თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა ახალ სტუდენტებს წელს ვეღარ მიიღებს. მიზეზად აკრედიტაციის ვადებთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა 2026 წლის აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც პროგრამა აირჩიეს, შეტყობინება მიიღეს, რომ პროგრამაზე მიღება შეწყდა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ სხვა ფაკულტეტი ან პროგრამა დააპრიორიტეტონ.
თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, ნინო ლაპიაშვილის განცხადებით, პროგრამაზე 50 საკონკურსო ადგილი იყო, მსურველი კი 1 300 აბიტურიენტი.
პროგრამაზე 2026 წელს სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზად აკრედიტაციასთან დაკავშირებული პრობლემა დასახელდა.
ლაპიაშვილის თქმით, უნივერსიტეტს ჰქონდა ინფორმაცია, რომ პროგრამის აკრედიტაციის ვადა 2029 წლამდე იყო გაგრძელებული, თუმცა 2026 წლის 29 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რომ პროგრამის აკრედიტაციის ვადა მეორე დღეს იწურებოდა.
„ახალი საბაკალავრო პროგრამაა, სულ სამი ნაკადი გვყავს მიღებული, ანუ პირველი, მეორე და მესამე კურსელები. როდესაც აკრედიტაცია გავიარეთ, გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ პროგრამას ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა, მაგრამ შემდეგ სამინისტროს ინიციატივით და ცენტრის ინიციატივით, კლასტერული აკრედიტაციის პროცესი დაიწყო“, - უყვება ლაპიაშვილი რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა პროგრამის აკრედიტაციის ვადაზე ინფორმაციის მოძიება, ერთი წლით ადრე სცადეს, თუმცა განემარტათ, რომ პროგრამები კლასტერული აკრედიტაციის პროცესში გადადიოდა და 2029 წლამდე რეაკრედიტაცია აღარ მოუწევდათ.
„ზოგადად, აკრედიტაციისთვის პროგრამის მომზადება ერთი წლით ადრე უნდა დაიწყო, მე ერთი წლით ადრე დავიწყე ამის მოკითხვა და მითხრეს, რომ ახალი ინიციატივაა კლასტერული აკრედიტაცია და ყველაფერი გადავიდა კლასტერულ აკრედიტაციაშიო.“
კლასტერული აკრედიტაცია მარტივად ნიშნავს, რომ ერთი უნივერსიტეტის ერთი პროგრამის ცალკე აკრედიტაციის ნაცვლად, ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ერთ „კლასტერში“ ერთიანდება და მათი ხარისხი ერთიანი პროცედურის ფარგლებში ფასდება.
ლაპიაშვილის თქმით, აკრედიტაციის ვადის ამოწურვაზე ინფორმაციის მიღებისთანავე უნივერსიტეტმა ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ერთ დღეში მოახერხა.
„ერთ თვეში, 31 ივლისს, აკრედიტაციის ექსპერტები შემოვიდნენ კიდეც“, - ამბობს ის.
ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ექსპერტების შეფასების პროცესმა კარგად ჩაიარა. თუმცა დასკვნა, რის საფუძველზეც პროგრამამ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
7 აგვისტოს კი აბიტურიენტებმა მიიღეს შეტყობინებები, რომ პროგრამაზე მიღება შეწყდა.
ლაპიაშვილი აცხადებს, რომ პროგრამის ადმინისტრაცია მზად არის დაეხმაროს აბიტურიენტებს, თუ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გადაწყვეტენ.
„თუ რომელიმე აბიტურიენტი გადაწყვეტს, რომ გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება, პროგრამის ადმინისტრაცია მათ მხარში დაუდგება მთელ ამ პროცესში.“
მისივე თქმით, ის აპირებს მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და გასაჩივრებისკენ მოუწოდოს.
ლაპიაშვილის აზრით, ეს პროგრამის ხელოვნურად შეფერხებაა, ზიანდება სტუდენტების უფლებები და ინტერესები და თავად საბაკალავრო პროგრამა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ განათლების ახალი რეფორმების გავლენით [სამწლიანი სწავლება] ბიუჯეტი თითქმის 70%-ით შეეკვეცათ.
