საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მორიგი მარცხის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და მის გავლენაზე სხვადასხვა სფეროზე, მძიმე შეფასებებს აკეთებს პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი:
“შეიძლება ქვეყანაში იყოს ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ჰყავდეს ძლიერი და წარმატებული საფეხბურთო ნაკრები. ბოლო-ბოლო მუსოლინის დიქტატურის დროს იტალია ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
მაგრამ თუ ეს ავტორიტარული რეჟიმი აგებულია იმაზე, რომ ერთმა არცთუ კომპეტენტურმა და კონსპირაციებში გაბლანდულმა ღმერთკაცმა უტვინო და უწიგნური მონების ხელით უნდა მართოს ქვეყანა, იქ არც ფეხბურთი არ იქნება, არც ხელბურთი, არც ფრენბურთი, არც ეკონომიკა, არც ბიზნესი, არც განათლება, არც კულტურა და საერთოდ არაფერი არ იქნება კარგად. ერთადერთი კრიმინალი გვეყოლება მხოლოდ შესანიშნავ მდგომარეობაში.
და ეს ტრენდი იქნება მზარდი მანამ, სანამ ხალხს ყელში არ ამოუვა მთელი ეს საბანძეთი და არ იფეთქებს. მოვლენათა განვითარების ლოგიკა ყოველთვის ასეთია ანალოგიურ შემთხვევებში.
როდის მოხდება ეს, რა ფორმით და რა სიტუაცია იქნება ამ აფეთქების შემდეგ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით იმას, რომ აუცილებლად ასე იქნება“, – წერს დავით ზურაბიშვილი.
paraleli პოლიტიკა