და გთხოვ, საახალწლოდ ერთი პატარა ბინის გასაღები მაჩუქე. აქვე გეტყვი, რომ მე მთელი წლის განმავლობაში კარგად ვიქცეოდი.

მიყვარხარ, შენი მაკა შალიკაშვილი".

- ახალი წლის შეხვედრის როგორი ტრადიცია გაქვს?

- ბოლო წლებში სულ ღონისძიებები მიმყავს, ამ დღეს შინ არასდროს ვარ.

- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსოვს?

- ასეთი ის ახალი წელი იყო, რომელსაც მონასტერში, ჩემს მოძღვართან ერთად შევხვდი. ძალიან მშვიდი, თბილი და კარგი ახალი წელი იყო.

- ბავშვობის პერიოდის ახალი წლები როგორი იყო?

- ახალ წელს თოვლს სხვაგვარი სიხარული მოჰქონდა, ეზოში თოვლის ბაბუას ვაკეთებდით. ბებიას ჰქონდა ამბარი, სადაც ბევრი რამ ინახებოდა. საახალწლოდ ამ ამბარიდან გამოიტანდა ნიგოზს, ჩურჩხელას, იქ ბავშვებს არ გვახედებდნენ, მაგრამ მე და ჩემი და მაინც ვიპარებოდით. ამბარი სავსე იყო სიმინდით, ხორბლით, სხვა პროდუქტებით... ბებია შეშის ღუმელთან თბებოდა, იქვე იჯდა პაპა, ამბებს, ზღაპრებს გვიყვებოდნენ. ბებია მატყლისგან ძაფს ამზადებდა, ჩვენთან მოდიოდნენ მეზობლის თეთრთმიანი ქალები, სათვალეებით, წინდებს ქსოვდნენ... - აი, ასეთი მისტიკური იყო ჩემი ბავშვობის საახალწლო დღეები. ბებია სულ გოზინაყს აკეთებდა, უფრო სწორად, მე მაკეთებინებდა.

- ახლა ამზადებ?

- ვერა და სულ მინდა დავიწყო რაღაცების მომზადება. რა ვქნა, სულ გარეთ, სულ საშოვარზე გახლავართ გადასული. მარტოსული მგელი ვარ, მე სხვა არჩევანი არ მაქვს. ახლაც მსახიობებმა გაფიცვები რომ დაიწყეს, ვის გავეფიცო, საკუთარ თავს?

"მიმაგრებული წვერები ხელით ჩამოვგლიჯე, დავრწმუნდი, მამაჩემი იყო"

სრულად წაკითხვა