ამას დაემატა ისიც, რომ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა არც ერთხელ მოხვდა იმ პროგრამების ჩამონათვალში, რომელსაც აკრედიტაციის ვადა ეწურებოდათ.
„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წელიწადში ორჯერ ევალება, რომ გადმოაგზავნონ სია იმ პროგრამებისა, რომლებიც ახალ აკრედიტაციას ექვემდებარებიან. იმ სიაში ჩვენ არ ვართ... ამიტომ არ გამოვათ ხელების გამოშვერა.“
განათლების სამინისტროს ვერსია
განათლების სამინისტროში კი ამბობენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს კანონი არ ავალდებულებს იმ პროგრამების წინასწარ გაფრთხილებას, ვისაც აკრედიტაციის ვადა ეწურება, ყველა პროგრამამ ბრძანების შესაბამისად იცის, როდისაა მათი დედლაინი.
სამინისტროში აკრედიტაციაზე პასუხისმგებელ შიდა საუნივერსიტეტო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე მიანიშნებენ.
უწყებაში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება მიზანმიმართული ყოფილიყო და აკრედიტაციისთვის განაცხადის ექვსი თვით ადრე შეტანის შემთხვევაში პრობლემა მარტივად მოგვარდებოდა.
განათლების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ პროგრამა დიდი ალბათობით აკრედიტაციას გაივლის, თუმცა ერთი წლის ჩავარდნა ექნება.
აკრედიტაციის შესახებ რა იძებნება ოფიციალურ დოკუმენტებში
აკრედიტაციის ვადის საკითხზე საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში განსხვავებული სურათი ჩანს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2025 წლის აბიტურიენტთა ცნობარში თსუ-ის ევროპისმცოდნეობის პროგრამისთვის მითითებული იყო 2026 წლის 30 ივნისამდე მოქმედი აკრედიტაცია;
ამავე ჩანაწერში პროგრამის მოცულობა 240 კრედიტი, წლიური საფასური 2 250 ლარი და 100 ადგილი იყო მითითებული.
2024 წლის აბიტურიენტთა ცნობარშიც პროგრამისთვის აკრედიტაციის ვადად 2026 წლის 30 ივნისი იყო მითითებული.
ამავე დროს, თავად თსუ 2022 წლის პროგრამის შექმნის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამას 2022 წლის ზაფხულში „7 წლის ვადით“ მიენიჭა აკრედიტაცია.
ეს ნიშნავს, რომ პროგრამის აკრედიტაციის ვადასთან დაკავშირებული საკითხი დამატებით დოკუმენტურ დაზუსტებას საჭიროებს - მათ შორის, რა გადაწყვეტილებით და რა საფუძვლით უნდა გაგრძელებულიყო ვადა 2029 წლამდე და რატომ დარჩა 2026 წლის 30 ივნისი აბიტურიენტთა ოფიციალურ ცნობარში.
ამ ეტაპზე, 2026 წლის აბიტურიენტებისთვის პროგრამაზე მიღება შეჩერებულია. ნინო ლაპიაშვილი აცხადებს, რომ აკრედიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ პროგრამა აკრედიტაციას გაივლის და მომავალ წელს ახალი ნაკადის მიღებას შეძლებს.
რა არის თსუ-ის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა ინტერდისციპლინურ პროგრამად შეიქმნა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროგრამა ევროკავშირის Erasmus+ Jean Monnet-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და 2022 წლის ზაფხულში აკრედიტაცია მიიღო.
ამასთან, თსუ-ის ოფიციალურ გვერდზე პროგრამის ხანგრძლივობად მითითებულია 8 სემესტრი, მოცულობად - 240 ECTS კრედიტი, სწავლის ენად კი ქართული და ინგლისური - ბილინგვური ფორმატი. წლიური საფასური 2250 ლარია.
პროგრამის ოფიციალურ აღწერაში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია სტუდენტებისთვის ფართო ინტერდისციპლინური ცოდნის მიცემა ევროპის, ევროკავშირის, ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირის სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკის, ისტორიისა და კულტურის შესახებ, ასევე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ და მოსალოდნელ კავშირებზე.
პროგრამაზე დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და უცხო ენად ინგლისური ენის არჩევა. პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ.
radiotavisupleba ახალი ამბები
